ნიცაში ვიზიტმა მედვედევის პარანოია გამოავლინა
ფრანგულ გაზეთ Nice-Matin-ის აზრით, ნიცის სამიტმა მედვედევის პარანოია გამოავლინა. ამის დასტურად გამოცემა მოსკოვიდან ნიცაში ბრონირებული მანქანების ჩაყვანას, ყველა მიღებაზე დეგუსტატორების ყოფნასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადამეტებულად ძლირი ზომების გატარებას ასახელებს.
გაზეთის მტკიცებით, ნიცაში მედვედევის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ზომები მიიღეს.
სრულ მზადყოფნაში იყვნენ ელიტური სნაიპერები; ქიმიური და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფები; ”ფე-ეს-ბე”-ს აგენტები საბუთებს უმოწმებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას; დეგუსტატორთა ჯგუფები, რომლებსაც ”რუსეთის ფედერაციის ახალი მეფის” მოწამვლის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება ევალებოდათ.
გამოცემის ინფორმაციით, ნიცაში მედვედევის ვიზიტს სულ მცირე ”ფე-ეს-ბე”-ს 23 აგენტი ამზადებდა. მათ თავაზიანი უარი უთხრეს ფრანგულ დიპლომატიურ სამსახურს საფრანგეთის საგარეო უწყების მანქანების გამოყენებაზე.
მედვედევის ვიზიტის დროს მოსკოვიდან ნიცაში 17 თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც 17 ბრონირებული მანქანა ჩაიტანეს. გაზეთი ასკვნის, რომ ვიზიტის ორგანიზატორებს ფრანგი კოლეგების მიმართ არავითარი ნდობა არ გამოუმჟღავნებიათ.
გაზეთი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მედვედევს მხოლოდ ორი შეხვედრა ჰქონდა ნიცაში - სადილი სარკოზისთან და შეხვედრა ქალაქის მერიაში, ”ფე-ეს-ბე”-ს აგენტები ქალაქის ქუჩებში ისე იყვნენ განლაგებული, თითქოს მედვედევს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის ქუჩებში უნდა გაევლო.
აგენტებმა ნიცას მერზე მონაცემების მიწოდებაც მოითხოვეს, ვინაიდან მერიაში დაგეგმილ მიღებაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მეტიც, მათ ყოველი შემთხვევისთვის ყველა მოქალაქეს გაუსინჯეს საბუთები იმ გზაზე, სადაც, სავარუდოდ, მედვედევს უნდა გაევლო.
- ”რუსეთის წარმომადგენლები არ ერიდებიან, რომ მათი საქციელი რუსეთის სახელმწიფოში არსებულ ფსიქოზზე მიუთითებს და სასაცილოდ მიიჩნევა. აგენტ-დეგუსტატორებმა ყველა კერძი პირადად დააგემოვნეს. ასე რომ, რომელიმე კერძში საწამლავის, მით უმეტეს ახლა უფრო მოდური პოლონიუმის მოხვედრა, გამორიცხული იყო”,- წერს ფრანგული გაზეთი.
