პოეზია · ლირიკა
მოდიოდა წყალი მღვრიე
მოდიოდა წყალი მღვრიე და მოჰქონდა ქვები. ფონი ქვევით იყო. იქაც ჭირდა გასვლა, თან ცხენი ფეხს იტკიებდა.ჩქარობდა კოტე.ფეხს იტკიებდა ცხენი.ბინა პირდაპირ იყო: გზა კი ქვევით მიდიოდა ფონისაკენ. შხეფები მაღლა ადიოდა; მერე ნაპირზე ცვიოდა. კოტეს თმასა და სახეს უგრილებდა.ჩქარობდა.გაღმა ბინაში კვიცი იყო ავად და კვდებოდა. რადიოთი გამოუძახეს ვეტექიმს სოფლიდან.კოტე ვეტექიმი იყო:ცხენს აჩქარებდა.ცხენი კოჭლობდა.ქვევით ფონი ლაპლაპებდა.კოტე ჩქარობდა: გაღმა ბინაში კვიცი კვდებოდა და დახმარება იყო საჭირო. ცხენს მათრახი მოხვდა: აითრია ფეხი. ”დაბერდა, ფეხიც ახლა ეტკინა”, გაიფიქრა კოტემ და ფონში შეაგდო.წყალი მოდიოდა მღვრიე და ლოდები მოჰქონდა.ცხენმა ჩაიჩოქა. დატრიალდა.კოტე მკლაურს უსვამდა. ცხენი თავს ყოფდა მაღლა. კაცი მიცურავდა და ხედავდა: ზევიდან მორი მოდიოდა ტალღებზე თამაშით: ჩაყვინთა. როცა ამოიღო თავი, მორს ჩაევლო. ქვევით ცხენი მიჰქონდა წყალს. მორი პირდაპირ მიდიოდა მისკენ, მერე შიგ თავში დაეჯახა.კოტე მიცურავდა პირდაპირ და ვერა ხედავდა: ცხენს თავი გაუსკდა: მღვრიე წყალს სისხლის ფერი მიემატა, მერე გაქრა ის ფერი. ცხენიც აღარა ჩანდა.წყალი მოდიოდა მღვრიე და მოჰქონდა ლოდები.
კოტე შუაცეცხლთან იჯდა და შრებოდა. ქვაბში ხორცი იხარშებოდა.- უეჭველად გადარჩება, - თქვა მან.- უეჭველადა? - იკითხა მეცხენემ.- ჰო, მართალა, საწყალი იორღა, არა?- ჰოო, შვილიც ავადმყოფი დარჩა, - თქვა მეცხენემ.- ნუ გეშინია, მოვარჩენ.- რა ვიცი, მორჩება?- მე ვიცი, კარგი გამოვა ეგეცა, ჰო, მართლა, ოქმი უნდა შემიდგინოთ, რო არ დამაწერონ იორღა.მეცხენე გავიდა. მერე ქონიანი ქაღალდი და წვერწატეხილი ქიმიური ფანქარი შემოიტანა.
[1957. მაისი]
შენიშვნები
ამ უთარიღო და უსათაურო ნაწარმოების მხოლოდ ოთხგვერდიანი შავი ავტოგრაფი არსებობს. თარიღი მიახლოებით დადგენილია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფიგურული ასო “ტ”-ს. “1”-ს ისრის ფორმა აქვს ან ნაძვის ხის! ორი ერთმანეთთან შეერთებული ისრის თავი მიმართულია ფურცლის გარეთ.პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს სათაურით “ვეტექიმი” წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”