მსოფლიო წესრიგი სეპარატისტულ ნაღმზეა ჩამომჯდარი
რუსეთის უერთგულესმა მსახურმა, ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა ლუკაშენკომაც კი არ მიბაძა დიდი ძმის საქციელს. ყველა ელოდა, რომ მოსკოვის კვალდაკვალ მინსკიც აღიარებდა აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთს”, თუმცა, ბელორუსიის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებას გამართლებული ნაბიჯი უწოდა, მაგრამ თავად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცნობაზე არაფერი უთქვამს. ჯერჯერობით კასტროს კუბასა და ჩავესის ვენესუელას მსგავსად, მედვედევს მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციები ”ჰამასი” და ”ჰესბოლა” გამოეხმაურნენ და რუსეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ იმედი აქვთ, რომ ეს პრეცენდენტი იქნება პალესტინის აღიარებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტი ამ დღეებში მოკავშირეებს შანხაის ორგანიზაციაშიც ეძებდა. მართალია, მისი ქმედება აზიის სახელმწიფოებს არ დაუგმიათ, მაგრამ არც მედვედევისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიუღიათ. ითქვა, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ცხადია, ჩინეთი არ დაუშვებს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, რადგან თავადაც სერიოზული პრობლემები აქვს ამ მხრივ.
ერთი სიტყვით, რუსეთის გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო შეშფოთებით უყურებს, მედვედევის უპასუხისმგებლო საქციელი, შესაძლოა, წამახალისებელი გახდეს სეპარატიზმისთვის, რომლის მოთოკვასაც ცივილიზებული სამყარო ბოლო წლებია, აქტიურად ცდილობს.
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ სეპარატიზმია. დღეისათვის დედამიწაზე დაახლოებით 5000-მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მაშინ როცა მსოფლიოში მხოლოდ 202 სახელმწიფოა. მათ შორის გაეროს წევრი 198 ქვეყანაა.
ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა პოლიეთნიკურია. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სეპარატიზმის საფრთხე ადრე თუ გვიან საკმაოდ ბევრ ქვეყანას დაემუქრება. სეპარატიზმი, ეს არის ეთნიკურ უმცირესობათა სწრაფვა გამოეყონ ამა თუ იმ სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქვეყანა შექმნან.
კოლონიზაციის წინააღმდეგ მიმართულ გაეროს 1957 წლის დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. რა თქმა უნდა, თვითგამორკვევის უფლება ”ტერიტორიული გამორკვევასაც” გულისხმობდა, რაც თავის მხრივ, გამოყოფას ნიშნავდა. მოგვიანებით, როდესაც პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ ამ დეკლარაციაში ფრაზა - ”ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება” ძლიერმოქმედი ნაღმი იყო, ფორმულირებაში შესწორება შეიტანეს და მიუთითეს, რომ პირველ ადგილზე მაინც ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა დგას. ამიტომ დეკლარაციის ახალ ვარიანტში ჩაიწერა, რომ ამ ხალხებს კულტურული ავტონომია უნდა მიეცეთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობები საკმაოდ ძლიერია, სეპარატიზაციის შედეგად ახალი სახელმწიფოების შექმნა თითქმის არ ხდება, ამ მხრივ გამონაკლისი ჯერჯერობით მხოლოდ ეთიოპიისა და იუგოსლავიის დაშლა იყო. ეთიოპიას ერიტრეა გამოეყო. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ აქ სხვა პრობლემები იდგა, ეთიოპიას ერიტრეა უბრალოდ დაპყრობილი ჰყავდა და მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.
დასავლეთი ასევე აცხადებს, რომ კოსოვოს აღიარება არ უნდა გახდეს პრეცენდენტი სხვებისთვის, რადგან კოსოვო სრულიად სხვა შემთხვევა იყო. მსოფლიოს ძლიერმა სახელმწიფოებმა კოსოვოს ტერიტორიაზე ალბანელთა ეთნოწმენდის გამო სერბეთი იმით დასაჯეს, რომ ამ ხალხას დამოუკიდებლობა მიანიჭეს. თანაც ითვლება, რომ კოსოვოს გამოყოფით საბოლოოდ დასრულდა იუგოსლავიის დაშლა.
მსოფლიომ იცის, რომ თუკი სეპარატისტული გამოსვლების შედეგად ახალი სახელმწიფოს შექმნის ერთ პრეცედენტს მაინც დაუშვებს, მაშინ ეს სახადივით გადამდები აღმოჩნდება სხვებისთვისაც და მსოფლიოს კონფლიქტები მოიცავს. ამიტომ სეპარატიზმი წახალისებული არ არის, რადგან ამ შემთხვევაში პრობლები თავად დიდ სახელმწიფოებსაც შეექმნებათ. თუ დღეს ისინი პოლიტიკური დიალოგითა და გარკვეული დათმობებით სეპარატისტების მოთხოვნების გათვალისწინებას ახერხებენ, ხვალ შეიძლება ამან უკვე აღარ გაჭრას და მათ უფრო მეტი, ანუ დამოუკიდებლობა მითხოვონ.
იქ, სადაც კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით არ გვარდება, საერთაშორისო ორგანიზაციები იმაზე მიდიან, რომ კონფლიქტი გარკვეული დროის მანძილზე დაკონსერვდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცივილიზებული მსოფლიო სეპარატისტულ რეჟიმებს არასდროს აღიარებს.
