ეკონომიკური ჭაობი დიდი სისწრაფით იზრდება
მსოფლიო ეკონომიკური ჭაობი სულ უფრო ფართოვდება და უამრავ კომპანიას ითრევს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გაისად გაკოტრების ისეთი ტალღა იქნება, რომლის მსგავსიც დედამიწას არც ახსოვს და არც განუცდია.
2009 წელს კომპანიების რეკორდული რაოდენობა გაკოტრდება. ევროპაში 200 ათასი კომპანიის გაკოტრებაა მოსალოდნელი, თუმცა კომპანიებს ნამდვილი კოშმარი ამერიკაში ელით.
სავარაუდოდ, გაისად 62 ათასი ამერიკული კომპანია გაკოტრდება, წლეულს ეს რიცხვი 42 ათასი იყო, ხოლო შარშან - 28 ათასი. თუმცა, ეს მონაცემები იმასთან შედარებით, რაც ევროპას ელოდება, არაფერია, სადაც გაკოტრება მცირე კომპანიების უმრავლესობას ემუქრება.
კრიზისის ძირითადი მსხვერპლი ავტომწარმოებლები, რიტეილერები და საფეიქრო წარმოება გახდება. გაკოტრების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მომავალ წელს ვარაუდობენ, განსაკუთრებით ესპანეთში, ირლანდიასა და ბრიტანეთში.
მომავალ წელს, 2007 წელთან შედარებით, 4-ჯერ მეტი ესპანური კომპანიის გაკოტრდებას ელოდებიან. ირლანდიასა და ბრიტანეთში მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება. იაპონიაში გაკოტრების მაჩვენებელი 14 ათასიდან 17 ათასამდე მოიმატებს.
გაკოტრების ტალღა რომ უფრო აზვირთდება ამის ნიშნები უკვე არსებობს. ამერიკის უდიდესმა საგამომცემლო სახლმა TRIBUNE-მა ვალების გამო, შესაძლოა, გაკოტრების შესახებ განაცხადოს. ცნობილი გაზეთების, CHIKAGO TRIBUNE და LOS ANGELES TIMES-ის ბედი საფრთხის წინაშეა, რადგან მათი მფლობელი TRIBUNE-ია, რომლის ვალი 11,8 მლრდ დოლარს შეადგენს.
საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კომპანიამ ბანკროტად გაფორმებაში დახმარებისთვის საინვესტიციო ბანკს, LAZARD და იურიდიულ ფირმას უკვე მიმართა.
TRIBUN-ის ხელმძღვანელობა თავის მხრივ ინფორმაციას პოტენციური გაკოტრების შესახებ არ ადასტურებს.
- “ვითარება გაურკვეველი და რთულია. ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ნებისმიერ შესაძლებლობას განვიხილავთ”, - განაცხადა საგამომცემლო სახლის წარმომადგენელმა გერი ვაიტმანმა.
შარშან საგამომცემლო სახლი, რომელსაც რამდენიმე ცნობილიგამოცემა და ჩიკაგოს ბეისბოლის კლუბი ეკუთვნის, ინვესტორმა სემ ზელმა 8,2 მლრდ დოლარად შეიძინა.
გაზეთის ინფორმაციით, კომპანია ვალის პირობების გადახედვასთან დაკავშირებით ბანკებთან მოლაპარაკებებსაწარმოებდა, თუმცა უშედეგოდ.
ნოემბერში საგამომცემლო სახლმა განაცხადა, რომ 2008 წლის III კვარტალში მისი ვალები 11,8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, შარშან ვალი 9,4 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2008 წლის III კვარტალში TRIBUNE-ის ზარალმა, რეკლამიდან შემოსავლის შემცირების გამო 21, მლნ დოლარი შეადგინა.
კიდევ ერთი ნიშანი გლობალური და შეუქცევადი კრიზისისა ამერიკული ავტომშენებლობაა, რომელსაც საერთოდ გაქრობა ემუქრება. ასეთი მტკიცე აზრი გამოთქვა ეკონომიკის დარგში 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა.
კრუგმანი, რომელიც შეთავსებით “ნიუ იორკ თაიმსის” მიმომხილველია, ამბობს, რომ “ჯენერალ მოტორსის”, “ფორდისა” და “კრაისლერისთვის” ფედერალური დახმარების გამოყოფა მდგომარეობას მხოლოდ დროებით შეამსუბუქებს.
- “მთლიანობაში, აშშ-ის კონგრესის სურვილი, დაეხმაროს ავტოინდუსტრიას, აჩვენებს იმას, რომ კონგრესი არაა მზად მიიღოს მსხვილი სამრეწველო სექტორის განადგურების ფაქტი”, - ამბობს ნობელიის პრემიის ლაურეატი.
აშშ-ის დემოკრატიულ უმრავლესობასა და თეთრს სახლს, არაოფიციალური მონაცემებით, გადაწყვეტილი აქვს ავტოკონცერნების “ჯენერალ მოტორსის”, “ფორდისა” და “კრაისლერის” დახმარება. ფედერალური პაკეტის მოცულობა 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს იმ 34 მილიარდზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე კონცერნები სახელმწიფოსგან ითხოვდნენ
