მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ”ეს არ იყო მარტივი არჩევანი, მაგრამ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად”.
რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 25 აგვისტოს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატებმა სოხუმისა და ცხინვალის მიმართვის საფუძველზე მედვედევს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისაკენ მოუწოდეს.
”ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო სათათბირომ ამ [სეპარატისტების] მიმართვებს დაუჭირეს მხარი კენჭისყრისას,”- განაცხადა მედვედევმა, ”გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება”.
მედევდევმა განაცხადა, რომ მან სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება მიიღო რეფერენდუმების და დე ფაქტო პარლამენტების თხოვნის საფუძველზე.
თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდა 1992 წელს და 2006 წლის ნოემბერში, ხოლო აფხაზეთში ერთადერთი რეფერენდუმი 1999 წელს გაიმართა.
ამ რეფერენდუმების შედეგად მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეგიონების დამოუკიდებლობას, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიუღია 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ორივე რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ ქართველ მოსახლეობას. შესაბამისად, რეფენედუმის შედეგები არ ასახავს აფახაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებამდე რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკურად არაქართველების, განწყობებს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=19296
