”შეერთებული შტატები ამ ხელშეკრულების გაფორმებას იმიტომ ჩქარობს, რომ საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას. თანაც ვაშინგტონში ამ ყველაფრის გაკეთება უნდათ ობამას გაპრეზიდენტებამდე, რომ ეს შავი საქმე ბუშმა მოაგვაროს და ობამბამ თეთრი ფურცლით დაიწყოს მედვედევთან ურთიერთობა. ამასაც თავისი პოლიტიკური დატვირთვა და გამართლება აქვს”, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ერთსულოვანია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებას პოზიტიურ ნაბიჯად განიხილავს. თუმცა პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან განსხვავებით საზოგადოებაში ამ საკითხს არაერთგვაროვნად აფასებენ. ამერიკასთან მოულოდნელი ხელშეკრულების გაფორმებამ ხალხის ნაწილს გაუჩინა კითხვები, ეჭვები და გარკვეული შიშიც კი, რომ ეს დოკუმენტი საქართველოსთვის არ იქნება იმ შედეგის მომტანი, რასაც პოლიტიკოსები ელოდებიან. ამ საკითხის გახმაურებასთან ერთად შემდეგი კითხვები გაჩნდა: რეალურად რას მოუტანს ეს ხელშეკრულება საქართველოს? ვის ინტერესებშია ამ ხელშეკრულების გაფორმება და რომელი მხარის ინტერესები უფრო იქნება გათვალისწინებული - საქართველოს თუ ამერიკის? განთავსდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები? ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თავის თავზე აიღებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაცვას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრის დაწყების შემდეგ ზოგიერთს ”გიორგიევსკის ტრაქტატიც” კი გაახსენა. ცხადია, საზოგადოების მიერ დასმულ ყველა ამ კითხვას აქვს არსებობის უფლება. მათგან ზოგიერთი შესაძლოა სრულიად აბსურდულიც კი იყოს, მაგრამ ვინაიდან კითხვა ჩნდება, მას პასუხიც უნდა გაეცეს. Presa.ge შეეცადა ამ საკითხებზე პასუხი ექსპერტებისგან მიეღო. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე არარეალურია, როცა ჩარჩო-ხელშეკრულებას ვინმე ”გიორგიევსვის ტრაქტატის” ანალოგიად განიხილავს. - ”შიში, რომ ”გიორგიევსკის ტრაქტატის” მსგავის რამ მოხდება, სრულიად გადამეტებულია. თუკი რუსეთი არის ჩვენი უშუალო მეზობელი, შეერთებული შტატები სხვა კონტინენტზეა და მას აბსოლუტურად სხვა მიზნები ამოძრავებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი. თორნიკე შარაშენიძე ”ეს ჩარჩო-ხელშეკრულება მეორე ”გიორგიევსკის ტრაქტატი ვერ გახდება, რადგან სხვა რომ არაფერი, ამერიკა ჩვენი მეზობელი არ არის და საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები არა აქვს. ჩვენი დამონება და დამორჩილება არც სურს და არც სჭირდება. მისი სტრატეგიული ინტერესები სულ სხვაა”. რას მოუტანს საქართველოს აშშ-სთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება? ექსპერტთა მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების გარანტი გახდება. ეს კი რუსეთის აგრესიის შემცირებას უზრუნველყოფს. ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: ”ამ კითხვაზე შეიძლება კონტრ-კითხვა დაისვას: რა ელის საქართველოს, თუკი უმოკლეს ვადაში პარტნიორს არ გამოძებნის? სიტუაცია საგანგაშოა. ახლა მნიშვნელოვანია, დასავლეთის მხრიდან რუსეთზე სერიოზული ზეწოლა მოხდეს. თუმცა ჩვენი დაცვა იგივე ნატო-საც არ შეუძლია, რაც არ უნდა MAP-ი მოგვცენ. სამწუხაროდ, გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა შეერთებულმა შტატებმა თავის თავზე აიღოს. მაშინ, როცა უსაფრთხოება პოლიტიკურ დონეზე გარანტირებული იქნება, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ უკვე დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ჩვენი კონფლიქტები. აი, რატომ არის საჭირო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან”. ვახტანგ ხმალაძე, ექსპერტი: ”სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია სხვებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულება კონკრეტულად რას მოგვცემს, მხოლოდ ამ დოკუმენტის ტექსტის გაცნობის შემდეგ შეიძლება ითქვას. