ახალი მტკიცებულებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველომ წარმოადგინა სატელეფონო ჩანაწერები, რითაც ცდილობს აჩვენოს, რომ სანამ საქართველო შეტევაზე გადავიდოდა, ცხინვალში რუსული სატანკო პოლკის ნაწილები სეპარატისტულ რეგიონში თითქმის ერთი დღით ადრე იმყოფებოდნენ. ჩანაწერები გასულ კვირას აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადაეგზავნათ. ეს იყო საქართველოს მორიგი მცდელობა, დაერწმუნებინა დასავლეთი და შიდა ოპოზიცია, რომ რუსული ქვედანაყოფები მის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და საქართველომ მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიებები განახორციელა. საქართველომ The New York Times-ის რედაქციასაც წარუდგინა აუდიო ფაილები ინგლისური თარგმანის თანხლებით. გამოცემამ კი თავად მოამზადა საკუთარი დამოუკიდებელი თარგმანი ოსურიდან რუსულზე, შემდეგ კი ინგლისურ ენაზე. რუსეთი, რომელიც მკვეთრი კრიტიკის ქარცეცხლშია, აქტიურად გამოდის ქართული მტკიცებულებების წინააღმდეგ. პუტინმა გაოცებაც კი გამოთქვა დასავლეთის მიერ ქართული ვერსიის დაჯერებასთან დაკავშირებით. კრემლის მიერ ორგანიზებულ ინტერვიუში, რუსი სამხედროები შეეცადნენ შეესუსტებინათ ჩანაწერების მნიშვნელობა; მათ განაცხადეს, რომ ომის დაწყებამდე ანკლავების ტერიტორიაზე სამხედროების შეყვანა ჩვეულებრივი როტაციის და დიდი ხნის განმავლობაში იქ მყოფი სამშვიდობოების შევსების ფარგლებში მიმდინარეობდა. მაგრამ, სულ მინიმუმ, მოპოვებული ჩანაწერები, რომელთა უტყუარობა მაღალი თანამდებობის ამერიკელმა ჩინოვნიკებმაც დაადასტურეს, იმაზე მეტყველებს, რომ რუსმა სამხედროებმა დაგეგმილი თუ აგრესიული ხასიათის მატარებელი ძალების გადასროლა საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით ადრე განახორციელეს, ვიდრე მოსკოვი ამტკიცებს. და ეს გადასროლა მაშინ ხორციელდებოდა, როცა დაძაბულობა სწრაფადვე გადაიზარდა ომში. ეს ჩანაწერები იმაზეც მეტყველებენ, რომ თვით თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურის პირობებშიც რთული ხდება ომის სქელი ბურუსის გარღვევა და სიმართლის დადგენა. რუსების მტკიცებით, ომი 23:30 საათზე იმ ღამეს დაიწყო, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცხინვალში არსებულ რუსულ საჯარისო ნაწილებზე იერიშის მიტანა ბრძანა. მოსკოვი აცხადებს, რომ მისი საბრძოლო ნაწილები ცხინვალში მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ. რუსეთი არ დავობს სატელეფონო საუბრების უტყუარობაზე, რომლებიც აშკარაა, რომ ოს საზღვრის დამცველებს შორის წარმოებდა და რომლებიც კერძო ქართული ქსელის საშუალებით რეკავდნენ. ზარი 3 საათსა და 52 წუთზე 7 აგვისტოს გამთენიისას დაფიქსირდა. შტაბის უფროსი ჩრდილო ოსეთის საზღვრის დაცვიდან ეკითხება თავის ხელქვეითს, გვარად გასიევს, რომელიც როკის გვირაბის ახლოს იმყოფებოდა: ”მისმინე, ჯავშანტექნიკა მოვიდა თუ როგორაა საქმე?””ტექნიკაც და ხალხიც,” - პასუხობს ეს ადამიანი. შემდეგ კითხვაზე, გაიარა თუ არა მან უკვე გვირაბი, ის პასუხოსბ: ”კი, 20 წუთის წინ; როცა მე თქვენ დაგირეკეთ, ისინი სწორედ მაშინ შემოვიდნენ”. - ”ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ რუსები პირველები გადმოვიდნენ შეტევაზე და რომ ჩვენ თავს ვიცავდით,” - ამბობს შოთა უტიაშვილი, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. თუმცა, ჩანაწერში არ არის მითითებული ჯავშანტექნიკის ზუსტი რაოდენობა ან იმ მომენტისთვის რუსები საომარ ქმედებებს ახორციელებდნენ თუ არა. ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები - ”სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრი შვებულებაში იყო სადღაც შავი ზღვის სანაპიროზე, -განაცხადა მან, - ჩვენ არ ველოდით, რომ ისინი შეტევას დაიწყებდნენ”. იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო ძალა 7 აგვისტოს, გამთენიისას შევიდა, გენერალი უვაროვი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის გადასროლა რეგულარულად ხდება სამხრეთ ოსეთში და ამით ისინი იქ მყოფ სამშვიდობოებს უზრუნველყოფდნენ. ”რამდენადაც ჩვენ იქ ბატალიონი გვყავდა, მათ სჭირდებოდათ საწვავი, პროდუქტები. რასაკვირველია, ტქნიკისა და სამხედროების გადაადგილება ხდებოდა, - განაცხადა მან, - მაგრამ საომარი ქმედებებისთვის საჯარისო ნაწილები იქ არ გადაგვისვრია. ჩვენ რომ იქ მსხვილი შენაერთები გვყოლოდა, მაშინ 15 სამშვიდობოს არ დავკარგავდით”. საქართველო ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერპრეტაციებს და ამბობს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის თანახმად (რომელსაც ხელი 2004 წელს მოეწერა), რუსული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია მხოლოდ დღის საათებში უნდა განხორციელებულიყო და თან როტაციამდე ერთი თვით ადრე აუცილებელი იყო ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ”ამგვარი უწყება არ მოსულა”, - აცხადებს უტიაშვილი. - ”როკის გვირაბის ახლოს მყოფი მორიგე ოფიცრისთვის რატომ იყო ეს მოულოდნელობა, თუკი, როგორც თავად რუსები ამბობენ, ისინი სამშვიდობოების დაგეგმილ გადაყვანას ახორციელებდნენ?” - ამბობს უტიაშვილი. საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა დაზვერვამ ის საქმის კურსში ოსი გუშაგების საუბრიდან რამდენიმე საათში ჩააყენა. მისივე სიტყვებით, მან ეს ინფორმაცია სააკაშვილს გადასცა, რომელმაც რუსული შემოჭრის ნიშნები დაინახა. როცა მერაბიშვილს სთხოვეს ეპასუხა, ამ ჩანაწერების შესახებ რატომ დუმდნენ ასე დიდხანს, მან თქვა, რომ ომის პერიოდში, როცა მეთვალყურეთა ჯგუფმა თბილისიდან გორში გადაინაცვლა, ჩანაწერების ფაილი დაიკარგა. მოგვიანებით, ქართული დაზვერვის ოფიცრებმა 6000 ფაილი შეამოწმეს, რომ საჭირო ჩანაწერი ეპოვნათ. The New York Times-მა ამერიკული ხელისუფლების და თავდაცვის სამინისტროს მთელ რიგ ხელმძღვანელ პირებს საუბრის დამოუკიდებელი თარგმანების ასლები წარუდგინა, რათა მათ თავიანთი კომენტარები გაეკეთებინათ. მათ განაცხადეს, რომ მოპოვებული ჩანაწერები ნამდვილია, მაგრამ სრული და ოფიციალური შეფასება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც აუდიოჩანაწერის მთლიანი ფაილი გახდება მათთვის ხელმისაწვდომი. მათივე სიტყვებით, ვაშინგტონი ყურადღებით სწავლობს, თუ როგორ მოხდა ამ კონფლიქტის პროვოცირება და ვინ იყო მოპასუხის როლში. საუბრები ჯავშანტექნიკაზე გვირაბში პირველ საუბარში, რომელიც 3:41 საათზეა დაფიქსირებული, გასიევი თავის უფროსს ეუბნება, რომ რუსმა პოლკოვნიკმა ოს მესაზღვრეებს სამხედრო მანქანების შემოწმება სთხოვა. ის ამბობს: ”მოგვიახლოვდა უფროსი და გვითხრა: ”თქვენმა ბიჭებმა შეამოწმონ მანქანები… შეიძლება შემოწმება?” როცა გასიევს ამ პოლკოვნიკის ვინაობა ჰკითხეს, მან უპასუხა: ”არ ვიცი. მათი უფროსია. აქ ის არის უფროსი. აქ გამოაგზავნეს BMP-ები და სხვა მანქანები, და ისინი გვირაბში გაიჭედნენ. ბიჭებიც აქ დგანან. და მან თქვა, რომ ჩვენ უნდა შევამოწმოთ მანქანები. არ ვიცი. ის გავიდა”. B.M.P - ეს მუხლუხოიანი ჯავშანმანქანაა, რომელიც ტანკს მოგაგონებთ. ის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მანქანაა, რომელსაც რუსები ბრძოლის დროს იყენებენ. ასევე, იგი გამოიყენება სამშვიდობო კონტინგენტის მიერ. 3:52 საათზე გასიევმა თავის უფროსს აუწყა, რომ მანქანებმა გვირაბი დატოვეს, ხოლო მათ ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი, გვარად