მიწა ფასს კარგავს
საქართველოში მიწის ღირებულება, შესაძლოა, მიზერულ მაჩვენებლამდე დაეცეს. სამშენებლო პროექტები შეჩერებულია, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ყოველ დღე ეცემა, კრედიტების სისტემა დანგრეულია. მიწაზე მზარდ მოთხოვნას და გაძვირებას სწორედ ეს კომპონენტები უწყობდა ხელს. ახლა კი ერთ დროს ფრიად უნჯი შენაძენი, აღარავის სჭირდება.
დედაქალაქში მიწის ნაკვეთები უკვე 30-40%-ით არის გაიაფებული. ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად, მიწის გაყიდვების მოცულობა კიდევ უფრო შემცირდა, რადგან მასზე მოთხოვნამ კატასტროულად იკლო. მიწის შეძენა და ახალი მშენებლობის დაწყება თითქმის არც ერთი ქართული სამშენებლო კომპანიის ინტერესში არ შედის.
ამ ეტაპისთვის თბილისსა და მის შემოგარენში 1 კვ/მ მიწის ფასი 15-50 დოლარის ფარგლებშია. დიღომსა და დიდ დიღომში მიწა 50 დოლარად და უფრო იაფადაც იყიდება. გარკვეული ნაკვეთები 15-20 დოლარადაც ფასდება. სულ ცოტა ხნით წინ, ამ მიდამოებში მიწის ფასები 100 დოლარს აჭარბებდა
- “უძრავ ქონებასა და მიწაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასები გაჩერებული იყო. აგვისტოს მოვლენებიდან 2 თვის მანძილზე ტენდენცია კლებისკენ არ მიდიოდა, მაგრამ არ იყო მოთხოვნაც. ამ ეტაპზე ფასდაკლებები უკვე სახეზეა და მიწა მინიმუმ 20%-ით არის გაიაფებული”.
ფასდაკლება ცენტრში უფრო ადრე დაფიქსირდა, შემდეგ უკვე პერიფერიებზე გადავიდა - გლდანში, მუხიანში, თემქაზე, ვაზისიუბანსა და ვარკეთილში. ამ ადგილებში მშენებლობებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა შეჩერებულია. მშენებლებს უკვე ინტერესი აღარ აქვთ, შეიძინონ მიწები და გააგრძელონ მშენებლობა.
- ”მოთხოვნა მიწების შესყიდვაზე ძალიან დაბალია. კერძო პირებს უფრო შეუძლიათ პატარა ნაკვეთები შეიძინონ, რაც შეეხება მშენებლებს, პრაქტიკულად, პროცესი გაყინულია. კომერციული ფართების ასაშენებლად მიწების შესყიდვა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეჩერებულია. ერთი-ორი ობიექტი იყო, რომლის შესყიდვას სავაჭრო ობიექტები ახერხებდნენ, მაგრამ ბოლომდე არც ეს პროექტი განხორციელდა”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი ბარმენაშვილი.
- “ვინც მანამდე განაცხადი შეიტანა უძრავი ქონების შეძენაზე, ეხლა ყიდვისგან ყველამ თავი შეიკავა. გარკვეული ობიექტები თბილისში, მათ შორის, დიღომში 15 დოლარადაც არის. შეიძლება, გაზაფხულზე რაღაც პერსპექტივა გაჩნდეს, თუმცა ამას ნაკლებად ვვარაუდობ. თუ ზოგადად პოლიტიკურ-ეკონომიკური ატმოსფერო არ შეიცვალა ქვეყანაში, მდგომარეობა ასევე დარჩება”.
საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სპექტრი განიცდის ჩავარდნებს - სამუშაო ადგილები მცირდება, ბანკებიდან კრედიტები აღარ გაიცემა, რის გამოც, ფაქტობრივად, შეწყვეტილია უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. ასეთ ფონზე ფასებიც, რა თქმა უნდა, დაიწევს.
- ”უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ მიწებზე მოთხოვნა აღარ არის, მდგომარეობა ნამდვილად არ არის დამაიმედებელი”, - განმარტავს ბარმენაშვილი.
იგივე მდგომარეობაა საქართველოს სამეზობლოში და ცოტა უფრო მოშორებითაც. აზერბაიჯანში უძრავი ქონებაზე ფასების კლება 10-15%-ის ფარგლებშია, ბალტიისპირეთში კი ერთ დროს ესოდენ სანუკვარი ქონების ფასი, შესაძლოა, ნულს გაუტოლდეს.
ლატვიელი ექსპერტების შეფასებით, ფასების ვარდნის ტენდენციის ამჟამინდელი ტემპების გაგრძელების შემთხვევაში, 2010 წლის დასაწყისში ქვეყანაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ნულამდე დაეცემა.
ბაზარზე გარდატეხა 2007 წლის აპრილში მოხდა, როდესაც კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1700 ევროს მიაღწია, შემდეგ კი მან შეუჩერებელი ვარდნა დაიწყო.
დეკემბერში კი ფასი საშუალოდ 800 ევრომდე დაეცა, ანუ გაიაფების მაჩვენებელმა თითქმის 60% შეადგინა და ამ ტენდენციას ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ის მომხმარებელია, რომელმაც ბინის შეძენის მიზნით წინა წლების განმავლობაში იპოთეკური კრედიტები აიღო. ექსპერტები მათ აფრთხილებენ, რომ შექმნილ ვითარებაში მათ უფლებებს ვერავინ დაიცავს.
ისინი ამტკიცებენ, რომ უძრავი ქონება აღარასდროს ეღირება ისე ძვირი, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო. გაძვირების ტენდენცია მხოლოდ ათწლეულების შემდეგ შეიძლება განახლდეს.
