პარლამენტმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დადგენილება ერთხმად მიიღო
ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების სხვა პუნქტების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ. სამშვიდობო ძალები, საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად ცხადდება. ამასთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდება.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა შეიარაღებული შენაერთი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენაერთებისა, გამოცხადდება უკანონო შეიარაღებულ ძალებად.
აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალება, უზრუნველყოს ყველა იმ სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნას ითვალისწინებს და რომლებიც თავად რუსეთის ფედერაციის ქმედებებით იყო დელეგიტიმირებული.
ამასთან, საქართველო რჩება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული და სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების ერთგული. აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან.
დადგენილების ტექსტი ზოგადად ოთხი გვერდისგან შედგება და მასში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის მრავალწლიანი პერიოდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან ამჟამად საქართველოში მიმდინარე მოვლენებამდე.
პარლამენტის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში კონფლიქტები ინსპირირებული იყო თავად რუსეთის ფედერაციის მიერ, კონფლიქტები მხოლოდ ფორმალურად წარმოებდა საქართველოსა და სეპარატისტებს შორის, თვისობრივად კი წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირიპირებას.
დადგენილების შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ პარლამენტი სპეციალურ კანონსაც მიიღებს, რომელზეც მუშაობა ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს.
დადგენილება კი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=238304
