კარუსელზე მხოლოდ ვაჟიშვილები არიან
რა ხიბლი აქვს ”კარუსელს” უქალოდ
რევოლუციის შემდეგ ეს პირველი მთავრობაა, როცა მის შემადგენლობაში სუსტი სქესის წარმომადგენელი აღარ არის. ეკონომიკის მინისტრი კი უკანასკნელი მოჰიკანი აღმოჩნდა.
მისი წასვლით მინისტრთა კაბინეტში ქალების ერთი ”დიდი და ლამაზი ეპოქა” დასრულდა. მეორე როდის დაიწყება, ეს პრემიერმა მგალობლიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხებით უნდა გადაწყვიტოს. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით ასეა
ერთი სიტყვით, მთავრობის სხდომათა დარბაზის მრგვალ მაგიდას ახლა მხოლოდ მამაკაცები უსხედან და შეჭირვებული სახეებით ქვეყნის ნათელ მომავალზე მსჯელობენ. რამდენ ხანს გაგრძელდება ოდენ მამაკაცური მუსაიფი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პრეზიდენტი როდის რა ხასიათზე იქნება.
როგორც ამბობენ, არც ის არის გამორიცხული, მინისტრთა კაბინეტში მალე მორიგი ”კარუსელი” დატრიალდეს. თუკი პროგნოზები გამართლდება, შესაძლოა, რომელიმე ქალმა მოახერხოს კიდეც ამ ”კარუსელზე” აღმოჩენა.
- ”თუ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ქმედებები განხორციელდება, რომელიც სამართლიანობისა და სიცოცხლის ტენდენციით იქნება სავსე, მაშინ შესაძლოა, მთავრობაში ქალები ბუნებრივად დაბრუნდნენ”, - აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
რაც შეიძლება მეტი ქალი!
ის, რომ სააკაშვილის სამთავრობო გუნდში დღეს ქალი აღარ არის, დიდ გაკვირვებას იწვევს. მით უფრო, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან აქცენტს სწორედ ქალ პოლიტიკოსებზე აკეთებდა და აცხადებდა, მთავრობაში რაც შეიძლება მეტი მადილოსანი უნდა იყოსო.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ეს სურვილი ზედმიწევნით ასრულდა და რევოლუციის შემდეგ პირველ მინისტრთა კაბინეტში გენდერული ბალანსი დაცული იყო. მინისტრების პორტფელები სუსტი სქესის ოთხ წარმომადგენელს ეპყრა. რაც მთავარია, ამ დროს ქვეყნის მეორე პირიც ქალბატონი იყო.
ნანა ჩაჩუა: ”ბუნებრივია, როცა ახალი ხელისუფლება მოდის, ის ყველაფერს დაპირებებით იწყებს. თავად დაპირება, რომელიც ხშირად უფრო პიარის მატარებელია, არ ნიშნავს, რომ უნდა აღსრულდეს. თავდაპირველი მოქმედებები განცხადებების ადეკვატურია, სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველ მთავრობაში ქალები საკმაო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი. როდესაც ხელისუფლება თავისი რეალური მიზნების განხორციელებას იწყებს, თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს და ასეთ დროს ქალი მთავრობაში ნელ-ნელა უკან გადადის”.
სწორედ ასე მოხდა, საქართველოს შემთხვევაშიც. რევოლუციის შემდეგ გამოხდა ხანი, მინისტრი ქალბატონები ნელ-ნელა მამაკაცებმა ჩაანაცვლეს, ქვეყნის მეორე პირი ნინო ბურჯანაძე კი ხელისუფლებიდან წავიდა.
ქალების სეკვესტრი
რატომ მოჰყვნენ ქალები შემცირებაში, ამას თავისი ფსიქოლოგიური ახსნა აქვს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ამ კითხვაზე რომელიმე მამაკაცმა მარტივად უპასუხოს: პოლიტიკა ქალის საქმე არ არის და ქალებმა მთავრობაში ვერ გაამართლესო. თუ ხმამაღლა ამის თქმას მოერიდებიან, გულში მაინც გაიფიქრებენ.
ნანა ჩაჩუა კი ფიქრობს, რომ ”როცა ქვეყნის პოლიტიკა ძალაზეა ორიენტირებული, იქ უკვე ქალები ბუნებრივად ვეღარ იქნებიან. საერთოდ, ქალი ყოველთვის იმ სფეროშია პრიორიტეტული, ან მამაკაცსა და ქალს შორის ბალანსია დაცული, როდესაც საქმიანობა ძალაზე არ არის ორიენტირებული. თუ ხელისუფლება ძალაზე აკეთებს აქცენტს, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ მის რიგებში ქალი ნაკლები იქნება”.
ცხადია, რომ როდესაც მინისტრთა კაბინეტიდან მანდილოსნების გაშვება გადაწყდა, პრეზიდენტი და პრემიერი, ალბათ, ნაკლებად ფიქრობდნენ იმაზე, რომ ძალაზე ორიენტირებული პოლიტიკის პირობებში მთავრობაში ქალის ადგილი აღარ იყო.
