NATO-ში როდის მიგვიღებენ ამას ”მერე” გვეტყვიან
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სევილიაში, NATO-საქართველოს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ინტეგრაციის გზაზე, ბარიერების მოხსნაზე იმუშავებს. ასეთი კი როგორც ჩანს, ძალიან ბევრი დაგროვდა. რუსეთის წინააღმდეგობას და ევროპის სიფრთხილეს, ტერიტორიულ პრობლემებს და დემოკრატიული რეფორმების არასაკმარის ტემპს - ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მთავარი ლობისტი აშშ-ც კი, ამ ეტაპზე ანგარიშგასაწევ ფაქტორებად თვლის.
უფრო მეტიც, დენიელ ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების მხარდაჭერის საკითხიც წამოიწევს. არა და, რეფორმირებული არმია, ხომ სააკაშვილის ხელისუფლების ერთერთი წარმატებული პროექტი იყო, ყოველ შემთხვევისთვის ომამდე მაინც.
შეერთებულ შტატებს სურთ, რომ NATO-ს გაფართოების გეგმა მოქმედებაში იყოს, მაგრამ ევროპელ პარტნიორებთან უთანხმოებების დაფიქსირებას, აშშ არჩევს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პროცესი გაურკვეველი ვადით გადაავადოს.
პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე თვლის, რომ რაღაც ახალი ფორმატი შესაძლებელია NATO-მ შექმნას ერთჯერადად, სპეციალურად ჩვენთვის, სწორედ იმისათვის, რომ არსებული პრობლემების გამო არ მოხდეს წყვეტა, არ შეიქმნას ვაკუუმი.
-” როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ ”MAP”-ი ვერ დავიმსახურეთ, ”YPAP”-ის პროგრამა კი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. რაღაც ახალის მოფიქრებაა საჭირო და უკეთესი იქნება ჩვენთვის ეს, თუ უარესი, მხოლოდ მაშინ მივხვდებით, როცა გაცხადდება ვადები, ანუ როდის მიგვიღებენ. NATO ქმედითი და დამოუკიდებელი ორგანოა და თუ ჩათვალა, რომ ასეა საჭირო, შეიძლება ხვალ დილითაც გაგვაწევრიანოს თავის რიგებში, ან შესაძლოა პროცესი უსასრულოდ გაიწელოს.”
მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ახალი ფორმატი იქნება უბრალო ჟესტი, იმისა რომ საერთაშორისო საზოგადოებას სურს საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე იდგეს.
-”MAP-ს რომ ვერ მივიღებთ უახლოეს მომავალში, ეს ნათელია. რაღაც საკომპენსაციოდ იქნება შემოთავაზებული, თუმცა ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობის არ იქნება. დასავლეთს ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და საერთოდ დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის თვალსაზრისითაც.
განსაკუთრებით საყურადღებო ამ შემთხვევაში ამერიკის თავშეკავებული პოზიციაა. ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები რომ ხედავდნენ აგვისტოს მერე მაინც, გამოცხადებული ე.წ. ”დემოკრატიზაციის ახალი ტალღის” ქმედითობას, ისევე აქტიურად ეცდებოდნენ ჩვენს მხარდაჭერას, როგორც ბუქარესტში.” - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სასიხარულოდ, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, გერმანია-საფრანგეთისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების პოზიციები უფრო დაახლოვდა და დაახლოვდა ჩვენთვის საზიანო საკითხში. საეჭვოა, რომ აშშ-ს ადინისტრაციის პოზიციის ცვლილების ფონზე, სხვა ტრადიციულმა მხარდამჭერებმა-ბალტიისპირა ქვეყნებმა, ან პოლონეთმა გამოიდონ თავი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დასაჩქარებლად.
სამოქმედო პროგრამის მინიჭების ნაცვლად, საქართველოს ბუქარესტში ერთხელ უკვე უთხრეს: - ”აუცილებლად მიგიღებთ”-ო. დეკემბერში, როგორც ჩანს, გვეტყვიან: -”თქვენ მაპის გარეშე მიგიღებთ. როდის? ამას მერე გეტყვით”. შიდა რეფორმების წარმატების შემთხვევაშიც კი, საეჭვოა პოლიტიკური ვითარება საქართველოს გარშემო კარდინალურად შეიცვალოს, ამიტომ ძალიან სავარაუდოა, რომ NATO-ს შემდეგ სამიტზე გვითხრან: -”ვნახოთ, ვნახოთ!”
