რა ხდება დაბომბილ ფოთის პორტში და რა ელის ფოთის ინდუსტრიულ ზონას
ფოთის ნავსადგურზე 2008 წლის 9 აგვისტოს საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ნავსადგურის თანამშრომლები: ლევანი ტურავა, ზურ ნანავა, გოჩა კაცაძე. მძიმედ დაიჭრნენ: იგორ ჩიტაშვილი, თევდორე კორტავა, მიშა ქოიავა. ამავე თავდასხმისას დაიღუპნენ ნავსადგურში არსებული მოიჯარე ორგანიზაციის თანამშრომლები: გელა ჯიქია და ზური ჩიჩუა. დაიჭრნენ: ვიტალი არველაძე და გელა ნანავა.
ამ დროისთვის დათვლილია ფინასური ზარალიც. ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლემონჯავას თქმით, ”დღეისათვის დატვირთვით პორტის მხოლოდ 35 პროცენტი მუშაობს. ტვირთნაკადის შემცირების გამო, ნავსადგურმა 2 მლნ აშშ დოლარი იზარალა, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.
დაბომბვის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 279 ათასი აშშ დოლარის ტექნიკა და ქონება. 100 ათასი აშშ დოლარით დაზარალდნენ პორტის მეიჯარე კომპანიები.
1 მლნ 100 ათას აშშ დოლარის ზარალი მიადგა თურქულ-ქართულ ნავთობკომპანია ”ჩენელ ენერჯის”. კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა მისი რეზერვუარები დაზიანა. ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშიროსო სასამართლოს მივმართავთ და სარჩელში ზარალის ამსხველი ყველა ციფრი შევა”.
საქართველოს პრეზიდენტის №243 განკარგულების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ფოთის საზღვაო ნავსადგურის და მიმდებარე ტერიტორიიის შემდგომი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით მისი პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებას, შპს ”ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” შეიცვალა იურიდიული სტატუსი და იგი იწოდება როგორც კორპორაცია ”ფოთის საზღვაო ნავსადგური”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის კონკურსის შედეგად გამარჯვებულმა არაბულმა კომპანია ”რას ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტომ” კორპორაციის აქციების 51% შეისყიდა. 16 ივნისს კორპორაცია ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის” გენერალურ დირექტორად ალან მიდლტონი დაინიშნა.
ყოფილი გენერალური დირექტორი ვენ გოვინდა საკრ პორტის გენერალური დირექტორის თანამდებობას დაუბრუნდა.
ალან მიდლტონს მსოფლიოს სხვადასხვა პორტებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, კერძოდ: ეგვიპტე, ინდონეზია, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, პაპუა გვინია, დიდი ბრიტანეთი. იგი მუშაობდა ისეთ წარმატებულ კომპანიებში, როგორიცაა დუბაის P&O პორტები, მოლერ ტერმინალები.
- ”ჩემი და ჩემი კომპანიის უპირველესი მიზანი ფოთის პორტის და, საერთოდ, ამ რეგიონის განვითარებაა, რათა თანამედროვე მსოფლიო რუკაზე ფოთმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. აქ ჩაიდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია, გაჩნდება ათასობით სამუშაო ადგილი. პირველ რიგში, დასაქმდება და უპირატესობა მიენიჭება ფოთისა და, საერთოდ, ამ რეგიონის მოსახლეობას. რაც შეეხება ნავსადგურის თანამშრომლებს, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათ რაიმე საშტატო ცვლილება არ ემუქრებათ, პირიქით, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათ გადამზადებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და შევუქმნით ისეთ თანამედროვე სამუშაო პირობებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას,” - აცხადებს მიდლტონი. მისივე თქმით, კომპანია უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს საერთაშორისო სასამართლოში წარადგენს.
- ”პორტი არ არის სამხედრო დანიშნულების ობიექტი, იგი კომერციული სტრუქტურაა. ამ ადამიანური და ყოველგავარი საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო, ჩვენი კომპანია რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. გასაგებად უნდა იქნას აღნიშნული ის, რომ კორპორაცია ”ფოთის საზღვაო ნავსადგური” არის კერძო კომპანია, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ პორტს და არ ფლობს არანაირ სამხედრო აღჭურვილობას, ტექნიკას პორტის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ის ჩაითვალოს სამხედრო დანიშნულების ობიექტად”, - აღნიშნა მიდლტონმა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაციაზე, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით, მთავრობა ინდუსტრიული ზონის ამოქმედებით 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და ათასობით ადამიანის, ძირითადად ადგილობრივების, დასაქმებას აპირებს. ამ პროექტში სამი-ოთხი წლის განმავლობაში 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება და ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა რეგიონს ”მეორე დუბაიდ” გადააქცევს.
რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა რუსული ინტერვენციის შემდეგ? ამ კითხვით ”ფაქტმა” ეკონომიკის ექსპერტს, ლადო პაპავას მიმართა.
- ”საქართველო იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსული ოკუიპანტების მიერ არის ოკუპირებული, ეკონომიკურ განვიითარებას ვერ შეძლებს მანამ, სანამ რუსული შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიას მთლიანად არ დატოვებენ. ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური განვითარება მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის მთლიანად აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმედი მაქვს, ევროპა რუსეთს აიუძულებს და საქართველოს ტერიტორიიდან მალე გავლენ რუსი სამხედრო შენაერთები,” - განაცხადა პაპავამ.
ასეთივე პათოსით საუბრობს მომავალ პერსპექტივებზე პრეზიდენტთან თათბირის შემდეგ, ფოთის მერი ივანე საღინაძე:
- ”როცა პრეზიდენტმა ფოთში თათბირი ჩაატარა, აღნიშნა, რომ ყველაფერი ის, რაც იყო დაგეგმილი, ისევ გაგრძელდება და ამ მხრივ ისევ შეინიშნება აქტივობა. ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაზეც ადრე გვქონდა გათვლები. საომარმა მოქმედებებმა, რა თქმა უნდა, საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა და მათ შორის - ფოთსაც, მაგრამ არ მგონია, რომ მნიშვნელოვნად გაიწელოს ამის რეაბილიტაცია. რაც შეეხება პორტის დაბომბვის შედეგებს, ძირითადი დაზიანება ენერგეტიკულ დანადგარებზე მოხდა, ის უკვე აღდგენილია. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გემები ვეღარ შემოდიოდნენ და ვერ იცლებოდნენ, მაგრამ თანდათანობით ეს რეჟიმიც სტაბილურდება და პორტი ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება," - აცხადებს საღინაძე.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3827