კაზაჩენკო. სახელი არ უხსენებიათ. როგორც ომის შემდგომი რუსული პრესის საშუალებით ირკვევა, პოლკოვნიკი ანდრეი კაზაჩენკო 135-ე მოტომსროლელ პოლკში მსახურობდა. ეს პოლკი უზრუნველყოფდა სამშვიდობოებს სამხრეთ ოსეთში და იბრძოდა ცხინვალში ომის დროს, რაზეც გენერალი უვაროვიც საუბრობს. მისი თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას პოლკოვნიკ კაზაჩენკოს შესახებ. ქართული მხარის მტკიცებულება რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ, სულ ცოტა, ნაწილობრივ მაინც დასტურდება სხვა წყაროების მიხედვითაც. დასავლეთის დაზვერვამ დამოუკიდებლად დაადგინა, რომ 135-ე პოლკის ორმა ბატალიონმა გვირაბი სამხრეთ ოსეთისკენ ან 7 აგვისტოს ღამით, ან დილით გამთენიისას 8 აგვისტოს განვლო. ამის შესახებ აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი. გასულ კვირას დასავლეთს სხვა სადაზვერვო მონაცემებიც მიუვიდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან გვირაბის ჩრდილოეთი მხარის დასაცავად ერთი მოტომსროლელი ქვედანაყოფი გამოიყო. ამერიკელების თქმით, მთელი გვირაბის გასაკონტროლებლად ეს ქვედანაყოფი ან 7 აგვისტოს ღამით, ან 8 აგვისტოს გამთენიისას უნდა დაძრულიყო. 3 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გაზეთ 'Красная Звезда'-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც კაპიტანი 135-ე პოლკიდან, დენის სირდისტი ყვება, რომ მისმა ქვედანაყოფმა სწავლებების შეწყვეტის და ცხინვალისკენ დაძვრის ბრძანება 7 აგვისტოს მიიღო. The New York Times-ის რედაქციის კითხვაზე ამ სტატიასთან დაკავშირებით, რუსულმა გაზეთმა პასუხად გასულ პარასკევს გამოქვეყნა ცნობა, სადაც კაპიტანი სირდისტი აცხადებდა, რომ ცხინვალისკენ დაძვრის სწორი თარიღი არის 8 აგვისტო. ჩვენი მცდელობა, კაპიტან სირდისტს დავკავშირებოდით, ამაო აღმოჩნდა. აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის ანგარიში - ”მთელი ამ მოვლენების პიკის დროს, მე კავშირზე ვიყავი ქართული ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, ისინი სრული დარწმუნებით საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ რუსული ჯავშანტექნიკა როკის გვირაბში შემოვიდა და გამოვიდა იქიდან. ეს მოხდა ცეცხლის შეწყვეტამდე და მის შემდგომ პერიოდში,” - განაცხადა მან - მე, განკარგულების შესაბამისად, ვუთხარი, რომ ჩვენ მოვუწოდებდით არ ჩართულიყვნენ რუსებთან უშუალო დაპირისპირებაში”. მისი სიტყვებით, 7 აგვისტოს, საღამოს, სანამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეტევის ბრძანება გასცემდა, საგარეო მინისტრს ეკატერინე ტყეშელაშვილს ესაუბრა. ”იგი სრულიად დარწმუნებული იყო რუსების იქ ყოფნაში,” - ამბობს ბრაიზა. ”ამგვარ პირობებში, - განაცხადა ტყეშელაშვილმა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სოფლები”. გენერალმა უვაროვმა განაცხადა, რომ ქართველებმა წინდაუხედავად იმოქმედეს, დაზვერვის მონაცემების მიხედვით, მათ არ ჰქონდათ სრული წარმოდგენა შექმნილ მდგომარეობაზე. ”პირველმა რუსულმა საომარმა ქვედანაყოფმა - 135-ე პოლკის 1-მა ბატალიონმა როკის გვირაბი მხოლოდ 8 აგვისტოს, 14:30 საათზე გაიარა, ანუ 14 საათის შემდეგ, რაც ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო” - აცხადებს უვაროვი. მისივე სიტყვებით, ბატალიონი ცხინვალამდე მხოლოდ მეორე დღის საღამოს მივიდა, რადგან ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა ქართველების მხრიდან. ქართული მხარე ამ მტკიცებულებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რუსებთან მძიმე ბრძოლა როკის გვირაბის მახლობლად ჰქონდა გათენებამდე დიდი ხნით ადრე. მაშინ უკვე ცხადი გახდა, რომ ომი დაიწყო. |
