ჩინელები მიუვალ ტყეებს გასაკაფად საბაგირო გზებით მიადგებიან
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებზე 11 დეკემბერს დანიშნული აუქციონი გადადო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროს წარმომადგენლები ახალი მინისტრის პირად ინიციატივას ასახელებენ, რომელმაც სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის დრო ითხოვა. აუქციონზე ერთდროულად 64 ლოტი უნდა გამოეტანათ, რაც ასი ათასობით ჰექტარ ტყეს მოიცავს - საქართველოს შეუფასებელი ბუნებრივი სიმდიდრის ძალიან დიდ ნაწილს ყველა რეგიონში.
ექსპერტები აუქციონების გადადების მიზეზად ინვესტორების ფაქტორსაც ასახელებენ. საერთაშორისო საფინანსო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა ფორმით გამოხატულმა პროტესტმა აუქციონს საკმაოდ ცუდი ფონი შეუქმნა და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვან რისკებთან დააკავშირა.
ამავე დროს, კულუარებში საუბრობენ, რომ ახალი მინისტრი, ლაშა ჟვანია გარემოს დაცვის სფეროში ბენდუქიძე-ჭეიშვილის კლანს დაუპირისპირდა. წინა მინისტრის, ეკა შარაშიძის გადაყენებითაც ბენდუქიძის გარემოცვა შეავიწროვეს. რამდენად რეალურია ეს ვერსია, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად ვცადეთ, გაგვერკვია, ვინ არის დაინტერესებული სარისკო ინვესტიციით და ვინ ყიდულობდა სალიცენზიო პაკეტებს, რომელიც სატყეო კოდექსით დადგენილ ნორმებსაც კი ეწინააღმდეგება.
გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები აუქციონზე უკვე მეოთხედ გამოდის. პირველი აუქციონი 2007 წლის 1 მაისს ჩატარდა, ორი კი - 2008 წლის 7 და 8 ოქტომბერს. ამ უკანასკნელზე ადიგენისა და ოზურგეთის სატყეო უბნებში ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამოცხადებული აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა, მარტვილის ტყეებზე - განაცხადი საერთოდ არ შემოსულა, დანარჩენი 7 ლოტი კი (ჩოხატაური, ბაღდათი, ვანი, თიანეთი, ახმეტა, თელავი) ქართულ-ჩინურმა კომპანიამ - ”ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ” შეიძინა და 19 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
როგორც ირკვევა, კომპანიას სატყეო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი - საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე და გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად ჭეიშვილი ხელმძღვანელობს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე იგივე კომპანიაში გარემოს დაცვის ინსპექციის მოქმედი უფროსი გოჩა გიგინეიშვილი და სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გურგენიძე გადავლენ. აღნიშნულ ინფორმაციას არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, თუმცა, ანონიმური წყაროს სანდოობა ახლო მომავალში გაირკვევა და იმედი ვიქონიოთ, რომ წინასწარ გავრცელებული ხმები არ გამართლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ცალსახა გახდეს, რომ რეფორმა, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება და მნიშვნელოვან საფრთხეებს მოიცავს, მაღალჩინოსნებმა საკუთარ თავზე მოირგეს.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, გათავისუფლებულ სახელმწიფო მოხელეებს სამსახურში შესვლის გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ. კანონის 65-ე მუხლის მიხედვით, გათავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე ”გათავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად”.
დამოუკიდებელი იურისტების განცხადებით, ”3 წლის მანძილზე” ამ ვადის ნებისმიერ მონაკვეთს ნიშნავს თუ მთლიან სამწლიან პერიოდს, ინტერპრეტაციის საკითხია. თუმცა, მეორე მნიშვნელობით გაგება, კანონს, ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ანიჭებს. მით უფრო საქართველოში, სადაც მინისტრები და სხვა ხელმძღვანელი პირები ერთი და იგივე თანამდებობაზე სამი წელი კი არა, ხშირად სამ თვესაც არ რჩებიან.
