ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ”მაგრამ, კარგად შენახული!”
ამერიკასა და საქართველოს შორის, სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ამერიკის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გაუგია და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებს. ჩვენთან კი, დიდი სიხარულია. მშვიდობა ნამეტანი კარგი რამ ყოფილა. როგორც ამბობენ, მალე აშშ-ში წასასვლელი ვიზებიც გამარტივდება.
ამ ფაქტმა, ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა. გაამარტივონ ვიზები და სულ მალე ნახავთ ნიუ-იორკის ცენტრალურ ქუჩებზე ”სახაჭაპურეს”, რომელსაც ინგლისურად ეწერება: ”ნისიაზე არ ვყიდით და არც უკან ვიბრუნებთ მოკბეჩილ ხაჭაპურს”.
მერე 3-4 ჯერ გახშირდება მაღაზიაში ქურდობის ფაქტები, მცირე და საშუალო ბიზნესზე ”ზეწოლა” და ასე შემდეგ. ბოლოს კი იმით დამთავრდება, რომ ამერიკელი ხალხი დაიწყებს მასობრივ გამოსვლებს ლოზუნგით: ”კულტურას და ისტორიას გვართმევენ!”.
098: ”საქართველო რიგით მე-6-ე ამერიკის ოფიციალური მოკავშირე გახდა. (ცხადია ლაპარალია ჩრდილო ატლანტკური პაქტის მიღმა სახელმწიფოებზე). ვინ არიან ის დანარჩენი 5 სახელმწიფო?
როგორც ვიცი:
1. ისრაელი
2. იაპონია
3. სამხრეთ კორეა
4. არგენტინა
5. უკრაინა
6. და საქართველო...
ამას გარდა აშშ-ს მჭიდრო, თითქმის სამოკავშირეო ურთიერთობა აქვს
არაღიარებულ ტაივანთან, აღიარებულ ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან და ქუვეითთან.
მჭიდროდ თანამშრომლობს სამხედრო საკითხებში (ტერორიზმთან, მარქსიზმის სენთან და ნარკოტიკებთან ბრძოლაში) - ფილიპინებთან, პაკისტანთან, პერუსთან, ჩილესთან, კოლუმბიასთან და პანამასთან”.
ჰაა, როგორ კამპანიაში ვხვდებით?
მარად დაუღლელი და უბერებელი ფორუმელი licemer-ი, დანარჩენ ფორუმელებს კიდევ ერთხელ ახსენებს მარადიულ პრობლემას – თაობათა შორის ჭიდილსა და გაუცხოვებას...
Licemer: ”მეტაფორა მინდა გამოვიყენო. ერთხელ ბიძაჩემმა ერთი ამბავი გაიხსენა: ჩემს სოფელში ერთი მეღვინე კაცი ცხოვრობდა, რომელიც ხშირად იმეორებდა - ჩემი ბიჭი კაცური კაცი უნდა გამოვიდესო. ერთმა მოხუცმა ჰკითხა: ყველამ იცის, რომ შენ ღვინოში წყალს ურევ და წყალ-წყალა ღვინოს ყიდი. ეს ასეა. ჰოდა, ვის მოატანინებ ხოლმე ჭიდან იმ წყალს ღვინოში გასარევად? შენ ბიჭს ხომ?! ესეც ასეა. იფიქრე ახლა, ამ საქმეს შვილს რომ აკეთებინებ, როგორ გინდა, მერე იგი კაცი გამოვიდეს?
არავის მშობელს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მათთვის (უმრავლესობისათვის) პრიოტეტული კომუნისტური იდეალები - ფულის კეთება, შვილების უმაღლესში მოწყობა და ა.შ. იყო, და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენც ამ სულისკვეთებით ვიზრდებოდით.
ჩემი თაობაც (51 წლის ვარ) ისე ”გაზარდეს”, რომ დამოუკიდებლობის წლებზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა და არცაა გასაკვირი, რადგან ეს ტაბუდადებული თემა იყო.
