მედიატორის” პროცენტნახევრიანი შანსი ”ოსკარზე
სცენარის ავტორები არიან აკა მორჩილაძე და თავად ფილმის რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე, რომელიც ფილმში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლსაც ასრულებს. საბოლოო ჯამში ამ ეპიზოდურ როლზეა აგებული ფილმის სიუჟეტი.
ფილმის დასაწყისშივე მაყურებელი შემაძრწუნებელი აგრესიის მოწმე ხდება, როდესაც ნუცა კუხიანიძის პერსონაჟი, ახალგაზრდა ორსული გოგონა დაუნდობლად გამოსჭრის ყელს მძევალს. ფილმის ნახვისას თავისთავად გიჩნდებათ შეგრძნება, რომ მკვლელი დედის ნაყოფი უკვე დანაშაულის მონაწილეა, რომ ადამიანები სასტიკ გარემოში ცხოვრობენ და მათდაუნებურად ყველა დანაშაულის მონაწილეა.
ორი პირაკრული უცხოელი მძევალიდან ერთი ქართველი აღმოჩნდა. გამტაცებლების აგრესიასაც სავარაუდოდ ეს ფაქტორი იწვევს და მას დაუნდობლად უსწორდებიან. თუმცა, მომავალი დედის აგრესიის საფუძველი გაუგებარი რჩება ფილმის ბოლომდე. უფრო მეტიც, ამ პერსონაჟის ტრაგიკული დასასრული ფილმში უმნიშვნელო ეპიზოდით ხდება.
ორსული ქალის სინატიფისა და მშვენიერების დარმსხვრევით რეჟისორი ცდილობს მაყურებელს დაანახოს, რომ ბოროტება დღეს არ მთავრდება, ის გრძელდება თაობებში და მხოლოდ ერთი რომელიმე ეპოქის პრობლემა არ არის.
- ”ჩვენს გარშემო უცნაური ბინძური თამაშები მიმდინარეობს. ჩვენს გვერდით არიან მედიატორები - ხალხი, რომლებიც ყველაფერს ჰყიდიან, ინფორმაციდან დაწყებული ადამიანობით დამთავრებული. მინდოდა მეჩვენებინა ეს ხალხი, რა იმალება მათ უკან? მედიატორებმა არ იციან ვის ემსახურებიან,” - ამბობს ფილმის რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე.
მისი თქმით, ფილმში არის ბევრი კითხვა და არც ერთი პასუხი, რადგან პასუხები არ არსებობს და არც ის ხალხი არსებობს ვინც ამ კითხევზე ჩვენს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებდა. ალბათ, ამიტომ ჩააყენა რეჟისორმა გიორგი ნაკაშიძის გმირი ერთობ გაურკვეველ სიტუაციაში.
ტლანქი და უხეში ქართველი გამომძიებელი, რომელიც იდეაში თავისი საქმის უაღრესად დიდი პროფესიონალია, ვერ გაართმევს თავს თბილისში ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოძიებას. ამაში მას ვერ წარმოსახვის უდიდესი უნარის ქონა ეხმარება.
გიორგი ნაკაშიძის გმირი მოწმეთა ჩვენებების მოსმენისას ლამის ზედმიწევნით წარმოიდგენს იმას, თუ რა ვითარებაში და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო დანაშაული, მაგრამ შერლოკ ჰომსობა დიდხანს არ გრელდება და მაყურებელი ფილმის ბოლოს მას ერთ-ერთი მოწმის, რუსი მეძავის მკლავებში ხედავს.
რეჟისორმა სიმარტივედ მიიჩნია, რომ ფილმის ყველა გმირისათვის თავისი სახელი დაერქმია და მაყურებლისათვის მათი ვინაობები განემარტა. უპასუხოდ რჩება კითხვები: ვინ რომელი უწყების თუ კრიმინალური ბანდის წარმომადგენელია, ან საიდან ჩამოვიდა ეს უცხოელი ჟურნალისტი და რა არის ჩაწერილი კომპიუტერის დისკზე, რომელშიც ქართველმა მედოატორებმა უაზროდ დიდი თანხა გადაიხადეს.
გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ფილმი ”მედიატორი” გააკრიტიკეს სრულიად ზედმეტი და არაფრისმთქმელი ეროტიული ეპიზოდების გამოც. ლამაზმანი მეძავის როლს ფილში რუსი მსახიობი ვიქტორია ისაკოვა ასრულებს, რომელიც ფილმის ქართველი გმირი ქალებისაგან განსხვავებით თავს აღწევს წუმპეს და ბრილიანტის თვლებით ”დაჯილდოვებული” საქართველოდან გაურკვეველი მიმართულებით მიემგზავრება.
აგრესიული ორსული გოგონა და მსახიობ მარიკა გიორგობიანის პერსონაჟი, ინერტული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული შვილმკვდარი ქართველი დედა, კვლავ აგრესიულ და მძიმე რეალობაში რჩებიან.
ჟურნალისტებს მხედველობიდან არც ის გამოგვპარვია, რომ მორგში გადაღებულ ეპიზოდში, კადრში მკვდარს თვალები უხამხამებდა.
- ”ჩვენ გვინდა ქართულ ფიმში კარგი მკვდარი ვნახოთ და არა მკვდრის იმიტაცია”, - ასეთი ”არაჩვეულებრივი” სურვილი გამოითქვა დღევანდელ პრეს-კონეფერენციაზე ქართული მედიის წარმომადგენელების მხრიდან.
ფილმის მთავარი ღირებულება მსახიობების არტისტიზმი და მაღალი პროფესიონალიზმია. ”მედიატორში” ერთ-ერთ წამყვან როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. როგორც რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე აცხადებს, ნინიძეზე არჩევანი იმის გამო არ შეუჩერებია, რომ იგი ევროპაში მოღვწეობს და უცხოელი კინემატოგრაფისტებისათვის ცნობილი მსახიობია. ”ყოველთვის მინდოდა მერაბთან ერთად მემუშავა, ეს როლი კი მან საუკეთესოდ შეასრულა”, - ამბობს რეჟისორი.
2008 წლის საუკეთესო ფილმებისათვის ”ოსკარის” მინიჭების 81-ე ცერემონიალი მომავალი წლის 22 თებერვალს გაიმართება. ერთი თვით ადრე კი, 22 იანვარს ოფიციალურად დასახელდება ამერიკული კონოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაში შერჩეული ფილმები. ”ოსკარის” ნომინაციაში ”საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” მოსახვედრად წელს სწორედ სტუდია სანგუკო-ს ფილმი ”მედიატორია” წარდგენილი.