თავად ზვიად ჭეიშვილი კანონს ცალსახად მეორე მნიშვნელობით იღებს და აღნიშნავს, რომ ის სამი წლის განმავლობაში ამ უწყებას არ ზედამხედველობდა, ამიტომ კანონი არ დაურღვევია. ”ერთი წელი ვიყავი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, 11 თვე - დეპარტამენტის თავმჯდომარე, მანამდე ვიყავი მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დეპარტამენტი, მართალია, გარემოს დაცვის სამინისტროში შედიოდა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკის განმსაზღვრელი და არა, საზედამხედველო სამსახური. ამიტომ უფლება მქონდა, ამ სამსახურში გადმოვსულიყავი“, - აღნიშნავს იგი.
მიუხედავად ამგვარი არგუმენტისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ინტერესთა გადაკვეთა აშკარად სახეზეა. თუმცა ეს, კანონმდებლობასთან ერთადერთი შეუსაბამობა არ არის.
აუქციონების კანონიერების საკითხი
საქართველოს ტყის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ”ტყეთმოწყობა ხორციელდება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ (ათწლიანი ციკლით)”.
სალიცენზიოდ გამოტანილ უბნებში ტყეთმოწყობა 1997 წელს ჩატარდა. შესაბამისად, 10-წლიანი ციკლი დამთავრდა და ტყეების შემდგომი ექსპლუატაცია ტყეთმოწყობის სამუშაოების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. ხე-ტყის სარგებლობისთვის განსაზღვრული მოთხოვნები ტყეთმოწყობის სამუშაოების ჩატარების ვალდებულებას ლიცენზიანტს უყენებს და ამისთვის ვადასაც უწესებს. თუმცა, ლიცენზიანტს ხე-ტყით სარგებლობის უფლება ამ სამუშაოების ჩატარებამდეც ეძლევა. კერძოდ, სალიცენზიო პირობების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიანტი ვალდებულია, ”პირველი წლის რესურსის ასათვისებლად დადგენილი წესის მიხედვით, გამოყოს ტყეკაფი”.
ეს ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ტყის კოდექსს, რომლის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ”აკრძალულია საქართველოს ტყეებში ტყეთმოწყობის გარეშე ტყეთსარგებლობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება, სტიქიური უბედურების შემთხვევის გარდა”.
აღნიშნული კანონით, სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს თითონ ზვიად ჭეიშვილიც აპელირებდა. 2006 წელს გაზეთ ”ახალი ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ზვიად ჭეიშვილმა სამცხე-ჯავახეთის ტყეებისთვის მომზადებული სალიცენზიო პაკეტების კანონიერებაც ახსნა და ქართულ-ჩინურ კომპანიაზეც ღიად ისაუბრა: ”ინვენტარიზაცია 1997 წელს ჩატარდა. ამ დოკუმენტის მოქმედების ვადა 10 წელია. ფაქტობრივად, ეს არის ლეგალური წყარო, რომლითაც ვისარგებლეთ... რაც შეეხება ჩინელების გეგმებს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - მათი ფულია, მათი ბიზნესი და ამ ბიზნესსაც თვითონ გეგმავენ...
როცა ღია და მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატზე ვსაუბრობთ, აუქციონზე მონაწილეობის უფლებას ეროვნული ნიშნით ვერ განვსაზღვრავთ. სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ, აღნიშნული კომპანია კერძოა თუ სახელმწიფო. სამინისტრო ვერ ჩაატარებს მოკვლევას, ვინ დგას კომპანიის უკან და რამდენია მასში სახელმწიფოს წილი”.
ამ განცხადებების შემდეგ აუქციონი რამდენჯერმე ჩაიშალა და პირველი გრძელვადიანი ლიცენზიები თითქმის ერთი წლის დაგვიანებით გაიცა. თუმცა, თვითონ ჭეიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”ვინ დგას კომპანიის უკან და რამდენია მასში სახელმწიფოს წილი” - ეს საკითხი ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.
ახალი ტექნოლოგიები - ტყეების გასაკაფად
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ სპეციალური ლიცენზიები ”ლეგალური დოკუმენტის” გარეშე, წინასწარ შეუსწავლელად გამოიტანა, საქართველოს ტყეების მდგომარეობაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა მაინც ადვილია. ტყეები, სადაც გზებია შეყვანილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მათი შემდგომი მართვა, მოგების ნაცვლად, მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმ ტყეებში კი, სადაც ხე კიდევ შემორჩა, გზა საერთოდ არ შედის. ანუ, ეს მიუვალი, ბუნებრივად დაცული ტერიტორიებია, რომლის ათვისებაც რთული რელიეფისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო არ მოხერხდა.
