ნატო საქართველოს პერსპექტივის მკაფიოდ განსაზღვრისთვის ლიდერის ფუნქციას რეალურად იღებს
საქართველოსათვის ნატო-ს 54-ე ასამბლეის შედეგების მნიშვნელობასა და ქართულ მედიაში ეკონიმიკურ საკითხებში პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის მიერ გამოთქულ ზოგიერთ მოსაზრებებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით საქართველოსთვის ნატო-ს 54-ე ასამბლეის შედეგებს?
- ნატო-ს ასამბლეისგან საქართველომ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი მესიჯები მიიღო. საინტერესო მესიჯებია ყველა მიმართულებით - ევროპისკენ, რუსეთისკენ, დაეჭვებულებისთვის, თავდაჯერებულებისთვის. . .ნატო საქართველოს პერსპექტივის მკაფიოდ განსაზღვრისთვის ლიდერის ფუნქციას რეალურად იღებს, რაც, ჩემი აზრით, მაინც არ ნიშნავს ღია გზას საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში შესასვლელად. მიუხედავად ამისა, ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატო არ საუბრობს რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ყველა მუხლის შესრულებაზე. ასამბლეიამ მკაფიო დასკვნა გააკეთა და, იმავე ევროკავშირისგან განსხვავებით, არ წავიდა რუსეთთან ურთიერთობების განახლებასა და დათმობაზე.
სიმწვავე რომ რეალურად არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ასახულია ნატო-ს პოზიციაში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროკავშირიც ნატო-ს თანაბარი მუხტით იყო გამსჭვალული საქართველოში მომხდარის გამო, მაგრამ ნატო უფრო ამერიკულ გავლენათა სფეროში მოიაზრება, ვიდრე - ევროპული გავლენებისა. ამჯერად ნატო-ს ასამბლეამ გაახმოვანა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ხედვა ალიანსის სამომავლო განვითარების მიმართ. ის, რომ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ნატო-ს სამ ძირითად გამოწვევაში საქართველოს საკითხი დაასახელა, ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული მესიჯია.
ჩვენ, როგორც ქვეყანა, უნდა ვიყოდ მზად და, შესაბამისად, ადეკვატურ სიმაღლეზე, რომ გავამართლოდ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან ასეთი ავანსი და ისიც არ შევარცხვინოთ რაიმე ტიპის დაუფიქრებელი ქვედებებით. ახლა მთავარია, მასაც არ ავაღებინოთ ხელი საქართველოსთან კეთილი დამოკიდებულების სურვილზე.
თქვენი აზრით, ევროკავშირი რუსეთისადმი უფრო ლოიალური რატომ აღმოჩნდა, ხოლო ნატო გაცილებით მკაცრი და მომთხოვნი?
- ნატო უფრო კონსოლიდირებული ორგანიზაციაა, ვიდრე - ევროკავშირი. ნატო-ს მისწრაფებები და საქმიანობის სფერო დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან და უფრო მკაფიო სისტემა გახლავთ.
ევროკავშირის წევრ 27ქვეყანას ევროკავშირის სისტემაში დამოუკიდებლობის ხარისხი მეტად აქვთ შენარჩუნებული, ვიდრე ნატო-ში. ეს განაპირობებს საკუთარი ინტერესების დაცვისა და საკუთარი ხედვის გამოხატვის დივერსიფიცირების ფართო საშუალებას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ალბათ საკუთარი ტაქსმეიერების (გადასახადის გადამხდელების) ინტერესებზე არიან დამოკიდებული. როდესაც იმ კვლევების შედეგად, რაც მიმდინარეობს ბოლო თვენახევრის განმავლობაში, იცვლება დამოკიდებულება აგვისტოს მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი, ცხადია, ევროპის მოსახლეობა უფრო კრიტიკული ხდება მთლიანად საქართველოს მიმართ და ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს საქართველოსთვის იმ დოზის დახმარების აუცილებლობაში, რისთვისაც მზად გახლდათ ევროპა, თუნდაც, აგვისტო-სექტემბერში.
ასამბლეის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს მოვლენებამდე ქართულ სოფლებზე გაძლიერებული იერიშები იყო მიტანილი, რაც, გარკვეულწილად, ამსუბუქებს საქართველოს ხელისუფლების შემდგომ მოქმედებას. . .
- ქართული მხარე ორიენტირებული უნდა იყოს იმ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა. სხვის მზაკვრობასა და ვერაგობას საკუთარ შეცდომად ვერ ვაღიარებთ. ამ ობიექტურობისკენ მოუწოდებს ნატო ყველას, მათ შორის - საქართველოს. ის, რომ სოხუმი და ცხინვალი 1992 წლიდან არის ოკუპირებული, ამაზე პასუხისმგებლობას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აიღებს.
რუსეთი თავისი პროპაგანდით კი ცდილობს, თუ სადმე გაუვიდა, განავითაროს მომხდარში საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობის თემა, მაგრამ ჩვენ იმ რეალობაში უნდა გავარკვიოთ ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც სიმოვნებით იღებენ აგვისტოს მოვლენების რუსულ ვერსიებს. მაღელვებს აგვისტოს მოვლენებზე საერთაშორისო კომისიის მუშაობის ერთწლიანი ვადისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. მგონი, ამის მეათედ ფასად რუსეთისა და საქართველოს მხრიდან ყველა თვითონ აღიარებდა საკუთარ ცოდვას კონფლიქტის გაჩაღებისთვის.
რამდენად იზიარებთ ეკონომიკურ საკითხებში პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის მიერ ქართულ მედიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში არსებულ სტატუს-კვოს შეეგუა და ევროკავშირის მიერ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა ”მეორე მიუნხენია”. . .
- ჩემთვის უდავოა, რომ ბატონი ილარიონოვი ბევრად უკეთ ერკვევა რუსეთის მზაკვრობის პოტენციალში, ვიდრე - ნებისმიერი ჩვენგანი, ”მიუნხენამდე” შორია და ღმერთმა არ ქნას, მიგვიყვანოს ევროპასთან ასეთ დამოკიდებულებაში.
ასეთი აზრი, შეიძლება, გაჩნდეს ისეთ წრეში, რომელსაც მიაჩნდა, რომ ცაში გაისვრის და მერე მათ მაგივრად ევროპელები მოიგებდნენ ომს. რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ ევროპა აგრძელებს თანამშრომლობას რუსეთთან, შეიძლება, იყოს ვინმესთვის საწყენი, მაგრამ ეს არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც საქართველოს ღალატი. ეს შეიძლება იმ წრისთვის იყოს სასიამოვნო, რომელიც ბევრად უფრო ხალისით ლაპარაკობს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია რუსული ეკონომიკა და ხელს არ ანძრევეს, რათა საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღდეს
