ქართული სიმართლე მსოფლიო პრესამ უნდა გააშუქოს
ცნობილმა დირიჟორმა ცხინვალში საკუთარი ორკესტრი ააჟღერა
შვეიცარიიდან ორი დღის წინ ქართველი მეგობარი დამიკავშირდა. იგი შვეიცარიელი ლინგვისტის, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის უკვე ყოფილი დელეგატის, ანტონ მარტის მეუღლეა. ისინი სოხუმის ომში შეხვდნენ ერთმანეთს და რამდენიმე წლის შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც.
მაგრამ ახლა მათი ბედნიერი თანაარსებობის შესახებ მოყოლის დრო არ არის, მითუმეტეს, რომ მათ შესახებ არც ისე დიდი ხნის წინ ჟურნალ “ემიგრანტების” საგაზეთო ჩანართის ვერსიაში უკვე დაიწერა (“კვირის რეზონანსი”-3-9 აგვისტო).
ამჯერად ნანას შეშფოთების საგანი გახლდათ ის, რომ მსოფლიო დონის ცნობილმა დირიჟორმა, ვალერი გერგიევმა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ცნობილ ორკესტრს დირიჟორობს და ცხილვალში ომის დაწყებისას ლონდონის სიმპონიური ორკესტრის სადირიჟოროდ იყო მიწვეული, ამ რამდენიმე დღის წინ ცხინვალში საკუთარი ორკესტრის კონცერტი ჩაატარა და “ქართველთა ბარბაროსობას” ამით უპასუხა.
ნანა ქადარია-მარტი გაოგნებული იყო ამ არაობიექტური ჟესტით და მეკითხებოდა, სად არიან პაატა ბურჭულაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ნინო ანანიაშვილი და ის ცნობილი ქართველი ხელოვანები, რომლებსაც უცხოეთში თავისი სიტყვა ეთქმითო.
- “ამ ფაქტების უგულებელყოფა არ შეიძლება, ისევ საინფორმაციო ომს წავაგებთ, როგორც აფხაზეთის ომის დროს. ამ ბოლო დღეებში დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი გარკვეულწილად იცვლება და არა საჩვენოდ!”-მითხრა სოხუმიდან დევნილმა ნანა ქადარიამ, რომელიც სხვა ქართელებისაგან განსხვავებით, ქართულ გარემოში არ ცხოვრობს და საპროტესტო აქციების ნაცვლად,ქართული კონფერენციების წყალობით აცნობს შვეიცარიელებს საქართველოს გმირულ წარსულს, მის მდიდარ ისტორიას, კულტურას და ტოლერანტობას.
ნანა იმასაც დარდობს, რომ“წითელი ჯვარი” ისე ეფექტურად ვერ მოქმედებს, როგორც ეს ხდებოდა აფხაზეთის ომის დროს და როგორი ხელშეუხებელიც იყო ნებისმიერ კონფლიქტურ რეგიონში, სადაც იგი, თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
- “ჩვენი დაცვა ყელგან მხოლოდ ჩვენი ემბლემიანი მანქანა იყო, რადგან ის ხელშეუხებელია ყველა ომის დროს. რატომ ვერ შედის ახლა “წითელი ჯვარი” ქართულ სოფლებში, განსაკუთრებით ერგნეთში, საიდანაც მოხუცების გამოყვანა დღემდე ვერ ხერხდება”- მეკითხება ამ საქმეში ჩემზე მეტად გამოცდილი ჩემი მეგობარი და მე სამწუხაროდ, მყარი საფუძვლიანი პასუხი არ გამაჩნია.
რაც მესმის მხოლოდ ისაა, რომ წითელი ჯვარი, ძირითადად, კარვების გაშლით და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებითაა დაკავებული. ერგნეთში კი მართლაც ბევრი ასაკოვანი ადამიაია ჩარჩენილი, რომელთა მოძიება ვერც ერთმა “ცხელმა ხაზმა” ვერ უზრუნველყო.
ჩავხედოთ ჩვენს ისტორიას ბატონებო!
საფრანგეთის ქალაქ რენიდან იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დახმარებით დამიკავშირდა ქალბატონი ზოია ჩიჩუა, რომელიც საზოგადოება “კავკასიის” თავმჯდომარეა. მან მთხოვა მივაწოდოთ მას სტატიები, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, რათა ისტორიულ ჭრილში, კომპეტენტური პირების მოსაზრებებით გააცნოს ფრანგებს რეალური ინფორმაცია.
- “მოგეხსენებათ, ყველა თავის მიწად მიიჩნევს ამ ტერიტორიებს. მართალია, მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას, მაგრამ მინდა ისტორიკოსების მოსაზრებები აქ გაზეთებში ფრანგულ ენაზე დავბეჭდოთ, რათა უცხოელმა გულშემატკივრებმა იცოდნენ, ვინ არის მოძალადე და ვისი ტერიტორიების მისაკუთრებისთვის მიმდინარეობს ეს ბრძოლები”- განაცხადა ქალბატომა ზოიამ.
ამგვარი მოსაზრებები ბევრი ქვეყნიდან მოგვდის. როგორც ჩანს, მართლაც მეტი სამუშაოა ჩასატარებული ამ თვალსაზრისით და ეს დიდი ხნის წინაც უნდა გაკეთებულიყო.
