სადამდეც შემეძლო, თამარაშენი არ დამიტოვებია
რუსების საჰაერო დაბომბვების შედეგად, ჩვენ მეტად დავზარალდით და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით. ოსები რომ შეტევაზე გადმოვიდნენ, ქართული სოფლების მიმართულებით გააფთრებულები ისროდნენ. ცეცხლს უხსნიდნენ ქართულ საგუშაგოებს. თამარაშენის მოსახლეობა გაიხიზნა. სოფელში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. მე ამ უმწეოებს ვპატრონობდი. ორმოც ოჯახს ვუვლიდი. საქონელს ვმწყემსავდი. 5-დან 10 აგვისტომდე ვცხოვრობდი თამარაშენში მოხუცების ამარა. 10 აგვისტოს კი, მეუღლის სიკვდილის ამბავი შევიტყვე და სოფელი დავტოვე.
თქვენი მეუღლე სად დაიღუპა?
- ჩემი მეუღლე, თავდაპირველად, სენაკში მშობლების სანახავად იყო წასული. ცოტა ხანში, როცა თამარაშენში საშიში გახდა ცხოვრება, შვილებს ჩამოაკითხა და თან წაიყვანა. ბავშვები სენაკში, ბებიასთან ჩაიყვანა და ისევ თამარაშენში დაბრუნდა - მე და დედაჩემს ჩამოგვაკითხა. მე კვლავ სოფელში დავრჩი, სხვების საპატრონოდ. ჩემმა მეუღლემ კი დედამთილიც წაიყვანა, მაგრამ მძიმე სიტუაციის გამო, გორში შეყოვნდა ჩემს ნათესავებთან და სწორედ იქ დაიღუპა. გორის კომბინატის აფეთქებისას მთელი კორპუსი განადგურდა. რუსებს 500 კგ-იანი ჭურვი უსვრიათ კომბინატისთვის. 9 გარდაცვლილიდან, 6 ჩემი ნათესავი იყო. მეზობელს 11 წლის ბავშვი დაეღუპა. ჩემი მეუღლე, მისმა ძმამ ამოიცნო ბეჭდით.
რატომ გაჭირდა ცხედრის ამოცნობა?
- თავი და ხელ-ფეხი მოწყვეტილი ჰქონდა. დედაჩემი წელს ზევით იყო დარჩენილი. დედა გორში დავმარხე. მეუღლე - 33 წლის, სამი შვილის დედა - თავის კუთხეში, სენაკის სოფელ გეჯეთში წავასვენეთ. კუბოში ხელ-ფეხი და სხეულის სხვა ნაწილები ჩავასვენეთ. დედამისს ეს საზარელი სურათი რომ არ ენახა, კუბო დავჭედეთ და ასე ჩავიტანეთ სოფელ გეჯეთში.
შვილი რამდენი გყავთ?
- სამი შვილი მყავს, უფროსი - ბესიკ გოგაშვილი სპეცნაწილში იბრძოდა. ამ დრომდე, მასზე არაფერი მსმენია. დავრჩი ორი მცირეწლოვანი ბავშვის ამარა. 15 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭი მყავს. სადამდეც შემეძლო, არ დამიტოვებია თამარაშენი. ბრძოლაშიც ვმონაწილეობდი.
ისე, ჩემი სოფელი, ძირითადად, ქართველებითაა დასახლებული, მაგრამ ორი ოსური ოჯახიც გვყავდა: კულუმბეგოვებისა და ცხოვრებოვების. სოფელში, მოხუცებთან ერთად ყოფნის დროს, ამ ოჯახებსაც ვუვლიდი.
ახლა სად ცხოვრობთ და რა შემწეობას იღებთ?
- დიღმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ვართ შესახლებულები. იქ ბევრი დევნილი მოვგროვდით. ახლა სწავლა დაიწყება და ალბათ, გაგვასახელებენ. სად უნდა წავიდეთ,Yაღარ ვიცი! აქაურ პირობებს არ დავეძებ. საჭმელზე ნაკლებად ვფიქრობ. აი, ბავშვები რომ სადმე, ერთ ოთახში მეგულებოდეს, ვიმუშავებდი და სარჩოს მივუტანდი. თუ ვინმეს შეუძლია, იქნებ, გულთან მიიტანოს და შეეწიოს ჩემს ობლებს, გვერდში დაუდგეს გაჭირვებულ ხალხს.
