გოგა პიპინაშვილი: გაჟღენთილი ვარ პატრიოტიზმით, სისხლით, ტკივილით…
იმედი მაქვს, ყველაფერი დაწყნარდება, დალაგდება და გაასკეცებული ძალით ვიმუშავებ ჩემს ბავშვებთან ამ თემაზე, რათა დიდი ქართველები გაიზარდონ.
ბრძოლის შემზარავი ფოტოები მაქვს ნანახი, მობილურით გადაღებული... არც კი ვიცი, რა ვთქვა. ჩვენი ბიჭები ”შეფხრეწილია” ამ უთავბოლო ომს, გული მაქვს მოკლული, შეურაცხყოფილი ვარ! ასეთი შეურაცხყოფილი, თავსლაფდასხმული და გაბითურებული არასოდეს ვყოფილვარ. უყურებ ამ კადრებს, როგორ ანადგურებენ შენს თვალწინ ყველაფერს და ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვს...
თუ წესიერად არ მოიქცევიან... არც კი ვიცი, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - მებრძოლი სული გვაქვს მეც და ჩემს პატარებსაც და ვერანაირად შევეგუები აზრს, რომ შეიძლება, ვინმემ ითარეშოს ჩემს ქვეყანაში. თუ ადრე კიდევ ვფიქრობდი, რუსეთთან წარსულში არსებული კონტაქტები აღმედგინა და მეგობრობაც არ გამქრალიყო, ახლა ისე ჩამიტეხეს ეს ხიდი, საერთოდ აღარავის ხსენება მინდა. წარმოუდგენელი უფსკრული გააჩინეს და მის გადალახვას არასოდეს შევეცდები, ჩემს სიცოცხლეში რუსეთისკენ არ გავიხედავ!
როგორ ფიქრობთ, ეს აგრესია გამართლებულია?
- ასეთი აგრესიული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ იმხელა ტკივილი მომაყენეს... ვინღა ლაპარაკობს აფხაზეთზე ან ოსეთზე, ეს უდედმამო, უშვილძირო, გაუბედურებული რუსი, ინკუბატორში გაკეთებული ბავშვები, ასეთ დღეში აგდებენ ჩემს ქვეყანას. თითოეული წვეთი სისხლი, რომელიც ახლა დაიღვარა, ჩემი გულითაა სატარებელი და ვარიანტი არ არის, ოდესმე ეს ვაპატიო.
ესე იგი, იქაურებისგან არავინ შეგხმიანებიათ...
- კაციშვილი არ შემხმიანებია, ერთადერთი, უკრაინიდან დამირეკა ძველმა მეგობარმა - სადაც მეტყვი, იქ ჩამოვალ და წაგიყვან საქართველოდანო, მაგრამ როცა მიხვდა, არსად წამსვლელი არ ვიყავი, მითხრა, ჩამოვალ და შენს გვერდით დავდგებიო. მათ კი, ვისთანაც წლების მეგობრობა და ურთიერთობა მაკავშირებს, არც კი დაურეკავთ. შეიძლება, რცხვენიათ, შოკში არიან, მაგრამ მე ეს აღარ მაინტერესებს.
ჩემი დღევანდელი განწყობა ასეთია, ხვალ შეიძლება ჩავცხრე, მაგრამ ვერასოდეს ვაპატიებ დაღუპული ქართველების სისხლს. 70 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, დავივიწყე, მაგრამ ეს არ დამავიწყდება, ისე წავალ ამ ქვეყნიდან.
ჩემს ეზოში, პლეხანოვზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ყველა რჯულის ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ზანგიც, მაგრამ არასოდეს ყოფილა კონფლიქტი ურთიერთობაში. ახლა ისე აგვიძაღლეს სისხლი, მათკენ არასოდეს გავიხედავ. როგორც უნდა შეიცვალოს სიტუაცია, რა მთავრობაც უნდა მოვიდეს, როგორც უნდა აყვავდეს იქაურობა და როგორც უნდა ვიყო დამოკიდებული მათზე, თუნდაც ჰაერით, არ მაინტერესებს.
ასეთი სიძულვილი არავის მიმართ მქონია, მაგრამ ეს ჯიშგასაწყვეტი ხალხია, ვზივარ აქ და არც კი ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ხელ-ფეხმოკვეთილივით ვარ, შეურაცხყოფილი, გაბითურებული, არც კი ვიცი, რა ჰქვია ამას, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ამას უეჭველს გეუბნებით - არსებობს სიტუაცია, როცა ხელისუფლება წყვეტს ქვეყნის ბედს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში, მაგრამ ამასაც აქვს ზღვარი და ღმერთმა დაიფაროს, ვინმეს ხელი წაუცდეს დედაქალაქისკენ, დედაქალაქი კიდევ შეიფარებს ყველას, მაგრამ აქ თუ მოვიდნენ, დამერწმუნეთ, თითოეულ სადარბაზოში, თითოეულ ბუჩქთან ძალიან დიდი ძალა და მუშტი დახვდებათ.
ასევე ფიქრობენ ჩემი შვილებიც, უმცროსი გოგო ცამეტი წლისაა და ისიც ჩემს გვერდით იდგება, მე ჩემი შვილების მომავლისთვის ვზრუნავ, მინდა, ჩემი ქვეყანა ძლიერი იყოს, ამაყი, როგორც ყოველთვის, ყველამ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ამაზე, ღმერთი არ გაუწყრეთ და თითი არ გადაუბრუნდეთ, თორემ ეს რუსის ”პაცნები” სულ გარეთ დარჩებიან.
რამდენსაც შევძლებ, იმდენს დავდებ მიწაზე და მერწმუნეთ, ბევრს შევძლებ. არ ვიქადნები, მაგრამ არავის დავინდობ. შემაზიზღეს საკუთარი სიცოცხლე, ამას რას მოვესწარი?! მესმის, ეს პროგრესული ნაბიჯები, რომ მსოფლიო გამოფხიზლდა, ვისთან აქვს საქმე, გასაგებია ყველაფერი, ალბათ დალაგდება, დასტაბილურდება სიტუაცია, მაგრამ მე კონკრეტულად ვლაპარაკობ, ძალიან აგრესიული ვარ შინაგანად, ბოღმა მკლავს, აბსოლუტურად ხელცარიელი ვარ, უიარაღო, მაგრამ ჩემი სისხლით შევაწყდები და ბევრსაც გავიყოლებ, ასე, ყველამ საკუთრ წილად ხუთი რომ გაიყოლოს, აუცილებლად მოვერევით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3562