ბორჯომის ხეობა ეკოლოგიური კატასტროფის ზონაა
ჯერჯერობით ბორჯომის უნიკალური ტყის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია, რამდენადაც ხეობაში ტყეებში ხანძრის 4 დიდი კერა რჩება. ამასთან, ხეობაში მცირე კერებიც არის შემორჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მეტეოროლოგიური ვითარებაც შეიცვალა და წვიმაც წამოვიდა, ტყე-პარკში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა მაინც ვერ მოხერხდა.
იმ ადგილებში მისვლა, სადაც ჯერ კიდევ რჩება ხანძრის კერები, მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო უძნელდებათ. ხეობაში კვლავ მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე. ცეცხლის დარჩენილი კერების ჩაქრობაში რამდენიმე ვერტმფრენიც მონაწილეობს.
გარდა ამისა, ხანძრის მცირე კერები კვლავ არსებობს წაღვერის ტყეშიც, სადაც 290 000 კუბური_მეტრი ხე-ტყეა განადგურებული. ხანძრის შედეგად წაღვერში არსებულ უნიკალურ ფაუნას სერიოზული ზიანი მიადგა.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 14 აგვისტოს რუსული ავიაციის გადაფრენის შემდეგ გაჩნდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 950 ჰექტარზე არსებული მცენარეთა სამყაროსა და ცოცხალი ორგანიზმების გაჩანაგება მოჰყვა. გარემოს დამცველები ფინანსური ზარალის ზუსტ ოდენობას ვერ ასახელებენ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ის 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბორჯომში, ატენში და კიკეთში მასშტაბური ხანძრის გარდა, ალაგ-ალაგ შეინიშნებოდა ხანძრის მცირე კერები. მაგალითად, მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა თბილისში - ვარკეთილის მეურნეობაში მთაწმინდაზე და ბოლოს თბილისის ზღვაზე.
სხვათა შორის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი დღეს, 5 სექტემბერს მოულოდნელად გაჩნდა. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს. ცეცხლი გადაყრილ ავტომანქანის საბურავებს ეკიდა, თუმცა არსებობდა საშიშრობა იგი მიმდებარე ტერიტორიზეც გავრცელებულიყო.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3842