დაგვიანებული რეპორტაჟი: წაგებული ომის ერთი დღის ქრონიკა
გორში გადასაღები უკვე აღარაფერია და კარალეთისაკენ მივდივართ. რუსების პირველ საგუშაგოს მივუახლოვდით. ჯარისკაცი ჩვენდა გასაოცრად ძალიან ზრდილობიანად გვთხოვს საბარგულის გახსნას. ველოდები ჩვენი კამერების დამნახავი, როდის მოგვთხოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაციას, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. საბარგულს ამოწმებს და გზას ვაგრძელებთ.
კარალეთი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ლამაზი და მდიდარი სოფელია. სოფლის ბირჟაზე ვჩერდებით და იქაურებთან საუბრის დაწყებას ვაპირებთ, რომ რუსების კოლონა ჩნდება. მანქანაში ვძვრები და ისე ვიღებ. მეორე ოპერატორი კოტე არც ფიქრობს, ვინმეს ან რამეს მოეფაროს შუა გზაზე დგას და იღებს. მაკაც აჩხაკუნებს ფოტოაპარატს. ველოდები, როდის გადმოხტებიან ტანკიდან და ავტომატებს მოგვიღერებენ, მაგრამ აგრესიულად განწყობილმა ოკუპანტებმა არ ვიცი რატომ, ისე ჩაგვიარეს ორი ვიდეოკამერით და ფოტოაპარატით შეიარაღებულ ქართველ ჟურნალისტებს, სვლის შენელება არც უფიქრიათ.
ვიღებთ გადამწვარ სილამაზის სალონს, რომლის შესასვლელში ჩანახშირებული ძაღლი გდია. მაკას ძლივს ვაჩერებ, რომ შიგნით არ შევიდეს.
სოფელ კარალეთის დიდიან-პატარიანად ყველა ოჯახში გვეპატიჟებოდა - ”თითქმის ყველაფერი წაგვართვეს შობელძაღლებმა, მაგრამ სტუმარს, მაინც ისე დავხვდებით, როგორც ქართველებს გვეკადრება”, - იმეორებს ყველა ერთსა და იმავეს.
ოთხმოცს მიტანებული ოჯახის უფროსი ტირილით იხსენებს, როგორ გადავიდა მასთან მეზობელი გასაფრთხილებლად, როცა სოფელში რუსული ტანკები შემოვიდნენ, როგორ იმალებოდნენ მოხუცები ბოსტანში ოსი და კაზაკი მოროდიორებისაგან, როგორ იყრებოდა სოფელში ბომბები, როგორ შეუვარდნენ სახლში და როგორ სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს.
ძალიან მძიმეა ამ ადამიანების მოსმენა. თოთხმეტი წელია ვიდეოკამერა მიჭირავს ხელში და პირველად გადაღებისას 2008 წლის 13 აგვისტოს ვიტირე, როცა გაუბედურებულმა დევნილებმა რუსთაველი გადაკეტეს. ახლა ვცდილობ ცრემლი შევიკავო და სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ადამიანები უფრო არ დავრთგუნო.
ასე დავდივართ ოჯახიდან-ოჯახში. მეზობელ სახლში ახალგაზრდა კაცი მარტოა და საწოლთან თოფი უდევს. – ”ძლივს გავასწარი დაბომბვისას, ცოლ-შვილი გავიყვანე სამშვიდობოს და დაბრუნებულს სახლი გაძარცვული დამხვდა. წაიღეს ყველაფერი რაც კი მოეწონათ. ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი... მაგრამ აქედან მაინც არსად წავალ, ჩვენს სოფელს ჩვენ თვითონ დავიცავთ. ისიც, მინდა იცოდეთ, რომ რუსებს კარალეთიდან არაფერი წაუღიათ, ჩვენს სახლებს ოსები და კაზაკები ძარცვავდნენ”.
საოცარია, უბედურებას გადატანილი ხალხი ღიმილით როგორ გვიხდის მადლობას, იმისთვის, რომ ჩავედით, რამდენადაც მოვახერხეთ მათი ტკივილი გავიზიარეთ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩვენ ვიყავით პირველი ქართველი და მე მგონი არამარტო ქართველი ჟურნალისტები, ვინც ომის მერე, გორიდან ცხინვალის მიმართულებით წასვლა გაბედა.
