კომუნიკაციური რეკეტის მცდელობა
ყაზახების საკუთრებაში მყოფი კომპანიის შემოტევებს ”კავკასუს ონლაინი” უძლებს და ცდილობს, რომ არც ერთი პოზიცია უბრძოლველად არ დათმოს. იქ, სადაც საკუთარი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, მარეგულირებელ კომისიას მიმართავს და რეაგირებას მას სთხოვს, ან უფლებების დაცვას საპატრულო პოლიციის საშუალებით ახერხებს.
ელექტროკავშირის მიერ გამოცხადებული ომის ქრონიკა კი თავისი მასშტაბებითა და მრავალფეროვნებით მართლაც შთამბეჭდავია. ”კავკასუს ონლაინისთვის” მას არაერთი შეზღუდვა და ბარიერი აქვთ დაწესებული. ”პრესა.გე” სტატიის პირველ ნაწილში დაწვრილებით წერდა იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით აფერხებს ”ტელეკომი” ”კავკასუს”-ის ქსელში ახალი აბონენტების ჩართვას, როგორც გაუზარდა სატელეფონო წყვილების მომსახურებაზე ტარიფი.
ნახევარი კვადრატულის ქირა - 1600 ლარი
”კავკასუს ონლაინის” ინტერნეტი მომხმარებლამდე რომ მივიდეს, საჭიროა, სატელეფონო სადგურებში პროვაიდერს საკუთარი აპარატურა ჰქონდეს დამონტაჟებული. საგულისხმოა, რომ არც მეტი - არც ნაკლები, ეს აპარატურა სულ დიდი ნახევარ კვადრატურ მეტრ ფართს იკავებს. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის კედელზეა მიმაგრებული. ”კავკასუსს” ”ტელეკომის” კუთვნილ სატელეფონო სადგურებში ეს ფართობი აქვს ნაქირავები. შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა ამ ფართში ”კავკასუსი” თვეში 1’600 ლარს იხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კვადრატული მეტრის ქირა 3’000 ლარია, ამხელა გადასა კი მანჰეტენზეც ყველაზე პრესტიჟულ კომერციულ ფართზეც კი არ არის.
- ”ვიცით, რომ ძალიან მაღალ ფასს ვიხდით, მაგრამ რას ვიზამთ? ”ტელეკომი” მონოპოლისტია, მას შეუძლია, თავის ფართზე ერთ კვადრატულ მეტრს 16 ათასი ლარი დაადოს და სხვა გზა არ გვექნება, უნდა გადავიხადოთ. ასეთი ფაქტებისგან მარეგულირებელი კომისია უნდა გვიცავდეს, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს”, - აღნიშნავენ ”კავკასუს ონლაინში”.
საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი: მიუხედავად იმისა, რომ ”კავკასუსი” ნახევარ კვადრატულ მეტრის ქირაობაში ასეთ კოლოსალურ თანხას იხდის, მის მიერ იჯარით აღებულ ფართზე შესვლის საშუალებას ”ტელეკომი” არ აძლევს. ამ ტერიტორიებზე დამონტაჟებულ აპარატურას სხვადასხვა მიზეზების გამო ხან გადატვირთვა, ხან რაღაცის დამატება სჭირდება, მაგრამ ”ტელეკომი” ამ საქმიანობის შესრულებას უზღუდავს. მეტიც - ერთხელ იმდენად გართულდა საქმე, რომ ”კავკასუს”-ის ხელმძღვანელობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რათა საკუთარ აპარატურასთან მისვლის უფლება მიეღოთ.
ამას უკვე რეკეტი ჰქვია
ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებულია, რომ ერთ პროვაიდერს თუ მეორე პროვაიდერთან ურთიერთჩართვა სურს ამაში თანხა უნდა გადაიხადოს, რამეთუ უფასოდ რაიმე მომსახურების უზრუნველყოფა ბუნებაში არ არსებობს.
”კავკასუს”-მა ამ გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზარალის გასაანგარიშებლად დაიქირავა აუდიტორული კომპანია Deliotte, რომელიც მსოფლიოში საერთაშორისო აუდიტორების პირველ ხუთეულში შედის. მათ დადეს კომპანიის ხარჯები და აღმოჩნდა, რომ ”კავკასუსი” ყოველთვიურად ამ გადაწყვეტილების გამო ნახევარ მილიონ ლარს კარგავს.
”კავკასუს”-ში ამბობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი რეკეტი.
”დაზიანება არის, მაგრამ არ არის”
როგორც სტატიის პირველ ნაწილში იყო აღნიშნული, ტელეკომმა ”კავკასუსს” სატელეფონო წყვილების მომსახურება 3,50 ლარიდან უცებ 11,68 ლარამდე გაუზარდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილი ტარიფის მიუხედავად, მომსახურების ხარისხი იგივე დატოვა. მეტიც - ხშირ შემთხვევაში წყვილებზე სრული დაზიანებაა, ხაზში სიგნალის მილევა, ან სხვა ტექნიკური პრობლემაა, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად ”გაერთიანებული ტელეკომი” არაფერს აკეთებს.
