გადამწვარი ავნევის მკვიდრი: ”ბავშვების გამო თუ ღირს კიდევ ცხოვრება”
ავნევის მკვიდრთ დაბომბვის დროს მოუწიათ სოფლიდან გამოსვლა. ერთ-ერთ მანქანას გზაში საბურავები გაუსკდა. დევნილთა ოჯახმა ძლივს ჩამოაღწია სოფელ ვარიანამდე, რომელიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა.
- ”სოფელი დაცარიელებულია, ერთადერთი ვინც არის დარჩენილი - ავადმყოფი კაცია, ეროვნებით ოსი. ის კაციც დაღუპულა, მითხრეს. სოფელი ჯერ გაძარცვეს რუსებმა და ოსებმა, შემდეგ კაზაკებმა. მანქანებით გაქონდათ სახლებიდან ყველაფერი. შემდეგ სახლებს შიგნიდან ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ. სოფელი გადამწვარია და აღარცერთი შენობა აღარ არსებობს”.
ექვსი აგვისტოდან მოყოლებული, როცა დაიწყო ეს ყველაფერი, ოსური სოფლებიდან ოსებმა ბავშვები გახიზნეს, მაგარამ კაცებს სოფელი არ დაუტოვებიათ.
- ”ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე გამოვეყვანე სოფლიდან. მითხრა, სად მიდიხარ? ცხინვალი ჩვენმა ბიჭებმა აიღესო. ახლა დადიან სოფლებში, ქართულ დროშებს არჭობენ და ოსი ეროვნების მოსახლეობას ეუბნებიან: არაფერს გერჩით, ვისაც დარჩენა და ცხოვრება გინდათ დარჩით. ვისაც წასვლა გინდათ - წადითო”, - ყვება დარბაისლი ქალბატონი სოფელ ავნევიდან.
მეორე დღეს დაბომბვა დაიწყო. მათ ძლივს გამოასწრეს გამოქცევა. გზაზე სოფლის პოლიციის უფროსი იდგა, რომელიც თავში ხელებს იშენდა, - ”როგორ შვილივით ვუვლიდი სოფლებს, როგორ ვინახავდი და ეს რა დღეში ჩაგვაგდესო. ვაიმე ჩემო ბიჭებო, სად გეძებოთ...?”.
ამ დროს ცხინვალში უკვე ხელჩართული ბრძოლა იყო გამართული. გზაზე მიმავალმა ქართველმა სამხედრომ უთხრა სოფლის მცხოვრებლებს, რომ ვერც დაჭრილები და ვერც გარდაცვლილები ვერ გამოყავთ.