მახსოვს ქაქუცას სურათი, რომ გამოიტანეს მიტინგზე არავინ არ იცოდა (თითქმის) ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მოკლედ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა უპრობლემობა იყო. ამის ბრალია, რომ ჩემი თაობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ვერ გამოიყურება ”კაცურად”. ბოლომდე ვერ მოვკალით ჩვენში მონა, ლაქია, და მათხოვარი”.
მაშ, ასე, ლიცემერის აზრით, საქმე ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ...
მიხეილ რძე: ”თქვენს თაობას კიდევ რა უჭირს. შრომის ფასიც იცოდით, ასე თუ ისე, და ტვინიც არ გქონდათ იმ დონეზე დაბომბილი, როგორც მამათქვენებს.
აი მერე წამოვიდა უქნარა თაობები. ხალხი არაფერში ხელფასებს იღებდა, ’პუწიოვკებს’. თან ”სახელმწიფო” ფულის ჩაჯიბვის მრავალი დაკვალული გზაც ჰქონდა.
ჩემი თაობა (საბჭოთა კავშირის დაშლას ადრეული (ან გვიანი) გარდატეხის ასაკში რომ შევესწარით) სიდუხჭირემ გააფუჭა, ომმა, არეულმა ქვეყანამ და უშუქობა-უგაზობამ. საბოლოოდ, ჩვენი თაობიდანაც არ გამოვიდა და არც გამოვა კარგი არაფერი.
აი, მერე მოდის თაობა-კატასტროფები. უქნარობას აქ უვიცობა და ელემენტარული უზრდელობაც ერთვის. ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ წესიერად და რა უნდა მოვთხოვოთ? გარეთ უყურებდნენ ძალმომრეობას და ათას უბედურებას.
მოკლედ, პირადად მე ისევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული თაობა მირჩევნია. სადღაც 1960 წლამდე ხალხი.
ასე რომ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ყველას. იქნებ, თქვენ მაინც აჩუქოთ ხალხს ის სითბო და სიყვარული, რომელიც ჯერ კიდევ დაგრჩათ”.
ფორუმელი ”სვანიც” თაობათა გაუცხოებაზე საუბრობს, ოღონდ სულ სხვა კონტექსტში...
svani67: ”მიხეილ შვიდკოი (რუსეთის პრეზიდენტის უპოლნომოჩენნი პრედსტავიტელი) სექტემბრის დასაწყისში რობიკო სტურუამ მოიწვია თავის იუბილეზე - ომიდან ერთ თვეში. იმავე დროს პაატა ბურჭულაძემ თავის ვაჟს გადაუხადა 400 კაციანი ქორწილი.
იქ მოხდა რაც მოხდა!
მიხეილ შვიდკოი წერს: ”როცა შევედი დარბაზშიო, დამკვრელებმა მაშინვე შეწყვიტეს ეროვნული სიმღერის შესრულება და ჩემს საპატივცემულოდ დაუკრეს ”პოდმოსკოვნიე ვეჩერა”. თანაც, რუსეთის სადღეგრძელოც დალიესო ფეხზე ადგომითო. ეს ყველაფერი ხდება ომიდან თვენახევრის შემდეგ!
თვითონ ”ტოვარიშჩ” მიხეილი იყო გაკვირვებული ქართველების ასეთი სიყვარულით რუსეთის მიმართ. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, კარგა ხანს შოკში ვიყავი. თვალებს არ ვუჯერებდი, რამოდენიმეჯერ გადავიკითხე.
კიდევ, ეს აჩვენი ”ძვირფასი” შვიდკოი ახლახანს კიდევ იყო სტუმრად საქართველოში კიდევ ერთ ს...თან, ნიკოლაი სვანიძესთან ერთად და რუსეთში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მიმართ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები იხმარა.
მოკლედ ისევ ისეთი გიჟვრაცუები ვართ, რაც ვიყავით საუკუნის წინ.
