შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრებს ბედი არ სწყალობთ. ნიკა გილაურს ეგონა, მისი უბედურების სათავე კახა ბენდუქიძე იქნებოდა და ყველა ღონე იხმარა, მისი გზიდან ჩამოსაშორებლად. საინტერესეოა რას ფიქრობს გილაური მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე? მიშამ ყველაფერი თქვა, რაც პრემიერ-მინისტრს უნდა ეთქვა და არაფერი რაც - პრეზიდენტს.
ახალი სადაზღვევო პაკეტები, დევნილებისთვის წეროვანის საპრეზიდენტო რეზიდენციის გადაცემა საბავშო ბაღის მოსაწყობად, პედაგოგების ხელფასების და პენსიონერებისთვის პენსიების გაზრდა, სოფლებისთვის ფულის გამოყოფა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები - ერთი სიტყვით, სააკაშვილის გამოსვლაში ყველა ის პრობლემა იქნა მოხსენიებული, რის გადასაჭრელადაც გადასცეს გილაურს მინისტრის პორტფელი.
არცერთი სიტყვა დემოკრატიაზე, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებზე, მედიის თავისუფლებაზე და რაც მთავარია, NATO-ზე. ამ თემებიდან ერთადერთი, რაზეც სააკაშვილმა მცირეოდენი კომენტარი გააკეთა, მედია იყო და მაშინაც, მედიის თავისუფლების საზომი საკუთარი ტესტი შემოგვთავაზა. ბოლოს დაასკვნა, რომ მედია - თავისუფალია.
სააკაშვილს რა თქმა უნდა არ უსაუბრია, აპირებს თუ არა ”იმედის” თავისი მესაკუთრისთვის დაბრუნებას და რატომ ქმნის საინფორმაციო პოლიტიკას ტელევიზიებისთვის ქალაქის მერი. მოკლედ, სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. სხვას არც არავინ მოელოდა.
ერთი კია, რომ სააკაშვილმა ოპოზიციას ქილიკის კიდევ ერთი მიზეზი მისცა თუნდაც იმის გამო, რომ მისი დაპირებები წინააღმდეგობით აღსავსე აღმოჩნდა ამჯერადაც.
- ”კაცი ამბობს, რომ 2013 წლამდე მე ვიქნებიო და ამ დროს, ტექსტი ჰქონდა - 2009 წელსაც არ ვარ და ამირჩიეთო. გაუგებარი შეხამება იყო შინაარსის და ტექსტისაც”, - ასე შეუფასა ლევან ბერძენიშვილმა სააკაშვილს დახარჯული შრომა.
ფაქტი კი ისაა, რომ რა დანიშნულება ჰქონდა სააკაშვილის გამოსვლას, ბევრმა ვერ გაიგო. ერთის მხრივ, სააკაშვილის სიტყვა, მართლაც წააგავდა საარჩევნო კამპანიას, მაგრამ ამავდროულად, იგი ხაზს უსვამდა, რომ არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
სხვათა შორის, ოპოზიცია ხშირად იმეორებს, რომ სააკაშვილმა წინასაარჩევნო პიარი უკვე გააჩაღა, მაგრამ მაინც, რისთვის სჭირდება მას საარჩევნო კამპანია გაუგებარია.
