პუტინისა და სეპარატისტების ოფშორული ოცნება
ოფშორული ზონის შექმნის იდეა მხოლოდ ბაღაფშს კი არა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ ლიდერსაც დიდი ხანია ღრღნის.
- “სამხრეთ ოსეთი, შესაძლოა, განსაკუთრებულ ოფშორულ ზონად გამოცხადებულიყო. ეკონომიკა პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ. გთავაზობთ, შევქმნათ ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელშიც რუსეთი და საქართველო დაახლოვდება”, - ასეთი შორსმიმავალი მიზნებით გაჯერებული შემოთავაზება, მართალია ომამდე, მაგრამ ედუარდ კოკოითს ეკუთვნის.
- “ერთიანი ოფშორული ზონა ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონის, სამხრეთ ოსეთისა და გორის რაიონის ფარგლებში. პოლიტიკური საკითხები უნდა გადავდოთ და ნდობა აღვადგინოთ, განვაახლოთ დანგრეული მეურნეობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ პოლიტიკური საკითხები”, - აცხადებდა კოკოითი.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კანონგარეშედ გამოცხადდეს ყველა კომპანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით გადაწყვეტს კონფლიქტურ ზონებში ინვესტირებას.
მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, აფხაზეთის ხელისუფლებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და აფხაზეთის ოფშორულ ქვეყნად გამოცხადების სურვილი გაუჩნდა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ბაღაფშს ეს იდეა მოსკოვმა უკარნახა და სინამდვილეში, იდეის განხორციელების შემთხვევაში, აფხაზეთი შავი ფულის სამრეცხაოდ გადაიქცევა.
რუსეთს შავი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრობლემები ისედაც არ აკლიათ. აფხაზეთში ასეთი “ოაზისის” შექმნით, იგი შეძლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში, იმიჯი შეინარჩუნოს, ხოლო აფხაზეთი არა მხოლოდ ფულის სამრეცხაოდ, არამედ ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობის ცენტრად გადააქციოს. რამდენად აწყობს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას დამნაშავეთა თავშესაფრის ლიდერობა, ძნელი სათქმელია. თუმცა, თუ რუსეთის პრემიერის ბიოგრაფიას გადავხედავთ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, პუტინს აფხაზეთში სკუთარი “სამეფოს” შექმნაც სურდეს.
რუსული ბანკების იმიჯი
საქართველოსთან ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთი რუსეთს დაემუქრა, რომ მისი კაპიტალის კანონიერების შემოწმებას დაიწყებს. ეს კი რუსული ბიზნესელიტის ყველაზე მტკივნეული წერტილია.
ჯერ კიდევ შარშან, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლმა უწყებამ რუსეთის კომერციული ბანკების მასშტაბური შემოწმება ჩაატარა. მიზეზი იყო ის, რომ სხვადასხვა დროს, რამდენიმე ქვეყანაში რუსული ბანკები, ფულის გათეთრების გამო, სერიოზულ სკანდალში გაეხვივნენ.
რუსული ბანკები მხოლოდ უცხოეთში არ აქტიურობენ. ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი ხანია, რუსეთის კომერციული ბანკები აფხაზეთში საქმიანობენ. საქართველოს ეროვნული ბანკი, რამდენიმე წლის მანძილზე, პერმანენტულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსული საბანკო სისტემა აფხაზეთის ტერიტორიაზე ფულს ათეთრებდა.
პოლიტიკური მოძრაობის “ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ეს პროცესი არძინბას სეპარატისტული რეჟიმის დროს, შედარებით, მალულად ხდებოდა, მოგვიანებით კი, უფრო ღია სახე მიიღო.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ცდილობდა, ეს საკითხი რუსეთის ცენტრალურ ბანკთანაც გაერკვია, მაგრამ - ამაოდ. რუსული მხარე ამ თემაზე არ რეაგირებდა. პასიურობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ეროვნული ბანკის ცნობით, აფხაზეთში 50 კომერციული ბანკი ათეთრებდა ფულს.
თუმცა, 2005 წელს იყო შემთხვევა, როდესაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, საქართველოში ფულის გათეთრების გამო, კომერციული ბანკი „მაკპრომბანკი“ დახურა. ეს ის პერიოდია, როდესაც „ქართულ ბანკს“ ლიცენზია ჩამოერთვა, მისი პარტნიორი რუსული „მაკპრომბანკის“ თაობაზე კი შეტყობინება რუსეთის ცენტრალურ ბანკს გადაეგზავნა. არაოფიციალურად, ბანკის დახურვის სხვა მიზეზებიც არსებობდა.
