სოზარ სუბარი: 6 აგვისტოს სტატუს-ქვო სანატრელი გაგვიხდა
მეორე მხრივ, რუსული აგრესია ფართოდ გავრცელდა მთელ ქვეყანაში - გაცდა კონფლიქტის რეგიონების არეს და აღარც არის უკვე საკითხავი, ვინაა აგრესორი. ეს რუსეთმა თავად დაამტკიცა. სამწუხაროდ, რუსულმა ავიაციამ, სამხედრო სტრატეგიული ობიექტების გარდა, დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. მოვლენების შინაარსი თვალნათლივ გორის დაბომბვისას გამოჩნდა, სადაც აგრესორების სამიზნე, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. მსხვერპლი, ყველა შემთხვევაში, არ არის მცირე, რადგანაც ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ყველას აქვს სიცოცხლის უფლება.
მსხვერპლის რაოდენობის დადგენაში მონაწილეობთ?
- ამ მიმართულებით სპეციალური კომისია მუშაობს. ჩემი მოადგილე, სოფო ხორგუანი უშუალოდ არის ჩართული პროცესებში. მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით დგინდება. ქართული მხარის ოფიციალური მონაცემები სარწმუნოა.
საქართველოს ჯერ კიდევ ჰყავს გამოსახსნელი ტყვეები, რამდენი არიან და ამ კუთხით როგორ მიდის მუშაობა?
- ტყვეთა გაცვლაში მონაწილეობს ადამიანის უფლებების დამცველი კომისარი, თომას ჰამარბერგი, რომელიც ამ პროცესში უშუალოდ, ჩემი მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთო. პირველ ეტაპზე, ოსები მზად იყვნენ ტყვეთა გაცვლაზე მოლაპარაკებებისთვის, შემდეგ მოიმიზეზეს, რომ თომას ჰამარბერგის ვიზიტისთვის ემზადებოდნენ და მოლაპარაკება უნდა გადაგვედო. თავად ჰამარბერგი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო, ამ პროცესში რომელიმე მხარისთვის - ქართული ან ოსური ინტერესებისთვის მიეცა უპირატესობა და შესაბამისად, ერთ-ერთის მხარე დაეჭირა.
ჰამარბერგი აქტიურად ჩაერთო ტყვეთა გაცვლის პროცესში. მისი უშუალო დამსახურებაა, რომ საქართველოს გადმოეცა ორი სამხედრო ტყვე: ზურაბ არაქანაშვილი, 33 წლის და ბესო გოგიბერაშვილი _ 24 წლის. ისინი ცხინვალის ტერიტორიაზე ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადაყვანილი. კიდევ ორი სამხედრო ტყვეა ცხინვალიდან გამოსაყვანი. ასევე, 8 სამხედრო რჩება ოსი სეპარატისტების ტყვეობაში, რომელთა ადგილმდებარეობა უცნობია. დაკარგული სამხედროების რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. არ არის გამორიცხული, ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული, სამწუხაროდ, მოკლული იყოს.
სამოქალაქო ტყვეების ოდენობაზე რას იტყვით?
- ამ მხრივაც არ არის ზუსტი მონაცემები. ჯერ კიდევ გუშინ ითქვა, რომ ტყვედ 84 კაცი იყო, მაგრამ იმავე დღეს, სოფელ ტირძნისში რამდენიმე ადამიანი დაატყვევეს. ახლა, შეიძლება, 100-ის ფარგლებში ვივარაუდოთ სამოქალაქო ტყვეების რაოდენობა, მაგრამ ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არის იმედიანი. ფაქტია, რომ რუსები ცივილურ ჩარჩოებს დიდი ხანია, გასცდნენ.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ეს იყო ე.წ. “ომის პარტიის” ომი საკუთარი ხალხის - ქართველებისა და ოსების წინააღმდეგ...
- ჯერ კიდევ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით. საქართველოს ტერიტორიაზე მოდებულია საოკუპაციო ჯარები. მოვლენების ანალიზს დროს სჭირდება, მაგრამ, ამ ეტაპზე, თამამად შემიძლია გითხრათ - ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ ყოფილიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, ოსებსა და ქართველებს შორის ნდობა აღმდგარიყო. პირიქით - დაიძაბა ურთიერთობები. ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებისა და კოკოითის გარემოცვის დაპირისპირებას. რიგითი მოქლაქეების - ოსებისა და ქართველების გაუცხოებაც დაიწყო.