სააკაშვილი ოპოზიციის ნებას რომც დაყვეს, საპარეზიდენტო არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. კონსტიტუცია პრეზიდენტს არჩევნებში ორზე მეტად მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს სააკაშვილის გადაყენებას და ბუნებრივია, გადამდგარი სააკაშვილი არჩევნებს ვერ დანიშნავს. გარდა ამისა, ისიც გაუგებარია, რაში უნდა აწყობდეს სააკაშვილს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, როცა 150-ან პარლამენტში 150 კაცი მისია და 100% გარანტიები აქვს. ამდენად, ლოგიკასთან შეუსაბამობა იქნებოდა იმის თქმაც, რომ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
თუმცა ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა მაინც დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ ეს მაშინ მოხდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება პიკს მიაღწევს. შესაძლოა, სააკაშვილმა ჩათვალოს, რომ არჩევნების ჩატარებით თავს გადაირჩენს, მაგრამ მას ამის უფლება არ უნდა მიეცეს. ახლა კი, საზოგადოების მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომაა და მას ბუნებრივად მოყვება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
პოლიტიკოსი იმაშიც დარწმუნებულია, რომ გუშინდელი გამოსვლა დასავლეთისთვის იყო გამიზნული:
- ”ცუდად რომ მიმიღეთ მიუნხენში და ცუდად რომ მხვდებით, საქმე მთალდ ასეც არ არის. მე აქ მხარდაჭერა და დემოკრატია მაქვს”, - ამის დემონსტრირება უნდოდა სააკაშვილს.
- ”სააკაშვილის გამოსვლა არ ყოფილა ჩვენზე გათვლილი, თორემ ოპოზიციას ორ მწარე სიტყვას მაინც ეტყოდა. რაღაც პატარა მინიშნებები იყო, მაგრამ პირველად მის სიცოცხლეში, სააკაშვილმა თავი შეიკავა და უცენზურო ლექსიკონი არ უხმარია ჩვენი მისამართით”, - ამბობს ბერძენიშვილი.
და კიდევ, ეს იყო გამოსვლა, სადაც სააკაშვილმა ერთხელაც არ ახსენა სიტყვა NATO. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი, სააკაშვილის მიერ თაროზე ღრმად იქნა შემოდეული და გვეუბნება, რომ ”მე კი გპირდებოდით, მაგრამ თქვენ დაგავიწყდათო”.
ბოლო დროს, სააკაშვილის ყველა გამოსვლაში და მითუმეტეს, მოქმედებებში იმდენად თვალშისაცემი გახდა დასავლეთზე გულაცრუება, რომ ქვეყანაში ახალ ხიფათებზე დაიწყო საუბრები. შეატრიალებს თუ არა სააკაშვილი ჩრდილოეთისკენ ქვეყნის ვექტორს ძნელი სათქმელია, მაგრამ იმის თქმა ალბათ, შეიძლება, რომ პუტინის გავლენას თავს ვერ აღწევს.
ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ სააკაშვილს არსაით შეტრიალების შანსი არ აქვს, არც - ჩრდილოეთისკენ და არც - დასავლეთისკენ, რადგან ყველგან დაკარგა ავტორიტეტი. პოლიტიკოსის თქმით, ენგურჰესის თემაც კი ომის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა იყო.
- ”ჩვენ არ ვიცით რა საიდუმლო გარიგებები დაიდო აგვისტოში და თავის გადასარჩენად სააკაშვილი რას შეჰპირდა რუსებს. მომავალში ალბათ, კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ”, - ამბობს ბერძენიშვილი.
და მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი არც ისე გულუბრყვილოა, რომ კარგად არ აეწონ-დაეწონა საკუთარი ნაბიჯები. დასავლეთი ერთია, მაგრამ სააკაშვილის დაპირებები საკუთარ მოსახლეობაზე იყო გათვლილი. ეს არ ეხება ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ სააკაშვილი ამ გზით ალბათ, შეეცადა ოპოზიციასა ხალხს შორის წყალგამყოფი გაევლო.
ხალხი, რომელიც 20-30 ლარად გაიყიდა, სიხარულით შეხვდება 5 ლარიან სადაზღვევო პაკეტის და 100 დოლარამდე პენსიის გაზრდის დაპირებასაც. შეუძლია ვინმეს თავი დაირწმუნოს, რომ არავინ ჩამოეკონწიალება კისერზე მიშას იმ სიტყვებისთვის, რითაც მან მის მიერვე გაუბედურებულ ხალხს გამოსვლის ბოლოს მიმართა:
- ”ნუ იფიქრებთ, რომ გაზაფხული არ მოვა და ხელისუფლებას დაავიწყდით. თქვენზე უფრო დიდი საზრუნავი, სხვა არ მაქვს”.