დევნილი სტუდენტების სწავლას სამინისტრო დააფინანსებს
გობრომიძის თქმით, დევნილი სტუდენტების რაოდენობა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაზუსტდება და შესაბამისად, თითოეულზე თანხებიც ამის მიხედვით გადანაწილდება.
სტუდენტური სესხების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და კომერციული ბანკების თანამშრომლობას რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ჩიკვაიძემაც დაადასტურა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომერციულმა ბანკებმა აგვისტოს მოვლენების გამო სტუდენტური სესხების გაცემა შეზღუდეს, რამაც სტუდენტები უნივერსიტეტს მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა.
როგორც ალექსანდრე ჩიკვაიძე აცხადებს, წინა სასწავლო წელს კომერციულმა ბანკებმა სტუდენტური სესხების სახით 6 მილიონ 800 ათასი ლარი გასცეს და განათლების და მეცნიერების სამინისტრო ელოდება, რომ ეს თანხა 2008-09 წლების სეზონზე კიდევ უფრო გაიზრდება.
- “სტუდენტებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა “ცოდნის კარი” გვაქვს, რომელსაც ასევე კომერციულ ბანკებთან ერთად ვახორციელებთ და ამ პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის უფლებამიღებულ სტუდენტებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლებას ვუფინანსებთ. პროგრამის ბიუჯეტში სამინისტრომ და ბანკებმა 3-3 მილიონი ლარი ჩარიცხეს”, - განაცხადა ჩიკვაიძემ.
რის საფუძველზე აცხადებს ჩიკვაიძე, რომ ბანკებსა და სტუდენტებს შორის სასწავლო სესხებთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია, არავინ იცის. უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბანკებმა სტუდენტების დაკრედიტებაზე საბოლოოდ უარი განაცხადეს. ერთადერთი ბანკი, რომელიც დაპირებით მაინც გამოხატავს უმაღლესი სასაწვლებლის კონტიგენტის დახმარების სურვილს, “ბაზისბანკია”.
ამიტომ სტუდენტებს თავსატეხი გაუჩნდათ, ხოლო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტები. ამ საკითხში საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ჩაერთო, რომელმაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ნოდიას დევნილი სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის შემცირების საკითხით დაინტერესება სთხოვა.
- “საომარი მოქმედებების შემდეგ სხვადასხვა პრობლემასთან და მათ შორის სწავლისთვის საჭირო თანხის გადახდასთან არსებული პრობლემებით, ინტენსიურად მოგვმართავენ შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილები. ახლა დევნილებს არ გააჩნიათ არავითარი შემოსავალი და შესაბამისად, ვერ შეძლებენ სასწავლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას”, - აცხადებდა სახალხო დამცველი.
ამ ეტაპზე გაირკვა, რომ დევნილ სტუდენტებს სწორედ სახელმწიფო დააფინასებს. მათი პრობლემა თავზე განათლების სამინისტრომ იდო. ამჯერად თავის ტკივილი უმაღლეს სასწავლებლებს დაეწყებათ. სანამ სახელმწიფო მოხელეები ყველაფერს დაინგარიშებენ და გამოთვლიან, სასწავლო დაწესებულები კუთვნილ თანხებს ვერ ეღირსებიან. სახელმწიფოსაგან თანხის მიღება როგორი რთული პროცესია ყველას ზედმიწევნით მოეხსენება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3985