დაღუპულ ჯარისკაცებს ვაგონ-მაცივრებში ინახავდნენ
ძნელი სათქმელია, ვინ რა ხეირს პოულობს საზოგადოების გაოგნებაში. თუმცა, მიზანი მიღწეულია – საზოგადოებას მსგავსი ცნობების უფრო სჯერა, ვიდრე, ოფიციალური მონაცემებისა. თუმცა, ესეც გასაგებია – საზოგადოება ხელისუფლებას არ ენდობა და გამოდის, ზოგიერთები სწორედ ამით სარგებლობენ. არადა, ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როცა საზოგადოება მათ მოსთხოვს, გარდაცვლილთა რაოდენობა კონკრეტული გვარ-სახელებით წარმოადგინონ და არა, ინკოგნიტო რესპოდენტების მიერ მოყოლილი ამბებით.
ამ აჟიოტაჟის პერიოდში, “ვერსია” ინტენსიურად ცდილობდა და კვლავ ცდილობს, შეისწავლოს გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ სამუშაოს მოითხოვს. დაღუპულთა სია ჟურნალისტებისთვის ხელმიუწვდომელია, როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.
“ვერსიის” ძიების პროცესში გაირკვა, რომ შოკისმომგვრელი ცნობებს არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ სწორედ, თავდაცვისა და შს უწყების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ავრცელებენ. მათი სამოქმედო სქემა ასეთია: “ვითომ შემთხვევით”, ჟურნალისტებს აწვდიან ინფორმაციას, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მრავალრიცხოვანია. ცხადია, ასეთ ინფორმაციაზე მრავალი ჟურნალისტი შეიძლება წამოეგოს. თანაც, ცხადია, როცა ინფორმაციას რომელიმე ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ახმაურებს, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის პირველწყაროა და დიდი ალბათობაა, სენსაცია გადაუმოწმებლადაც გამოაქვეყნოს.
რამდენიმე დღის წინ “ვერსიის” ჟურნალისტს აცნობეს, რომ ხელისუფლება დაღუპულთა ცხედრებს ელექტროდეპოს ტერიტორიაზე, ვაგონ-მაცივრებში მალავდა, სადაც თითქოს, ათასობით გარდაცვლილს სპეციალური მომვლელებიც ჰყავდა. წყარო ჟურნალისტს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლად გაეცნო და აღნიშნა, რომ დეპოში გვამებით სავსე ეშელონია ჩამომდგარი და ხელისუფლება სწორედ იქ მალავს ათასობით დაღუპულს. დეტალების გამოკითხვის შემდეგ, ინფორმაცია ძალიან დამაჯერებელი ჩანდა, თუმცა, ცხადია, “ვერსიამ” გადაწყვიტა, ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა. როცა თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ უტყუარად იცი ათასობით დაღუპული ჯარისკაცის ადგისამყოფელი, მითითებულ ტერიტორიაზე გულგრილად ვერ მიხვალ. დეპოში გაჩერებულ მრავალ ვაგონს შორის, მაცივარ-ვაგონების გამორჩევაც არაა ადვილი. წინასწარ დაგეგმილი სცენარით, “ვერსიამ” ამ ვაგონებს კითხვა-კითხვით, მაგრამ მაინც მიაგნო. სცენარის მიხედვით, ჩვენ არა ჟურნალისტები, არამედ თითქოს ჭირისუფლები ვიყავით - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ნათესავებს ვერ ვპოულობდით და ვინაიდან ინფორმაცია გვქონდა, რომ მიცვალებულებს იქ მალავდნენ, შესაძლოა, მათ შორის, რომელიმე აღმოჩენილიყო.
მატარებლის მესამე ვაგონთან საოჯახო ნითვთები, ამასთან, მამაკაცის ჩუსტები ეყარა და ამით მივხვდით, რომ ვაგონში ვიღაც იმყოფებოდა. რამდენიმეწუთიანი კაკუნის შემდეგ, ვანოგიდან მართლაც ორმოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი გამოვიდა და დაბნეულად მოგვაჩერდა. ეტყობოდა, იმ ტერიტორიაზე ჩვენი მისვლისას დაიბნა. დამწუხრებული სახით მამაკაცს მისვლის მიზანი გავანდეთ. ვინაიდან ვიცოდით, რომ იმ ვაგონებში მიცვალებულებს ინახავდნენ, ვთხოვეთ, გვამები ჩვენთვისაც ენახვებინა, იქნებ, ჩვენი “ახლობლები” ამოგვეცნო.
წინასწარ დაგეგმილმა სცენარმა გაჭრა. თუმცა, გაგვაკვირვა მამაკაცის პასუხმა - “ამჟამად, მიცვალებულები აქ აღარ არიან”. ერთის მხრივ, დავრწმუნდით, რომ ჩვენმა წყარომ არ მოგვატყუა, მაგრამ...
მამაკაცს, რომელიც ჩვენს “ლეგენდას” ენდო და სახელითა და გვარითაც გაგვეცნო, რამდენიმე კითხვით ჩავეძიეთ:
აღარ მოიყვანენ?
- არა მგონია...
არადა, გვეგონა, აქ ვნახავდით... ვიცოდით, რომ ბოლოს აქ მიცვალებულები 3 სექტემბერს მოიყვანეს...
- კი, ასე იყო. თუმცა, 3 სექტემბერს მხოლოდ სამი მიცვალებული იყო და ახლა აქ აღარ არიან...
სულ რამდენჯერ მოიყვანეს?
- ორჯერ, მაგრამ აქ მხოლოდ სამ დღეს გააჩერეს.
მერე, სად წაიყვანეს? არადა, შეიძლება, მათ შორის ჩვენი ახლობლებიც იყვნენ... ხომ ვერ დაგვეხმარებით, სხვაგან სად შეიძლება მიცვალებულების მოძებნა?
- ვინც აქ მოიყვანეს, მერე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. ყველა ჯარისკაცი იყო და თავისი ნომერი ჰქონდა. ვინც უცნობი იყო, ეწერა რომ უცნობია.
ე.ი. საუბარი იმ დაღუპულ ჯარისკაცებზეა, რომელთა დაკრძალვა ტელევიზიით ვნახეთ?
- კი, რა თქმა უნდა.
ბევრი მიცვალებული იყო?
- სულ 43 კაცი. პირველად, 40 მიცვალებული მოიყვანეს და როგორც მახსოვს, 18 აგვისტოს დაკრძალეს. სამი კი - 3 სექტემბერს.
მაინცდამაინც აქ რატომ მოიყვანეს? ახლობლების სახლში მიეყვანათ, არ სჯობდა?
- თქვენ ფიქრობთ, რომ მიცვალებულები პირდაპირ ჩვენთან მოიყვანეს? ასე არ არის. ისინი, ჩამოსვენებისთანავე, პირდაპირ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წაიყვანეს. ყველა მათგანს დნმ-ის ანალიზი და ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდა, მათი იდენტიფიცირება რომ მომხდარიყო. თუ ამოუცნობი იყო, ექსპერტიზით დადგინდებოდა, ვისი ახლობელია. მას შემდეგ, რაც ყველა პროცედურა ჩაუტარდათ, ცინკის კუბოებში ჩაასვენეს და ჩვენთან ამის შემდეგ მოიყვანეს, რათა გაგვეყინა.
რამდენ გრადუსზე ყინავდით? მათი ახლობლები არ მოდიოდნენ? ვაგონში შესვლა არ უნდოდათ?
- კუბოებს მინუს 17 გრადუსზე ვყინავდით. ცხადია, მიცვალებულის ზოგიერთ ახლობელს უნდოდა, შიგნით შემოსულიყო, მაგრამ აქვე მყოფ სამხედრო პირთან ვგზავნიდი, რომ მათთვის ეპასუხა. მე რომ კარი გამეღო, ცხელი ჰაერი შევიდოდა და პრობლემები შეიქმნებოდა.
შემდეგ ვის მიჰქონდა გვამები?
- მანქანებით, მუხათგვერდის სასაფლაოზე წაიღეს და ყველა წესისამებრ დაკრძალეს...
რამდენ ვაგონში იყო ეს ცხედრები?- ბოლო ორ ვაგონში. თუმცა თავიდან, ექვსი ვაგონი გაამზადეს, თითქოს, ამდენი დაღუპული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამდენი არ აღმოჩნდა.
იქნებ, სხვაგანაც არიან?
- არა, ამ ვაგონ-მაცივრების გარდა, სხვა, მსგავსი მატარებელი არ არის.
ასე დასრულდა ჩვენი საუბარი. ცოტა არ იყოს, არაკეთილსინდისიერად მოვიქეცით, “თამაზს” (ეს სახელი პირობითად შევურჩიეთ) ჩვენი ვინაობა რომ არ გავუმხილეთ, მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოების ინტერესებზეც ვფიქრობდით. სხვაგვარად ხომ, ჩვენი გულახდილი საუბარი არ შედგებოდა. როგორც “ვერსიამ” დამატებით გაარკვია, ვაგონ-მაცივრები, სადაც დროებით დაღუპულ ჯარისკაცებს ყინავდნენ, რკინიგზის დეპარტამენტს ეკუთვნის და ამ ვაგონებით შუა აზიიდან საქართველოში მალფუჭებადი პროდუქტები შემოაქვთ, მათ შორის - ბანანი და ხორცი. ვინაიდან ფოთის პორტში ტვირთები ვეღარ შემოდიოდა, მატარებლები აღარ მუშაობს. ისინი ახლაც დეპოში დგას და სურსათის შემოსატანად მას შემდეგ გავლენ, რაც ვაგონ-ვაცივრებს დეზინფექცია ჩაუტარდება...
მართალია, “თამაზის” მონათხრობი არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ინფორმაცია რკინიგზის დეპარტამენტში მაინც გადავამოწმეთ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ირმა სტეფნაძემ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და გვითხრა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია.
ჩვენ კი არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ “თამაზის” გულახდილობაში. იგი უშუალოდ მონაწილეობდა დაღუპულთა მოვლა-პატრონობაში და არც ის ამბავი დასიზმრებია, რაც გვიამბო.
ჩვენი მოკვლევა ადასტურებს, რომ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციებს, ხშირად, სპეციალურად აზვიადებენ. თუმცა, ერთი რამ მაინც გაუგებარი რჩება - რატომ ინახებოდა ცინკის კუბოები ვაგონ-მაცივრებში? სავარაუდოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა საშუალება, საომარ პერიოდში 43 ცხედარი ამა თუ იმ მორგში დაესვენებინა. ხელისუფლების ქმედება უფრო გასაგები იქნებოდა, თუკი ვაგონ-მაცივრებს განმასხვავებელი ნიშნით გამოარჩევდნენ, მაგალითად - წითელი ჯვრით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3924