კარალეთიდან რუსების მეორე საგუშაგისკენ მივემართებით. ვიარეთ ალბათ 10-15 წუთი. გარშემო გადამწვარი მინდვრებია. ალაგ-ალაგ, გზის ნაპირზე დაჭეჭყლი მანქანები აგდია. სოფელ ტყვიავში, გზაზე ორი ”ჟიგულია” გაჩერებული. ერთ მანქანას კაპოტი აქვს ახდილი.
მძღოლი ხელს გვიწევს და გაჩერებას გვთხოვს.
- გამარჯობა - აშკარად გაუმართავი ქართულით გვესალმება ”გაფუჭებული” მანქანის მძღოლი
- სად მიდიხარ?
- ჟურნალისტები ვართ, გადაღებაზე...
- გადმოდი მანქანიდან, - მბრძანებლური ტონით ამბობს.
ვხედავ მაკაროვის ლულიდან, როგორ მიყურებს ვიღაც, თუ რაღაც, - მე შენი სიკვდილი ვარ...
წამის მეასედში მეორემ АКСУ მოგვიღერა. გადავდივართ მანქანიდან. პირველი ფიქრი, რომელმაც გამიელვა - აქვე დაგვცხრილავენ და მაკას წაიყვანენ. ან შეიძლება არც დაგვხვრიტონ, ჩაისვამენ მაკას და მერე თუ გინდა ტყვია იხალე შუბლში, რაღად მიღირს სიცოცხლე?
მანქანიდან გადავდივართ. ვგრძნობ, რომ ერთი ზედმეტი მოძრაობა, ან ხმის ამოღება და ისინი გაისვრიან... წამიერად გადავავლე ბიჭებს თვალი. ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება მათი სახეები. ერთადერთი ვისაც ვერ ვბედავ შევხედო მაკაა...
- ”ხელები მაღლა აწიე!” - ყვირიან ოსები - გასაღები სად არი? ჩქარა, გასაღები მოიტა”...
მაროდორები სხდებიან მანქანაში და რამდენიმე წამში სოფელ ტყვიავის გზაზე ვდგავართ. ახლა უკვე უმანქანოდ და უაპარატუროდ დარჩენილი და სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ხუთი ადამიანი. მოვტრიალდით და ხმის ამოუღებლად ვბრუნდებით უკან.
- იქნებ ყანებით ვიაროთ, რომ მობრუნდნენ? - ამბობს მაკა.
- და ნაღმები რომ იყოს ჩადებული, სად მიდიხარ? - გზას ისევ ტრასით ვაგრძელებთ...
გზაში ტყვიაველი კაცი წამოგვეწია ძველილ მიკროავტობუსით და ქართული პოლიციის პოსტთან მიგვიყვანა. პოლიციელები ცდილობენ დაგვამშვიდონ, განსაკუთრებით მაკაა ყურადღების ცენტრში, ერთ-ერთმა ატამიც შესთავაზა, გაოცებას ვერ მალავენ - ”აქ როგორ გაბედე წამოსვლა, დაიკო?”, - მაკას პასუხად ეღიმება...
პოლიციელები მანქანას გვიჩერებენ და თხუთმეტ წუთში შიდა ქართლის გუბერნატორის მისაღებში ვსხედვართ. პირველი, რამაც გამაოცა გუბერნატორის მისაღებში, ომისთვის უჩვეულო სიმშვიდე და მისი კაბინეტიდან გამოსული სამეგრელოს გუბერნატორი, რომლის რეგიონშიც იმ დროს რუსის ჯარი ისე გადაადგილდებოდა, როგორც საკუთარ მამულში.
გუბერნატორის პრეს-სამსახური ოპერატიულად ავრცელებს ინფორმაციას. სხვა მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ დეტალური ინფორმაცია მოეგროვებინათ ჩვენი ვოიაჟის შესახებ. დაღლილები, ლაპარაკის თავიც არ გქვონდა და მაინც ნახევარი საათით ყურადღების ეპიცენტრში ვიყავით. ყველას ერთსა და იმავე ფრაზას ვუმეორებ:
- ”სენსაციის მოყვარულთა გასაგონად კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენი ჟურნალისტური ჯგუფი, მძევლად არსად, არავის აუყვანია, ხოლო დაგვაყაჩაღეს ოსმა მოროდიორებმა და არა რუსმა აგრესორებმა”.
ორმოცი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ”დაუვიწყარი” დღე 2008 წლის 24 აგვისტო იყო. მე და ჩემი მეგობრები უფლის წყალობით სიკვდილს გადავურჩით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3761