სამაჩაბლოში ომის მხოლოდ პირველი ფაზა დასრულდა
ოკუპანტების ძირითადი აგრესია პირველ რიგში რა თქმა უნდა, დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის ე.წ. ბლოკირებულ 9 სოფელზე განხორციელდა. ოსები, რუსები და კაზაკები, იჭრებოდნენ სახლებში, ძარცვავდნენ ყველაფერს და შემდეგ სახლებსა და ბაღებს ცეცხლს უკიდებდნენ. ამ წმენდის შედეგად, ახლა ქართულ სოფლებში: თამარაშენში, ქურთაში, ქემერტში, ხეითში, პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში და სხვა... ნანგრევების, გარდაცვლილი მშვიდობიანი ადამიანების გვამებისა და გადამწვარი სახლების მეტს ვერაფერს ნახავთ. ერთ დროს აყვავებული და მოსავლიანი დიდი ლიახვის ხეობის სოფლების ნაცვლად, ახლა ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი.
კახა ჩოჩიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ზოგიერთ სოფელში ერთი სახლიც კი არ არის გადარჩენილი. ყველაფერი ბოროტულადაა განადგურებული და გადამწვარი. რუსებმა საქონელიც კი დახოცეს და განა ჭამეს, უბრალოდ გართობის მიზნით ესროლეს ტყვიები და ქუჩებში დაყარეს. არ მეგონა, თათრების გარდა, ვენახს ცეცხლს ქრისტიანი კაციც თუ მოუკიდებდა. მტერი ქართულ სოფლებში შედიოდა თუ არა, სახლების გადაწვის მერე, ბაღებსა და ვენახებს წვავდა. ასეთი ღორობა არათუ მინახავს, არც კი გამიგია”.
სეპარატრისტებმა და რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” არანაკლები საშინელებები ჩაიდინეს ზნაურისა და ქარელის რაიონის ქართულ სოფლებში. მათ შორის ისეთ სოფლებში, რომლებიც კონფლიქტის ზონას არასოდეს ეკუთვნოდა.
20 აგვისტოს ღამით, კაზაკების 10 კაციანი დაჯგუფება ქარელის რაიონის სოფელ ფცაში შეიჭრა და სოფელში დარჩენილი მოხუცები სასტიკად სცემეს. იმავე საღამოს, ზნაურიდან აგარისაკენ ფეხით მიმავალ 18 წლის ვაჟა ლეკიაშვილს სეპარატისტები ბეტეერით გამოედევნენ და ტყვიები დაუშინეს. ვაჟა ლეკიაშვილი დღემდე გაოგნებულია იმით, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. ქარელის რაიონის სოფლები: რუისი, ტკოცა, აბისი და სხვა... თვითმხილველთა მტკიცებით, რუსული ნაღმებითაა მოფენილი და კაცმა არ იცის, ეს ნაღმები როდის აფეთქდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გორის, ქარელის, და კასპის რაიონის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობის დაბრუნება დაიწყო, მათთვის ნაომარ ზონაში ცხოვრება უსაფრთხო ნამდვილად არ იქნება. როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ რუისის მკვიდრი, თენგიზ ლურსმანაშვილი აცხადებს, სოფელ რუისის ტერიტორიაზე იმდენი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვბი ყრია, რომ მათ გაწმენდას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
თენგიზ ლურსმანაშვილი, სოფელი რუისი: “რუისი ისეთი ტემპებით იბომბებოდა, მოსახლეობა სარდაფებიდან გამოსვალს კი არა, ცხვირის ამოყოფასაც კი ვერ ახერხებდა. ახლა აქ ძალიან ბევრი სახლია მთლიანად ან ნახევრად დანგრეული. მაგრამ, მე უფრო მეტად მომავლის მეშინია. ჭურვების ნამსხვრევებითა და ნაღმებით სავსეა აქაურობა და მომავალში ბაღის დაბარვაც კი სახიფათო გახდება”.
ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა სეპარატისტების მიერ დედაქალაქად გამოცხადებულ დაბა ახალგორში და დიდი ლაიხვის ხეობის სოფელ ტყვიავშია, სადაც რუსი აგრესორები ოსებთან ერთად კვლავ დგანან და ადგილიდიან დაძვრას ცოცხალი თავით არ აპირებენ. ახალგორში მცხოვრები როგორც ქართული, ასევე ოსური მოსახლეობა, კოკოითის ბოევიკების მძევლებად არიან ქცეული. ახალგორის თავზე ოსური დროშა ფრიალებს და სეპარატისტები ამ ადგილის დატოვებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.
რაც შეეხება სოფელ ტყვიავსა და მის მიმდებარე სხვა ქართულ სოფლებს. ახლა ამ სოფლებისაკენ მიმავალ გზაზე რუსი ჯარისკაცები დგანან და არავის უშვებენ. ჩვენი ინფორმაციით, რუსები პირველ რიგში ჟურნალისტების შესვლას აფერხებენ, რადგან ეშინიათ, ზემოთ აღნიშნულ სოფლებში სეპარატისტების მიერ ჩადენილი მხეცობები ჟურნალისტების ობიექტივის “საკბილო” არ გახდეს. ასე რომ, სამაჩაბლოში ვითარება კვლავ მძიმეა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3622