რა იყო წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლებო, ასე გსიამოვნებთ რუსების ხახაში ყოფნა? მომიტევოს სულმნათმა აკაკიმ, მაგრამ უნდა დავესესხო: ”ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!”
სანამ ერთი ფორუმელი აკაკის ”ესესხება”, მანამდე მარად დაბოღმილი ბესარიონ გუგუშვილი, იგივე ფორუმელი ბპგ აღიარებს, რომ გიომია. აღიარებას და თან უხარიია:
ბპგ: ”მე, ბპგ, ვამაყობ იმით, რომ გოიმი ვარ! სულიერად, კულტურულად და გენეტიკურად... თქვენ?
ჩვენი, გოიმების ბოლო ასწლეულის საყვარელი გმირებია ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ზვიადისტები ვართ (ასე გვიწოდეს არაგოიმებმა) და ვამაყობთ ამით...
ჩვენ, გოიმები, გულუბრყვილონი (ანუ გულ-უეშმაკოები) და იდეალისტები ვართ. და ვამაყობთ ამით!
ჩვენ, გოიმებს გვჯერა, რომ საქართველოს აქვს სულიერი მისია. და ვამაყობთ ამითი!
ჩვენ, გოიმებს გვჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება. რამეთუ იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია.
ჩვენ, გოიმებს გვჯერა, რომ საქართველოს გზა - ქრისტეს გზაა, ჯვარცმისა და ჯვარცმით ამაღლების.
ჩვენ, გოიმები ვთვლით, რომ სატანასთან ხელშეკრულებით და გარიგებით, ანუ სიცრუით, სიყალბითა და ცილისწამებით სიკეთე არ იქნება”...
საწყალი მერაბ კოსტავა. რას წარმოიდგენდა, რომ გოიმები მისი სახელით იკეკლუცებდნენ...
რუსეთი გაზის გარეშე იგივეა, რაც საქართველო წყლის გარეშე. როგორც ცნობილია რუსები მსოფლიო გაზის მარაგის 30%-ს ფლობენ, მაგრამ ერთია, რამდენი გაზია მიწაში და მეორეა, შეძლებ თუ არა მის ათვისებას და რაოდენ რენტაბელურია მისი ათვისება.
Dato-Tolordava: ”ფაქტია, რომ რუსებს რამოდენიმე წელიწადში (მაქსიმუმ 3 წელი) გაზის მარაგები უმთავრდებათ. ახალი საბადოების ათვისებას უნდა (იამალი, შტოკმანი) 100 მილიარდი დოლარი (ამდენი თანხა გაზპრომს არ აქვს), მაგრამ როგორც ირკვევა ტექნიკურად შეუძლებელი ყოფილა მაგ საბადოების ათვისება.
გამოდის, რომ რუსების ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის შუა აზიის გაზი და ნაბუკოს პროექტის ჩაშლა. ეს რუსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩათვალეთ, რომ თუ ნაბუკოს პროექტი შედგა და შუა აზიის გაზი რუსეთის გვერდზე ავლით წავა ევროპაში, რუსეთს სრული განადგურება გარანტირებული აქვს”.
წინა კვირის ყველაზე მაგარი ”მარგალიტი” სულ ბოლოს შემოვინახეთ. ერთ-ერთი ფორუმელი გვთავაზობს, დირექტორების კონკურსის ფუნქციური წერის გამოცდის ”შედევრებს”. ანუ, ქვემოთ მოყვანილი ყველა წინადადება და სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლის დირექტორებმა დაწერეს.
el-greko:
”თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა”
”მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ”. (დავალებაში იყო, რომ წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა).
”ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის”.
”დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას, და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს!”.
”ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით”.
”სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა?”
”სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას”
”თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში”
”ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები”
”მოვაწყვეთ ”ვალენტინობა - სიყვარულის დღე”, რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები”
”წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება”
”ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა”.
და ბოლოს, მთავარი შედევრი:
- ”ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული
