თუ “მაესტრო”ეთერში არ დაბრუნდება, მამუკა ღლონტი გეგმა ”B”-ს აამუშავებს
სასამართლო დარბაზიდან შესვენებაზე გამოსული დავით აქუბარდია, რომელმაც ტელეკომპანია “კავკასიის” არსებობის მანძილზე არაერთი მსგავსი შეზღუდვა გადაიტანა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ სისულელის კითხვას ამდენი დრო მოანდომა.
უფრო გარკვეულ განმარტებებს იძლევა სტუდიის ადვოკატი. მისი თქმით, “მაესტროს” საჩივარი ლიცენზიის გაცემის ვადების დარღვევას ეხება. ანუ მარეგულირებელმა კომისიამ შეგნებულად გაწელა დრო, და 29 იანვარს შეტანილ განცხადებაზე, ლიზენციის მიცემის შესახებ, უარყოფითი გადაწყვეტილება 4 აპრილს მიიღო იმ მოტივით, რომ ამისათვის საჭირო ერთი თვე დასრულებული იყო.
“მაესტროს” ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათ წარმოების წესები დაარღვიეს და შეგნებულად რომ არ დაეგვიანებინათ პასუხის გაცემა, უარის საფუძელიც არ იქნებოდა. “მაგრამ მათ დაარღვიეს ვადები, შესაბამისად სტუდიას დააკისრეს სანქციები და შემდეგ უთხრეს უარი ლიცენზიის გაცემაზე” - განაცხადა ადვოკატმა თამარ კორძაიამ პრესა.გესთან საუბრისას.
დღევანდელ სხდომაზე კი მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა ეს საკითხი საერთოდ უპასუხოდ დატოვეა და ყურადღება გადაიტანა სტუდიის მიერ 6 დეკემბერს შეტანილს განცხადებაზე, მისი მოდიფიცირების შესახებ.
შეგახსენებთ, “მაესტრომ” თავდაპირველად, მაუწყებლობა გასართობი პროგრამებით დაიწყო. ქვეყანაში პოლიტიკური მოვლებების დაძაბვის შემდეგ კი პროფილი შეიცვალა.
სხდომიდან გამოსული ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ეს საკითხიც სპეციალურად, დროის გაწელვის მიზნით იქნა წარმოდგენილი.
თავად სტუდიის ხელმძღვანელი მამუკა ღლონტის აზრით, პროცესი აბსოლუტურად პოლიტიკურ ელფერს ატარებს.
“აქ რაღაც კანონის პუნქტებზე გველაპარაკებიან, როცა მთელმა თბილისმა და საქართველომ იცის, რომ ტელე კომპანია ”ალანია” მთელი წელი ულიცენზიოდ გადიოდა ეთერში და სწორედ იმ დღეს მისცეს, როცა ჩვენ გაგვაჩერეს. რუსთავი 2-საც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად რამდენიმე ლიცენზია მისცეს. ჩვენ კი წინადადებაში წერტილის და მძიმის დონეზე გვედავებიან. მაგრამ ამ მარიონეტების საქმიანობას აქ მყოფი ჟურნალისტები იძიენებ და მალე ყველაფერი გაირკვევა” - გვითხრა მამუკა ღლონტმა.
ცნობილი ჟურნალისტი და სახალხო დამცველის მოადგილე ია ანთაძე კი ვერ იხსენებს ფაქტს, როცა საკაბელო ტელევიზიას, ანალოგიური პრობლემები შექმნოდეს ლიცენზიის გამო მაუწყებლობის შეწყვეტის თვალსაზრისით. “ამ პრობლემას ორი მხარე აქვს - იურიდიული და პოლიტიკური. იურიდიულს უფრო იურისტები გაარკვევენ. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ საკაბელო ტელევიზიას ლიცენზიის კანონი საერთოდ არ უნდა ეხებოდეს. ამდენად, აქ უფრო პოლიტიკურ მიზეზებს ვხედავ” - აღნიშნა ია ანთაძემ ჩვენთან საუბარში.
სტუდიის საქმიანობის შეჩერებას იგი სამ რეიტინგულ გადაცემას უკავშირებს.
“მე დიდი ხანია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩახედული ვარ და ვხედავდი, როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა საეთერო სივრცეების დახურვა. ამდენად, ფაქტია, რომ “მაესტროს” პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთერში გავიდა სამი პოპულარული გადაცემა: ”კადრები უკომენტაროდ”, ”პროფესია-ჟურნალისტი” და კონკრეტულ კითხვებზე მაყურებელთა გაუფილტრავი პასუხები.
ბატონი მამუკა ყოველთვის ხვდება, როდის როგორი გადაცემა და პროექტი დააინტერესებს მაყურებელს და რა სჭირდება პუბლიკას. სამივე გადაცემას ჰყავდა უამრავი მაყურებელი, რადგან მოწვეული სტუმრების კომენტარები გადაცემაში “პროფესია-ჟურნალისტი, რომელსაც სამი ჟურნალისტი ვუძღვებოდით, ისევე საინტერესო იყო, როგორც საპროტესტო აქციებიდან მომზადებული ვიდეო-კადრები უკომენტაროდ და სატელეფონო ზარებით გამოთქმული პასუხები ყოველდღიურად დასმულ კითხვებზე.
იმ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებით შეზღუდულია თავისუფალი სიტყვის არეალი, განსაკუთრებით ტელევიზიებს ვგულისხმობ, ჩემთვის სავსებით გასაგები იყო, რომ ხელისუფლება ხელახლა ამ გადაცემების გაშვებას ეთერში აღარ დაუშვებდა” - აღნიშნა ია ანთაძემ.
სასამართლო პროცესი იმით დამთავრდა, რომ მოსამართლემ მხარეების მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების გასაცნობად დრო 17 სექტემბრამდე ითხოვა.
პრესა.გე-ს შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს მამუკა ღლონტი, თუ სასამართლო მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და “მაესტრო” ეთერში არ დაბრუნდება, მან განაცხადა: “მე ყოველთვის იმედიანად ვარ. მაგრამ თუ იმედი გამიცრუვდება, შევკრიბავ ბევრ პროფესიონალ ჟურნალისტს და გაზეთს გამოვუშვებ. ამათ მაინც არ მოვასვენებ”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3913