ექსპერტები ლარის კურსის მორიგ ვარდნას პროგნოზირებენ
[”კომერსანტი”]
”მწვანე პარასკევად” მონათლული დევალვაციის შემდეგ ეროვნული ვალუტა 1,68-იან ნიშნულს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. ბოლო დღეებში კი მისი კურსის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც კორექტირება მოხდა - ჯერ იგი1.667-მდე გამყარდა, მოგვიანებით კი1.670-მდე დაეცა. ამ მომენტისთვის ლარის ოფიციალური კურსი 1.671-ს შეადგენს.
დსთ-ის რამდენიმე ქვეყანაში - მაგალითად რუსეთსა და ყაზახეთში ვალუტების დევალვაცია მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ მოხდა და ასევე საზოგადოების ინფორმირებულობის პირობებში გრძელდება .საქართველოში კი ლარის კურსი სრულიად მოულოდნელად დაეცა, რამაც მოსახლეობაში მსგავსი ”სიურპრიზის” გამეორების შიში გამოიწვია.
ამ ეჭვს ექსპერტების ნაწილის მოსაზრებებიც ამყარებს, რომლებიც ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი კურსის შენარჩუნების საფუძველს ვერ ხედავენ.
ჯერ კიდევ ”მწვანე პარასკევსა” და მის მომდევნო დღეებში სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ლარის კურსის მორიგ ნახტომს ამზადებს.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ვალუტის კურსის ისეთი მოულოდნელი ვარდნა, როგორიც საქართველოში მოხდა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს.
კითხვას კი - რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა? იგი არააქტუალურად მიიჩნევს, რადგან საქართველოში, მისი თქმით, დანაზოგის ფუფუნება მოსახლეობის 80%-ს არ აქვს. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის მომავალს, მისი კურსის შენარჩუნების საფუძველს ჯავახიშვილი ვერ ხედავს.
