ობამას საგარეო პოლიტიკა - არჩევანი ოთხს შორის
არსებობს მესამე თვალსაზრისი, რომ მსოფლიო პოლიტიკა საერთოდ არ იგეგმება, უბრალიდ ის ხორციელდება სპონტანური მოქმედებათა სახით, რომლებიც წარმოადგენს რეაქციას მომხდარ ფაქტებზე. არსებობს სხვა თვალსაზრისებიც, თუმცა ჩვენი ამოცანა არა თვალსაზრისების აღნუსხვაა, არამედ პასუხი კითხვაზე, როგორ იგეგმება პოლიტიკა.
რასაკვირველია, საკითხს, რომელზეც ზღვა ოდენობის სამეცნიერო შრომები დისერტაციები და მემუარები არსებობს, ჩვენ მხოლოდ ძალიან ზედაპირულად შევეხებით. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ დაგეგმვას აქვს რიგი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები.Aაქამდე მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოიყოფოდა ოთხი საბაზისო კონცეფცია, რომელთა მეშვეობითაც აშშ განიხილავდა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას, ამუშავებდა მისი კვლევის მეთოდებს და სათანადო რეკომენდაციებს. ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციებით არსებობს ოთხი ასეთი საბაზისო კონცეფცია:
• ლიბერალური ინტერნაციონალიზმი (ამერიკული გაგებით ”ინტერნაციონალიზმი” გულისხმობს აქტიურ საგარეო პოლიტიკას და არა იმას, რასაც კომუნისტები უწოდებდნენ ”ინტერნაციონალიზმს”);
• პოლიტიკური რეალიზმი;
• ნეოლიბერალიზმი;
• კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი;
ლიბერალური ინტერნაციონალიზმი გულისხმობს სწრაფვას ისეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის შექმნისკენ, რომლებიც მოახდენენ კონფლიქტების პრევენციას და უზრუნველყოფენ დავების სამართლიან გადაწყვეტას. Aამ კონცეფციის ბაზას წარმოადგენს შეხედულება, რომ პრინციპში ამქვეყნად შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ვითარება, როდესაც ”თხა და მგელი ერთად მოძოვენ”. აქეთ მივყავართ მსოფლიო ეკონომიკის და ვაჭრობის განვითარებას და მსოფლიო დონეზე განხორციელებულ მოდერნიზაციას.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ კონცეფციამ და მისმა მეთოდებმა არ გაამართლეს. ამ დოქტრინის მთავარ მიმდევრს, პრეზიდენტ ვილსონს (სხვათა შორის ობამამდე ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ჰქონდა უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობის გამოცდილება) ჯერ პირველ მსოფლიო ომში მოუწია ჩაბმა, შემდეგ კი ძლივს მიაღწია ერთა ლიგის შექმნას, რომელსაც სამართლიანობის და თხის და მგლის ერთად ძოვის პრინციპები უნდა გაეტარებინა ცხოვრებაში. მაგრამ რად გინდა - ერთა ლიგაში შესვლაზე უარი თავად ამერიკის სენატმა განაცხადა.
პროექტი დაიმსხვრა, ერთა ლიგას რაც მოუვიდა, საყოველთაოდაა ცნობილი. ჯერ მგელმა იტალიამ ცხვარი ეთიოპია შეჭამა, შემდეგ მგელმა იაპონიამ ცხვარი ჩინეთი და ერთა ლიგამაც სული განუტევა. ამიტომ ლიბერალურ- ინტერნაციონალისტურ დოქტრინას პერიოდულად იხსენებენ იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის საბაზისო კონცეფცია.
პოლიტიკური რეალიზმის საბაზისო კონცეფცია ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჰანს მორგენთაუმ შეიმუშავა ლიბერალური ინტერნაცინალიზმის კრახის, დიდი დეპრესიის და მსოფლიო კრიზისის პირობებში. პოლიტიკური რეალიზმი ამოდის იქიდან, რომ იდეალური წყობა არასოდეს მიიღწევა, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში უნდა ამოვიდეთ არსებული რეალიებიდან და ყოველთვის გავითვალისწინოთ ძალის და ინტერესის ფაქტორი. ისინი საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე იდეალები ან ღირებულებები. ამ უკანასკნელის გათვალისწინება რეალური პოლიტიკის დაგეგმვისას არც კი ღირს.