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, კარგი იქნება ასეთი ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება, თუკი მასში საქართველოს უსაფრთხოების ნათელი გარანტიები იქნება ჩადებული”. თორნიკე შარაშენიძე: ”შეერთებულ შტატებთან ეს ხელშეკრულება საქართველოში პოლიტიკურ უსაფრთხოებას, სტაბლიურობასა და მეტ სიმშვიდეს მოიტანს. ეს ხელშეკრულება პირველ რიგში ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა, თორემ სამხედრო გარანტიებს არ გვაძლევს”. ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს ხელშეკრულება ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტადაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მით უფრო, ომის შემდგომ ქვეყანაში ინვესტიციები აღარ შემოდის. ხოლო თუ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების გარანტი იქნება, ეს სერიოზულ საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ ინვესტორებმა აქეთ გამოიხედონ. დიდია იმის ალბათობა, რომ სოლიდური ინვესტიციები თვით შეერთებული შტატებიდანაც წამოვიდეს. ამ ხელშეკრულებით რომელი მხარის ინტერესები უფრო მეტად იქნება დაცული? ვახტანგ ხმალაძე: ”თუ დოკუმენტში საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ჩადებული და მხოლოდ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, ასეთ შემთხვევაში ისეთი სახისა და ფორმის თანამშრომლობა იქნება, როგორიც ეს შეერთებულ შტატებს ენდომება. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები, თანაც ყველანაირი საფრთხისგან დაცვის. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს სხვა ქვეყნის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში დაცვა. მხოლოდ ქაღალდზე დაწერილმა გარანტიებმა შეიძლება არც იმუშავოს, თუ თავად გარანტიის მომცემი დაარღვევს ამ ხელშეკრულებას და არ შეასრულებს პირობას. თუ ყველაფერი გაწერილი არ იქნა, მაშინ შანსი ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარებისა გაცილებით ნაკლები იქნება. თუ როგორი სახის გარანტიები ჩაიდება, ეს უკვე დამოკიდებული იქნება იმაზე, რას მოითხოვს ქართული მხარე და რას დათანხმდება თავად ამერიკული მხარე”. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის. თუკი რუსეთის აგრესია განმეორდება, მაშინ თავად დასავლეთის უსაფრთხოებასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ასე რომ, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე ზრუნვით მთელ ევროპაზე იზრუნებს. - ”არა მგონია, დღეს რუსეთი მიღწეულზე გაჩერებას აპირებდეს. მას უფრო შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებს. თუ კრემლი საქართველოს სრულად გაკონტროლებას მოახერხებს, ამ გზით შეუერთდება თავის სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთს და გავა ირანზე. შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზა რუსეთის მიერ იქნება ჩაკეტილი, ირანის გაზსა და ნავთობს შეუერთებს თავის მილსადენებს და ნავთობპროდუქტებზე ფასებს მოსკოვი დაადგენს. არჩევანი საქართველოს არა აქვს და არც დასავლეთს აქვს დიდი არჩევანი. თუ ჩვენ ასე მარტივად მიგვატოვებს, მაშინ საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ ჩვენი ინტერესები, არამედ მთლიანად დასავლეთისა და მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესები”, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი. განთავსდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები? როგორც კი ამერიკასთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გაჩნდა კითხვა, მოჰყვება თუ არა ამას ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება. ეს საკითხი კი პირველ რიგში მოსკოვს აღელვებს. - ”ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს. საკმარისია, ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდეს და ამერიკამ საქართველოს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება აღიაროს, რომ ეს უკვე პრევენციულად იმოქმედებს რუსეთზე და კრემლი თავის ბოროტ ზრახვებზე უარს იტყვის”. