თბილისის #15 საჯარო სკოლის შენობაში მეორე სართული ჩამოინგრა
თბილისის #15 საჯარო სკოლის შენობაში მეორე სართული ჩამოინგრა
მერიის ინფორმაციით, შენობაში შემთხვევის დროს მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ სკოლის კედელზე ჯერ ბზარი შენიშნეს, რის შემდეგაც კედლები ჩამოიშალა. ნგრევა შენობის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ნგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, შენობის სიძველეა. #15 საჯარო სკოლა 1956 წელს არის აშენებული.
სკოლის შენობა დღესვე თბილისის მერმა გიგი უგულავამაც დაათვალიერა. შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარეობს შენობის ექსპერტიზა.
დედაქალაქის მერის განცხადებით სკოლაში სწავლა 15 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო. შენობაში შიდა ქართლიდან დევნილებიც იმყოფებიან, მაგრამ ისინი სკოლის მეორე ფლიგელში ცხოვრობენ. ამდენად, არ დაზარალებულან.
სამშენებლო ხარჯებს მერიასთან ერთად განათლების სამინისტრო აანაზღაურებს. საჯარო სკოლაში სწავლა მოგვიანებით განახლდება.