მარტივად რომ ვთქვათ, რაც არ უნდა ვქადაგებდე სამართლიანობას და ძმობას, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ძლიერი, ”ცუდი ბიჭი”, რომელიც ამ იდეალებს მასხარად აიგდებს. შესაბამისად, მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ როგორც პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი (არ შეგვეშალოს მის სიძეში, აგრეთვე პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტი) იტყოდა ”დიდ ხელკეტი” მაინც მზად უნდა გქონდეს.
ნეოლიბერალისტური კონცეფცია უარს ამბობს ლიბერალური ინტერნციონალიაზმის პრინციპზე, რომ მორალით და დიპლომატიით მიიღწევა იდეალური სამართლიანობა და, შესაბამისად, რეალიზმისგან იღებს ძალის ფაქტორის გათვალისწინების აუცილებლობას.
პოლიტიკური რეალისტების მსგავსად ნეოლიბერალებიც ამბობენ, რომ ”რეალობა” გვიდგენს რაღაც საზღვრებს, რომლის იქითაც პოლიტიკოსს არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია, გარდა რეალობასთან შეგუებისა და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებისა.
ამიტომ, მიუხედავად მათვის დამახასიათებელი იდეალიზმისა, ნეოლიბერალები გულის სიღრმეში მაინც აღიარებენ, რომ გარემოებები უფრო განსაზღვრავენ ადამიანს, ვიდრე პირუკუ. თუმცა, ნეოლიბერალიზმი მაინც თვლის, რომ მსოფლიო წესრიგი იდეალებს და ღირებულებებს უნდა ემყარებოდეს და აგებულ უნდა იქნეს რაღაც გონივრულ პრინციპებზე, ინტერესთა შესაბამისობაზე და არა მხოლოდ ძალის ბალანსზე.
ამგვარი პოლიტიკის ელემენტები შეიძლება მოიძებნოს ფრანკლინ რუზველტთან, რომელიც ერთდროულად აწარმოებდა ომს ტოტალიტარულ სახელმწიფოთა ნაწილთან (გერმანია, იტალია, იაპონია), ქმნიდა გაეროსაც და ამავდროულად ახერხებდა რაღაც ბალანსის მიღწევას სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან - სსრ კავშირთან.
ნეოლიბერალიზმის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ კლინტონის პოლიტიკაც, რომელიც ემყარებოდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა სივრცის განვრცობასაც (ნატოს გაფართოება) და ძალის გამოყენებასაც (ბალკანეთში). იგივე კონცეფცია შეიძლება განხილულ იყოს როგორც კენედის პოლიტიკის ბაზისი.
მეოთხე საბაზისო კონცეფციის - კონსერვატული ინტერნაციონალიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ტრუმენი და რეიგანი. ამ კონცეფციას პოლიტიკური რეალიზმისაგან განასხვავებს ის, რომ თვლის: პოლიტიკა ღირებულებებზე, პრინციპებსა და სამართლიანობას უნდა ემყარებოდეს და არა შიშველ ძალასა და ცინიკურ პრაგმატიზმს.
ამით კონსერვატული ინტერნაციონალიზმი თითქოს ჰგავს ორივე ლიბერალურ კონცეფციას. მაგრამ, ჯერ ერთი, კონსერვატიზმი საგარეო პოლიტიკას სულ სხვა სახის ღირებულებებზე ამყარებს ვიდრე ლიბერალიზმი. ამას გარდა, მას ნეოლიბერალიზმისაგან განასხვავებს ის, რომ კონსერვატორები თვლიან: ადამიანის თავისუფლებამ პრინციპში შეიძლება დაძლიოს ყველა გარემოება, რომ ”რეალიზმი” პირობითი რამაა და მასთან შეგუებამ ოპორტუნიზმის სახე არ უნდა მიიღოს.