იმ პერიოდში აშშ-ში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით, რუსული საბანკო დაწესებულებების საკორესპონდენტო ანგარიშების აქტიურად დახურვა დაიწყო. ამ აქციაში 300-მდე რუსული ბანკი მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, “დასჯილი” რუსული ბანკების ერთი ნაწილი აქტიურად თანამშრომლობდა აფხაზეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებთან.
ოფშორულ ზონად ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში, ადვილი წარმოსადგენია, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. არც ის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, ორგანიზაციები, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნიათ, გამოაცხადებენ თუ არა აფხაზეთს თავისუფალ ზონად. რუსეთი აფხაზეთში დიდი ხანია, ისე იქცევა, როგორც სურს და თუ ამჯერად, ჩვენს ტერიტორიაზე მთელი მსოფლიოს კრიმინალების თავმოყრას გადაწყვეტს, ალბათ, ამას შეასრულებს კიდეც.
ფულის გათეთრება - პუტინის საყვარელი საქმიანობა
90-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ჩატარდა გამოძიება, რომელიც ფერადი მეტალებისა და ნედლეულის საზღვარგარეთ გატანის ლიცენზიას ეხებოდა. პუტინი კორუფციაში დაადანაშაულეს. გატანილი ნედლეულის ნაცვლად, სანკტ-პეტერბურგში საკვები პროდუქტი არავის შეუტანია. ყველაფერი მიუთითებდა, რომ ფერადი ლითონებით მიღებული ფული პუტინის ჯიბეში დაილექა, რომელიც მაშინ სანკტ-პეტერბურგის მერის - სობჩაკის მოადგილედ მუშაობდა.
რუსეთის დიდი პრივატიზაციიდან კი, პუტინის ჯიბეში გაყიდული გემების საფასურიც აღმოჩნდა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ოპერაციებს ვინმე ტრაბერი, კრიმინალური ავტორიტეტი ახორციელებდა.
რუსული მედია პუტინის სახელს უკავშირებს სხვადასხვა საწარმოებში ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციებს, საიდანაც პუტინს, დროდადრო, დიდი შემოსავლები უჩნდებოდა.
რუსული წყაროების ცნობით, ყველაზე დიდი ფული პუტინმა ვიცე-მერობის დროს იშოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი პეტერბურგში არსებული ყველა ელიტური კლუბის დამფუძნებელი იყო და თითოეული კაზინოს ლიცენზიაში 100-300 ათას დოლარამდე იღებდა.
პუტინის სახელს უკავშირდება 1996 წელს, სობჩაკის წინასაარჩევნო კამპანიისთვის, შვეიცარიის ბანკში გადარიცხული 30 მილიონი დოლარი. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინმა ორგანიზება გაუკეთა საზღვარგარეთ ბავშვების გაყიდვის სისტემას - საუბარია სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ბავშვთა სახლზე და როგორც ცნობილია, გამოძიების მასალები გენპროკურატურაში ინახება.
პუტინის სახელს უკავშირდება ლენინგარდის ადმირალიტეტის მეშვეობით, საზღვარგარეთ წყალქვეშა ნავების გაყიდვა, საბიუჯეტო სახსრებით ნაყიდი სასტუმრო და ვილა ესპანეთში. პუტინი მოიაზრებოდა კოლუმბიური ნარკომაფიის “კრიშად”, რომელიც პეტერბურგში უძრავ ქონებას ყიდულობდა. ხოლო ფირმა, რომლის კონსულტანტადაც 2000 წლამდე მუშაობდა, ევროპაში ფულის გათეთრების ცენტრად იყო მიჩნეული. აგრეთვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც რუმინულ ბანკში გათეთრებული ფულით რუსეთში უძრავ ქონებას ყიდულობდა, სწორედ პუტინი მფარველობდა.
პუტინის სახელს უკავშირებენ, დაახლოებით, 15-მდე გაუხსნელ მკვლელობას, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.
ცნობილია, რომ პუტინის შავ-ბნელი მოღვაწეობის ამსახველი ინფორმაციის წყარო, მისი ყოფილი თანამებრძოლი, ბორის ბერეზოვსკია, რომელიც ამტკიცებს, რომ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 40 მილიარდი დოლარია, იგი ასევე, აკონტროლებს “სურგუტნეფტოგაზის” 37%-ს, “გაზპრომის” 4,5%-სა და GUNVOR-ის 50 პროცენტს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ მარტივია მიზეზი, რის გამოც, ბაღაფშსა და კოკოითს, დროდადრო, ოფშორული სიზმრები ესიზმრებათ. არც ის უნდა იყოს საიდუმლო, რომ მათი შთაგონების წყარო პუტინია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე შავ-ბნელი ძალების მობილიზება სურს. მიზეზი კი ცხადია, მხოლოდ ფულის სიყვარული არ არის.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3925