- ”ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, ფიქრით არ მოდის, ეს ყველაფერი ირაციონალურ დონეზეა. ეს რაციონალურად არ წყდება. თავისთავად ხდება, რომ კაცი სანადიროდ თოფით მიდის და არა ყვავილებით, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დღეს მთავრობიდან სწორედ ქალები გაუშვეს”, - მიაჩნია ნანა ჩაჩუას.
აღიარებულია, რომ თუ ქვეყანა ომში არ არის ჩართული, ანუ მშვიდობიანობის ჟამს, ქალი ხელისუფალნი ბევრ საკითხს უფრო გონივრულად აგვარებენ, ვიდრე მამაკაცები. ასე რომ, ეფექტურობის ზღვარი ქალ-კაცობაზე ნამდვილად არ გადის.
საერთოდ, მსოფლიოში პოლიტიკოსი ქალების რიცხვი საკმაოდ მოკრძალებულია. უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფი ქალების მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა, თუმცა საგულისხმოა, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები მამაკაც კოლეგებზე მეტად წარმატებულები არიან.
ნანა ჩაჩუა: ”რა თქმა უნდა, იქ სადაც ძალა პრიორიტეტულია, ქალი ვერ გაამართლებს. ფსევდო-ქალი ფსევდო-ლიბერალურ პოლიტიკაში იქნება, მაგრამ ჭეშმარიტად ლიბერალური პოლიტიკის პირობებში ხელისუფლებაში იქნება უსათუოდ ქალი”.
ილუზია მართვად ქალებზე
სხვათა შორის, ბევრი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალებს რეალურად კაცებზე მეტი შანსიც კი აქვთ. ამის დასტურია საშუალო და წვრილი ბიზნესი, სადაც ქალები უფრო აქტიურები არიან. სუსტი სქესის წარმომადგენლები პოლიტიკაშიც ზუსტად იმდენის შემძლენი არიან, როგორც მამაკაცები. თუმცა იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ქალს რა ტიპის ქვეყანაში უწევს მოღვაწეობა.
- ”იქ, სადაც ძალა და რაიმე მუხანათური გზები ისახება, იქ ნაკლებად არის ქალი, რადგან ქალში პრიორიტეტულია დედობრივი ინსტინქტი. თავისთავად ვარდების რევოლუცია თავისი ტექნოლოგიით არაქალური იყო. ნინო ბურჯანაძე არ განახორციელებდა იმ ქალის გაგებას, როგორიც არის ლიბერალური პოლიტიკის დროს. როცა ქალები ასეთ რამეში მონაწილეობენ, მასში ძალიან ცოტაა ქალური”.
- ”დედობრივი ინსტინქტი ყოველთვის მოდგმის დაცვაზე, სიცოცხლის პრიორიტეტზეა ორიენტირებული. სათნოება თვითონ სიკეთეა, როცა პოლიტიკა არ არის ამაზე აგებული, მაშინ ქალები იქ ნაკლებია თავის თავად. იმ დროს, როცა არის ერთგვარი თამაში სათნოებისა და სამართლინობისა პოლიტიკაში, მაშინ ასევე მოთამაშე ქალები აღმოჩნდებიან პოლიტიკაში”, - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა.
ექსპერტებით თქმით, საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში ან მთავრობაში ქალებს თავისი კვოტა უნდა ჰქონდეთ, თავად ამ საზოგადოებას კარგად არ ახასიათებს. თუმცა, მართალია ისიც, რომ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდელური ბალანსის დაცვას ევროპის და მით უფრო სკანდინავიის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ. მათ კი ჩამორჩენილობას ვერავინ დასწამებს.
ფსიქოლოგების აზრით, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ პოლიტიკაში ქალის ადვილად მართვა შეიძლება. თუკი ვინმე მოინდომებს, რომ ქალებს მთავრობაში ასპარეზი სწორედ იმის გამო დაუთმოს, რომ შემდეგ ადვილად მართოს, აუცილებლად გაწბილდება. ხშირად ჩანს, რომ ქალებზე უფრო ადვილად სამართავი სწორედ კაცები არიან. თუ ქალმა მოინდომა, მას მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, კაცს ასეთი მედგარი ბრძოლა შეიძლება არც კი დასიზმრებია.
ქალი ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ მართვადი, მორჩილი და შემსრულებელია, მაგრამ მერე ურთიერთობას ისე ატრიალებს, რომ რეალურად თავად მართავს კაცს და ამ მორჩილებას, სიწყნარესა და დაქვემდებარებას იყენებს, როგორც იარაღს იმისათვის, რომ კაცი მართოს. ამიტომ არის, რომ ქალს კატას ადარებენ, ანუ იმას ვინც შეიძლება შენთან იყოს, მაგრამ არ დაგმორჩილდეს, თუ ამის სურვილი თავად არა აქვს.