რეიგანს ნეოლიბერალებიც, ლიბერალ-ინტერნაციონალისტებიც და პოლიტიკური რეალიზმის წარმომადგენლებიც ბრალად სდებდნენ იმას, რომ რეიგანი ანგარიშს არ უწევს ”რეალობას” და იმის ნაცვლად, რომ მას შეეგუოს, უტოპიურ მიზანს - კომუნისტური საბჭოთა კავშირის დამარცხებას ისახავს მიზნად. ისტორიამ ამ კითხვას პასუხი გასცა და აჩვენა, რაოდენ მყიფეა ”რეალიზმის” საზღვრები.
თუმცა, კონსერვატორი ინტერნაციონალისტები (მათი ლიბერალი კოლეგების დარად) სახავენ რა მიზნად თავისუფლების საყოველთაო გავრცელებას, მაინც უწევენ ანგარიშს რეალობას. კონსერვატული ინტერნაციონალიზმი ღირებულებებიდან გამომდინარე აღიარებს რა თავისუფლების გავრცელებას ძირითად მიზნად, იზიარებს პოლიტიკური რეალიზმის დაწესებულ შეზღუდვებს. ის აღიარებს, რომ თავისუფლების ყველგან და ერთდროულად გავცელება შეუძლებელია.
თავისუფლება, კონსერვატორთა აზრით, ჯერ უნდა გავრცელდეს იმ ხალხებსა და სახელმწიფოებში, რომლებიც მზად არიან ამისათვის. ეს ხალხები და სახელმწიფორები, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოთა უშუალოდ მეზობელ სივრცეში მდებარეობენ. შესაბამისად, თავისუფლების განვრცობა ეტაპობრივი პროცესია და თავისუფლების ექსპორტირება იქ, სადაც ამისათვის აუცილებელი პირობები არ არსებობს, არა მხოლოდ სულელურია, არამედ მავნე.
კონსერვატული ინტერნაციონალიზმის თანახმად, ღირებულებებზე დამყარებული პოლიტიკა გულისხმობს თავისუფლების გავრცელებას იქ, სადაც ეს შესაძლებელია, თავისუფლების გავრცელებისკენ მზაობის ჩამოყალიბებას იქ, სადაც ამის პირობებია, თავისუფლების უარმყოფელთა ძალით შეკავებას და ამ საქმეში თანამშრომლობას იმ ძალებთანაც კი, რომლებიც არ იზიარებენ დემოკრატიის პრინციპებს.
როგორი იქნება ობამას საგარეო პოლიტიკის კონცეფტუალური საფუძველი? აქ მას ველოსიპედის გამოგონება არ დასჭირდება. საბაზისო კონცეფცია შედგენილი იქნება კონსერვატული ინტერნაციონალიზმის და ნეოლიბერალიზმის საბაზისო დებულებებიდან. ამ კონცეფციის თანახმად, პოლიტიკა დაემყარება ღირებულებებს და ზომიერად გამოიყენებს ძალას ამ ღირებულებების სადარაჯოზე.
გარდაქმნები გლობალური იქნება, მაგრამ ყველგან სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მეთოდებით განხორციელდება. თავისუფლების გავრცელება არ მიიღებს უმცროსი ბუში დამახასიათებელი უტოპიის სახეს. არ ექნება ადგილი მცდელობას დემოკრატიის აშენებისა იქ, სადაც ამისათვის არავითარი პირობები არ არსებობს (ამ პუნქტს განსაკუთრებულობას ხაზს უსვავს ბჟეზინსკი, რომელიც ობამას ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველია. პოლიტოლოგს საბუთად მოჰყავს ერაყი, ავღანეთი და თურქმენეთი).
თუმცა, ეს არ შეუშლის საერთო ინტერესების ფარგლებში ამ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას (რეიგანს დემოკრატიის რწმენა და მისი განვრცობის სურვილი სულ არ უშლიდა ხელს კომუნისტების წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ დემოკრატულ რეჟიმებთან ეთანამშრომლა). ამავე დროს, თავისუფლება გავრცელდება და განმტკიცდება იქ, სადაც ეს რეალურად შესაძლებელია (აქ მითითება ძირითადად ხდება ინდოეთზე და ევროკავშირის მიმდებარე სივრცეზე, რასთან დაკავშირებით ხშირად სახელდება თურქეთი).