ბუნებრივია, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებას უკვე იძლევა და ინვესტორიც სწორედ ასეთი ტყეებით თუ დაინტერესდება. ,,გზები არ არის, მთები ციცაბოა. ახლა ახალი ტექნოლოგია შევისყიდეთ, საბაგირო ტრასებს გავიყვანთ და ხეებს ასე მოვჭრით“, - აცხადებენ ,,საქართველოს ტყის გადამამუშავებლი კორპორაციის” წარმომადგენლები.
საბაგიროს მეთოდი, რომელიც ჩინელებმა წალენჯიხაში უნდა გამოიყენონ, ახალი არაა. ამ გზას ადრე ჯუნგლების გასაკაფად იყენებდნენ. ჩინელებმა საჭირო ტექნიკის შესაძენად 7 მილიონი ლარი ჩადეს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანია ამ თანხის ამოღებას მაქსიმალურად შეეცდება. საბაგირო ხელუხლებელ ტყეებსაც მიწვდება, მით უფრო, რომ ის სახელმწიფოს მიერ კანონიერად არის გაცემული და ვერ შეედავები.
”გაბახებული” ტყეები
თავის დროზე, კითხვაზე, რატომ გაიცა ხელშეუხებელი ტყეები, გარემოს დაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა ღია ეთერში განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა.
ამ საკითხების ადგილზე შესასწავლად შესაბამისობის სამეურვეო საბჭოს (ჩშჩ) ექსპერტები წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ჩავიდნენ, სადაც ქართულ-ჩინური კომპანია ხე-ტყეს ამუშავებს.
ადგილობრივი სატყეო სამმართველოს წარმომადგენლების (ბადრი ხაჩატურიანი, ირაკლი ბოკუჩავა) განცხადებით, ლიცენზიით გაცემულ ტერიტორიებზე ტყის ეკოლოგიური მდგომარეობისა და საკონსერვაციო ღირებულების თაობაზე წინასწარი კვლევები არ ჩატარებულა.
ლიცენზირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ხელუხლებელი (პირველადი) მაღალი სიხშირის (0,8-0,9-1 სიხშირე) წიფლნარები იჩეხება, რომელიც ზღვის დონიდან 1200-1600 მ. ფარგლებშია გავრცელებული. სალიცენზიო პაკეტებში შემავალ სხვა ტყეებზე, თავად სატყეო სამმართველოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია ერთ ხესაც ვერ მოჭრის, რადგან ეს ფართობები დეგრადირებულია და ტყე-კაფი ვერ გამოიყოფა. ამიტომ, კომპანიას ტყეკაფებში გზების შეყვანა უწევს და ყველა უბანი, სადაც ამჟამად ხე-ტყის მოპოვება მიმდინარეობს, სწორედ ქალწულებრივ ტყეებს წარმოადგენს.
გიორგი არაბული, ბიომრავალფეროვნების ექსპერტი, შესაბამისობის სამეურვეო საბჭო (CSC): ”მდ. ხობისწყლის მსგავსი ხეობები კოლხეთის რეფუგიუმის მესამეული პერიოდის რელიქტური სახეობების უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენს და ამ ტერიტორიაზე პირველადი ტყეების გაჩეხვა მათ საბოლოო გადაშენებას გამოიწვევს – რაც საქართველოს ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას ნიშნავს”.
ექსპერტების განცხადებით, შეიძლება 21-ე საუკუნემდე შემორჩენილი ხელშეუხებელი ტყეები სულ მალე ბუნებრივი კატასტროფების კერებად იქცეს. მთის დამრეცი ფერდობები, სადაც საავტომობილო გზები შედის და მძიმე ტექნიკა ინტენსიურად მოძრაობს, საბოლოოდ განწირულია შეუქცევადი ეროზიული პროცესების განვითარებისათვის, რასაც მძლავრი ატმოსფერული ნალექებისას პირველადი ტყეების გაჩეხვის შედეგად დარჩენილი ნიადაგის რბილი ზედაპირის ჩამორეცხვაც შეუწყობს ხელს.
