პოეზია · ლირიკა
კერია
ჭინკების ერდო, ალების ბანი, ზღაპრების გუდა, ცეცხლი,მოყურიადე, სულგანაბული, გვრიტებიანი ცაცხვი.ბაბუს ჩიბუხი, ბებიას კალთა, ტახტზე ღაბუა კატა,თავმიდებული დირეზე მურა, ღია სამზადის კართან.როცა ზღაპარი ჩაინავლება, ძილისპირულში ერთხანსრულმორეული რუს ვაყურადებ, _ ერუდუნება ვენახს.მიუსხდებიან შემდეგ შუაცეცხლს საჩეჩელი და შულო,_ ბებია, რატომ კრუტუნებს კატა? _ ზღაპარს გიყვება, შვილო...ჩამეძინება ცეცხლის ღუღუნში, დამეფინება ლული,უმალ სიზმრებად აბრიალდება გაღვივებული გული:ეს რამოდენა დევებთან ვომობ, რა ცხრაკლიტულებს ვაღებ,მივადგრიალებ რაშ-ბედაურებს, ჯავარდნიანებს, ლაღებს.მეფის ასულებს, მზეთუნახავებს, ჰოი, რა გულით ვყვარობ,რამდენჯერ ვსვამ და რამდენჯერ მომაქვს შინ უკვდავების წყარო.სძინავს ბაბუას, სძინავს კერიას, ნაკვერჩხალიღა წვეთავს,ჩასძინებია ჭერზე ობობას _ ზვიად ქონდაქარს მწერთა.იძინებს ბებოც, იძინებს, მხოლოდ წაიბუტბუტებს წამით:`მშვიდად დაღამდი, მშვიდად გათენდი,ჯვარი გეწეროთ! ამინ!~