დღეს მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობებით განსაკუთრებით ქურთები გამოირჩევიან. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 45 მილიონი ქურთი ცხოვრობს. აქედან 30 მილიონი ქურთი თურქეთში, ერაყში, ირანსა და სირიაშია. ამ სახელმწიფოებს ქურთები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. თავის დროზე, სადამ ჰუსეინი ერაყელ ქურთებს სასტიკად გაუსწორდა, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჰუსეინმა ქურთებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიას ავტონომიაც კი მიენიჭა.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ქურთების სეპარატისტულმა გამოსვლებმა მომავალში უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს. სეპარატიზმი საკმაოდ მტიკვნეული საკითხია აზიისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სეპარატისტული მიდგომები გარკვეულ საფრთხეს უქმნის ინდოეთს, სადაც 30 მილიონი გუჯარათელი, 50 მილიონი თამილი და 120 მილიონი ქაშმირელი ცხოვრობს. ეს უკანასკნელნი საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად იბრძვიან. ქაშმირელთა უმეტესობა მუსლიმანია. ქაშმირელების ნაწილი ინდოეთში ცხოვრობას, ნაწილი კი - პაკისტანში, სწორედ ამიტომ აქვს ინდოეთს პაკისტანთან პრობლემები.
ჩინეთს ტიბეტის გარდა სხვა რეგიონების პრობლემაც აქვს. ჩინეთს მოსვენებას უკარგავს უიგურების სეპარატისტული მოძრაობა. უიგურები თურქული მოდგმის ხალხია და მათ ჩინელებთან საერთო არაფერი აქვთ, მათ სინ-ძიანის პროვინციაში ცალკე ავტონომიაც კი გააჩნიათ, მაგრამ ჩინეთიდან გამოყოფისთვის მაინც იბრძვიან.
საგულისხმოა, რომ ევროპის არც ერთი დიდი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ჯერ არ დამუქრებია და არც მწვავე კომფლიქტური კერები წარმოშობილა. თუმცა, გარკვეულწილად სეპარატისტული მოძრაობების სახით სერიოზული პრობლემები ევროპის ძლიერ ქვეყნებსაც აქვთ. მაგალითად, ესპანეთში საკმაოდ ძლიერია ბასკებისა და კატალონიელების სეპარატისტული მოძრაობები, მაგრამ მადრიდი ცდილობს, მათ საკუთარი იდენტურობის დაცვის საშუალება მისცეს. საფრანგეთს პრობლემები აქვს კორსიკაში. სხვათა შორის, ბასკი და კორსიკელი სეპარატისტები ძირითადად ტერორისტული მეთოდებით იბრძვიან.
დღევანდელ მსოფლიოში მეტწილად კულტურული ავტონომიებია გავრცელებული, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს საკუთარ ენაზე შეუძლიათ განათლების მიღება, ეკონომიკას წარმართვა, ერთი სიტყვით, თვითმმართველობის მაღალი ხარისხი აქვთ. დასავლეთში რეგიონებს ძალიან დიდი უფლებები ენიჭებათ, თუმცა, ეს მათ სრულ ავტონომიურობას სულაც არ ნიშნავს. პოლიტიკური ავტონომია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. ესპანეთში ასეთი ტიპის ავტონომიები აქვთ ბასკებს და კატალონიელებს, დიდ ბრიტანეთში - ჩრდილოეთ ირლანდიელებს.
შედარებით ფარული სეპარატისტული მოძრაობაა სლოვაკეთში, სადაც 600 ათასი უნგრელი ცხოვრობს. ასევე უნგრელების სეპარატისტულ გამოხტომებს აქვს ადგილი რუმინეთში, სადაც ტრანსილვანიის ოლქში ბევრი უნგრელი ცხოვრობს. მაგრამ ამ ქვეყნებში ეს პრობლემები ჯერჯერობით მაინც დემოკრატიულად წყდება. სეპარატისტული გამოხტომები არ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის უცხო. რამდენიმე წლის წინ ტეხასის შტატში გამოჩნდნენ პირები, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტეხასის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფა მოითხოვეს. სხვათა შორის, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სეპარატიზმმა ამერიკაში ძალიან მალე უფრო ფართო სახე მიიღოს.
საგულისხმოა, რომ სეპარატისტული მიდგომები ხშირად ერთ მთლიან ეთნოსშიც კი იჩენს თავს. მაგალითად, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია იტალიაში. ჩრდილოეთ იტალიელები სამხრეთ იტალიისაგან გამოყოფას მოითხოვენ. ამის მიზეზი კი ძირითადად ეკონომიკური პრობლემებია. ჩრდილოეთ იტალია ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით გამოირჩევა, მაშინ როცა სამხრეთ იტალია შედარებით ჩამორჩენილია. ჩრდილოელები მიიჩნევენ, რომ სამხრეთი მათ ხარჯზე ცხოვრობს, რის გამოც ჩრდილოეთის წინსვლა საგრძნობლად ფერხდება, ამიტომ იტალიის ღარიბი ნაწილის ჩამოშორებას მოითხოვენ.
სეპარატიზმი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა კანადისთვის. ფრანგულენოვანი კანადელების ნაწილი კვებეკისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ კანადაში ინგლისურენოვანი მოსახლეობა ფრანგულენოვანს ჩაგრავს, ან დევნის, ან კვებეკელებს ეკონომიკური პრობლები აწუხებთ, მაგრამ ცხოვრების ნორმალური პირობების მიუხედავად კვებეკი დამოუკიდებლობისთვის მაინც იბრძვის.
ერთი სიტყვით, სეპარატისტული კერები თითქმის მთელ მსოფლიოშია, განსაკუთრებით დიდი პრობლემები აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, გამოყოფის მსურველი ეთნიკური უმცირესობების სახით საშიში ნაღმები თითქმის ყველა სახელმწიფოში დევს.
ასე რომ, სეპარატიზმი ოცდამეერთე საუკუნის ფენომენია, მისი წახალისება კი მსოფლიო წესრიგის აფეთქებას გამოიწვევს.