რა იყო მიზეზი?
- ვგულისხმობ 2004 წლის აგვისტოს, ანუ საომარი სიტუაციის მომწიფებას. ასევე, ვგულისხმობ ერგნეთის ბაზრობის დახურვას. რა თქმა უნდა, აქ კონტრაბანდის ზონა იყო, მაგრამ შეიძლებოდა, ჩარჩოებში მოგვექცია. თუ ფოთში შესაძლებლად განიხილებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რატომ იყო დაუშვებელი თეზი ცხინვალში?
2006 წელს, ქართულმა პოლიციამ დააკავა რამდენიმე ათეული ოსი მოქალაქე და სასტიკად სცემა. ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ნდობის აღდგენას არ უწყობდა ხელს. რუსეთს აინტერესებდა ურთიერთობების დაძაბვა. კოკოითიც იგივენაირად იყო მომართული. თუმცა ჩვენ თავი უნდა შეგვეკავებინა და უარყოფითი მუხტით არ უნდა გვეპასუხა.
ყოველივე ამის შემდეგ, ოსების რეინტეგრაციისთვის რა უნდა გაკეთდეს?
- სროლა ჯერ კიდევ არ შემწყდარა. ინტეგრაციაზე, მით უფრო, რეინტეგრაციაზე საუბარი რთულია. პირველი რიგის ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლების კონტროლის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმ მიწაზე, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთაა, სადაც მოსახლეობა ვერ შედის, საჭიროა, რუსულმა ჯარებმა დაიხიოს უკან და დაიკავოს 6 აგვისტოსთვის არსებული პოზიციები. ეს არის ერთადერთი გარანტი, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელს.
თუ ქართული პოლიცია უწინდელ პოზიციებს ვერ დაიბრუნებს, ეს ტერიტორიები იქცევა ათასი რჯულის მოროდიორების თარეშის ასპარეზად. 6 აგვისტოს სტატუს-ქვო, ამ ეტაპზე, მოსახლეობის დაბრუნებით ვერ აღდგება, მაგრამ ჯარების უწინდელი განლაგებით, ავტონომიური ოლქის გარეთ მცხოვრებ მოსახლეობას მაინც მიეცემა დაბრუნების საშუალება.
ამასთანავე, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ახალგორის რაიონში არ დაიწყოს ეთნიკური წმენდა. ასეთი ტენდენცია უკვე შეინიშნება. იქაურებს ეუბნებიან, თუ რუსეთის მოქალაქეობას მიიღებთ, დაგასაქმებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქიდან გაძევებით ემუქრებიან. ეს არის ხავერდოვანი წმენდა. ამას გარდა, დადიან მოროდიორები და ავიწროებენ ხალხს. ქართველებს ყველა პირობას უქმნიან, რომ ახალგორი დატოვონ.
რაც შეეხება კოდორის ხეობას, რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს იურისდიქციის აღდგენა?
- კოდორის ხეობას, რეალურად, ვაკონტროლებდით 2006 წლამდე. იქ საქართველოს იურისდიქცია იყო, შეიძლება, ეფექტურად არ ხორციელდებოდა ხელისუფლების კონტროლი, მაგრამ ეს თავად მთავრობის ბრალი იყო. რაც მოხდა 2006 წელს, თავისთავად სასიკეთო ძვრა იყო, მაგრამ ამ მოვლენისთვის “კოდორის ხეობის დაბრუნება” არ უნდა დაგვერქმია. თუმცა, ამ პროცესებით ხელისუფლებამ მართვის ბერკეტები გაიმყარა.
დღეს, კოდორის ხეობის დაბრუნება ადვილი არ იქნება. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ღმერთმა ჰქნას, ვცდებოდე. ომამდე საქართველოს მნიშვნელოვან ტერიტორიებს ვაკონტროლებდით, მაგრამ ახლა 6 აგვისტოს სტატუს-ქვო გაგვიხდა სანატრელი. დრო და საკმაოდ დიდი ძალისხმევა უნდა, რომ ისევ იქ დავბრუნდეთ, რა პოზიციებიც 6 აგვისტოს გვეკავა.
