კმაყოფილების ღიმილმომგვრელი დახმარებები
საქმე ისაა, რომ ჩვენი მთავრობა არათუ მოითხოვს აღნიშნულ თანხის ჩარიცხვას, ამას არც დასჯერდება და სხვა მრავალ დახმარებსაც ტკბილი რძესავით შეირგებს.
- ”საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შედეგად მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება 750 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობისადმი 18-თვიანი მხარდამჭერი საკრედიტო ხაზის ფორმით”, - განაცხადა ოუენმა. მისივე თქმით, აღნიშნული პაკეტი უნდა დამტკიცდეს სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საქართველოს მოთხოვნას სექტემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.
ოუენის თქმით, საკრედიტო ხაზის მიზანია, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების დაძლევა.
- ”საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და სათანადო მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ გააძლიერა ეკონომიკის მდგრადობა და შექმნა მყარი საფუძველი ხსენებული შოკის დასაძლევად. საკრედიტო ხაზის მიზანია, საგარეო დაფინანსების შესაძლო შეფერხების ნაწილობრივი გადაფარვა, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერის გზით საქართველოს მიმართ უცხოური ბაზრების ინტერესისა და ინვესტორების რწმენის შენარჩუნება”, - განაცხადა ოუენმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებამ აღფრთოვანებაში მოიყვანა საქართველოს პრემიერ-მინიტსტრი. ”ჩვენი ეკონომიკისათვის 750 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ, - ეს ძალიან დიდი პროგრამაა, რომელიც საქართველოს კვოტის 300 პროცენტს შეადგენს, რაც უპრეცედენტო მხარდაჭერას ნიშნავს”.
პრემიერის განცხადებით, ეს თანხა ხელს შეუწყობს არა მარტო ინვესტორების რწმენის შენარჩუნებას, არამედ ინვესტიციების გაზრდას.
- ”ჩვენ არათუ გადავლახავთ ეკონომიკისთვის მიყენებულ შოკს, არამედ მომავალი წლიდან უკვე გადავალთ ინვესტირების მხრივ თვისობრივად სხვა ეტაპზე”, - განაცხადა გურგენიძემ.
მისივე განმარტებით, სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა შეიძლება იყოს გამოყენებული სავალუტო რეზერვების შესავსებად, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობას და ლარის გაძლიერებას.
სავალუტო ფონდი ჯერ ისევ გადაწყვეტილებებშია, აი, აშშ კი უკვე გადმოსარიცხ დოკუმენტაციას ამზადებს. საქართველოსთვის 1 მლრდ აშშ გამოყოფის ბრძანებას ვაშინგტონი ოფიციალურად წუთი-წუთზე გამოაქვეყნებს.
თანხის ნახევარი 4,5 თვის განმავლობაში, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ 2009 წლის 20 იანვრამდე უნდა გამოიყოს.
”საომარი დახმარებების” ფონზე, საოცარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილება, რმოელიც ბათუმის მუნიციპალიტეტს 2.5 მლნ ევროს ოდენობის სესხს ასამდე საშუალო ზომის ავტობუსისა და სარემონტო მარაგ-ნაწილების შესასყიდად.
ევრობანკში მიაჩნიათ, რომ წლების განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში ინვესტიციების და სარემონტო სამუშაოების განუხორციელებლობის მიზეზით ამჟამად ეს დარგი შავი ზღვის სანაპიროზე საპორტო ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს.
ახალი სისტემის არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი ბათუმის ავტოტრანსპორტის კომპანია გააუმჯობესებს სატრანსპორტო მომსახურებას ახალი და გაზრდილი ავტოპარკით. საინტერესოა ამ დანგრეულ ქვეყანაში მხოლოდ ბათუმის ტრასპორტის სფერო წარმოადგენს პრობლემას და სხვა დარგები წარმატებით მუშაობს?
http://presa.ge/index.php?text=news&i=3819