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება არა მარტო სამხედრო პოტენციალის, ან უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებით, არამედ პოლიტიკურად. ლიტვას სულ ოთხი ტანკი ჰყავს, აქედან ორი სასწავლოა, ცხადია, ამ ტექნიკით ლიტვა საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნატო-ს წევრია და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, მასზე თავდასხმას ვერავინ გაბედავს. პოლიტიკური შეთანხმება თავის თავად არის პრევენციული ხასიათის და უფრო მეტი შედეგის მომტანი, ვიდრე უშუალოდ სამხედრო კომპონენტის გაძლიერება. პოლიტიკური გარანტიებს აუცილებლად მოჰყვება უწყებათაშორისი თანამშრომლობა. - ”ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი პენტაგონიდან უკვე ჩამოსული იყო და შეაფასა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ამ მიმართულებითაც იქნება ნაბიჯები გადადგმული. მართალია, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ქაღალდზე იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, ხვალ და ზეგ ამ ყველაფერს პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. უბრალოდ, არ ღირს ამ ეტაპზე ამ საკითხების გაჟღერება, ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები”, - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს. ვახტანგ ხმალაძე: ”სამხედრო ბაზა თავის თავად უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება. იმისათვის, რომ ისეთი ძალის მქონე ქვეყანა, როგორიც შეერთებული შტატებია, დაეხმაროს სხვა ქვეყანას, დღევანდელი ტექნიკის პირობებში, სრულიად რა არის საჭირო ბაზების განთავსება და ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე”. საქართველოს უსაფრთხოების გარანტია იქნება ის, თუ კონკრეტულ ვითარებაში რას მოიმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. თუ ბაზების შექმნის თაობაზე ხელშეკრულებაში ჩაიწერება, ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციას და ისინი ამით შეეცდებიან გაამართლონ საკუთარი სამხედრო ბაზების მშენებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. თორნიკე შარაშენიძე: ”ამ ეტაპზე ამერიკული სამხედრო ბაზები ნამდვილად არ ჩადგება. მით უფრო, როცა ამერიკას ასეთი გაფანტული აქვს თავისი ძალები და ასე უჭირს მათი შენახვა. არა მგონია, ვალდებულება აიღოს თავის თავზე, რომ ჩვენ გამო ომში ჩაებას ვინმესთან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც. იმაზე საუბარი, რომ ამერიკა ჩვენ გამო რუსეთთან იომებს, არარეალურია. ხელშეკრულება გაითვალისწინებს თანამშრომლობას სამხედრო სფეროში, მაგრამ უფრო ქართული ჯარის დახმარებასა და გაძლიერებაზე იქნება მიმართული და არა იმაზე, რომ აქ ამერიკული ჯარები დაგვიცავენ. ეს გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი. მთავარია, ახლა არ გავაღიზიანოთ რუსეთი ბაქი-ბუქით, რომ აქ ამერიკელები ჩადგებიან და ასე შემდეგ”. რა გზით დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთის აგრესიის? ექსპერტთა აზრით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მნიშვნელოვნად შემცირდება. ამიტომ შესაძლოა, ამერიკას საქართველოს დასაცავად სამხედრო კომპონენტის გამოყენება არც კი დასჭირდეს. ირაკლი სესიაშვილი: ”გერმანია, საფრანგეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან იმიტომ, რომ მათ არ უნდათ, რომ რაიმე დაპირისპირების შემთხვევაში პირისპირ აღმოჩნდნენ რუსეთის წინააღმდეგ. თუ შეერთებული შტატები თავის თავზე აიღებს ჩვენს უსაფრთხოებას, მაშინ პრევენციულად რუსული აგრესია შეჩერდება და დასავლეთი იფიქრებს, რომ თუ ამ ქვეყანას თავს არავინ დაესხმება და ჩვენ ჩათრეული არ ვიქნებით რუსეთთან ომში, მაშინ რატომ ვთქვათ უარი ნატო-ს გაფართოებაზე, როდესაც ეს სტრატეგიულად ევროპისთვის მომგებიანია”. - ”აქ პოზიტიური ინტერესები იკვეთება. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება მოსკოვის ინტერესებს, მაგრამ ცივი წყალი დალიოს რუსეთმა. იმაზე მეტად რაღა უნდა გაღიზიანდეს, როცა ჩვენი ტერიტორიები მიითვისა და საერთაშორისო სამართალი გათელა”. |