იმისთვის, რომ ”კავკასუსმა” ”ტელეკომს” ასეთი ტიპის დაზიანების გასწორება აიძულოს, ერთადერთი გზა მარეგულირებელში ჩივილია. თავის მხრივ, კომისია ყოფილ ”ელექტროკავშირს” პრობლემის გამოსასწორებლად ვადებს უწესებს. თუმცა, არაერთი შემთხვევა ყოფილა იმისა, როცა კომისიის მოთხოვნა ”ტელეკომს” არ შეუსრულებია.
იყო ფაქტები, როცა ”ტელეკომის” გაფრთხილების შემდეგ კომისიამ საკუთარი მონიტორინგის სამსახურს დაავალა, შეემოწმებინა, რამდენად იყო დაზიანებები აღმოფხვრილი. იმ შემთხვევაში, თუ გაირკვეოდა, რომ პრობლემა გამოსწორებული არ იყო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ტელეკომს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.
მონიტორინგის ჯგუფმა ყველა ფაქტი შეისწავლა და დაწერა დასკვნა, რომ ”ტელეკომის” ხაზებში კვლავაც უამრავი ხარვეზი რჩებოდა, რის გამოც ”კავკასუსის” აბონენტები ინტერნეტს ან საერთოდ ვერ იღებდნენ, ან სიგნალი შეფერხებით მიეწოდებოდათ.
მონიტორინგის ჯგუფის ასეთი ანგარიშის მიუხედავად, კომისიამ დასკვნაში აღნიშნა, მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ სახაზო-საკაბელო წყვილებზე დაზიანება საერთოდ არ არსებობს და ყველა პრობლემა აღმოფხვრილიაო.
”კავკასუს”-ში კი ფიქრობენ, რომ კომისიამ ასეთი დასკვნა იმიტომ დაწერა, რათა ”ტელეკომისთვის” სოლიდური ჯარიმა არ დაეკისრებინა. საგულისხმოა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისთვის დაწესებული საჯარიმო სანქცია 5000 ლარს სცილდებოდა, ამ შემთხვევაში კი კომისიას სხვა გზა არ რჩებოდა, რომ დაეწყო სანქცირების პროცედურა ყაზახური კომპანიის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით დაწერა, რომ ”გაერთიანებულ ტელეკომს” ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა. ამით შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ სახაზო საკაბელო წყვილზე დაზიანების წარმოქმნის შემთხვევაში პასუხისმგებელი აღარავინ არის, რათა ეს დაზიანება აღმოფხვრას.დაზარალებული ბიუჯეტი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი უფლებების დაცვას ”კავკასუს ონლაინი” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ცდილობს. მაგალითად, როცა უბანზე ”კავკასუსის” მომხარებლების რიცხვი იზრდება, საჭიროა, რომ სადგურზე აპარატურა დაემატოს. ფაქტობრივად, ამ აპარატურის დამატება კომისიაში მოგებული დავის გარეშე არ ხდება. ასევე, მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში კომისიაში პროცესების მოგების გარეშე ”კავკასუსს” ჭაში არც ერთი ახალი კაბელი არ ჩაუდევს.
მარეგულირებელ კომისიაში ”კავკასუსს” ”ტელეკომის” წინააღმდეგ 60-მდე საჩივარი აქვს შეტანილი. აქედან 70 პროცენტი მოგებულია და გადაწყვეტილება ”კავკასუს”-ის სასარგებლოდ არის გამოტანილი. თუმცა, სხვა საკითხია მათი აღსრულება.
- ”საჩივრების 30 პროცენტი, რომელზეც გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი, საკვანძო საკითხებია და მათი გადაწყვეტა უცებ დაალაგებდა ყველა პრობლემას. ამ წუთშიც არის განსახილველად ისეთი საკითხები, თუ კომისია პრონციპულ პოზიციას დაიჭერს, არავის სადავო აღარ ექნება და ყველა მხარე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იმუშავებს”, - აცხადებენ ”კავკასუსში”.
საგულისხმოა, რომ არაერთჯერადი დარღვევის შემთხვევაში კომისიამ სანქცია უნდა გამოიყენოს. მაგალითად, თუ არ ჩართო მომხმარებელი და ”კავკასუსი” იგივე საკითხზე მეორედ თუ უჩივლებს, მაშინ კომისია ვალდებულია, ”ტელეკომს” დაავალოს მომხმარებლის ჩართვა და პლუს ამას უნდა განიხილოს სანქციის დაწესება. ადრე ეს ჯარიმა იყო მთელი წლიური ბრუნვის 0,5 პროცენტი, თუმცა, შეცვალეს და იგი არა უმეტეს 30 ათას ლარს შეადგენს.
”კავკასუსში” მიაჩნიათ, რომ სწორედ ფინანსურმა ჯარიმამ უნდა დააფიქროს კომპანია, უღირს თუ არა ასეთი არაჯანსაღი წესებით მუშაობა. საგულისხმოა, რომ თავის დროზე მთელი წლიური ბრუნვის 0,5 პროცენტი ”ტელეკომის” შემთხვევაში 700 ათას ლარს შეადგენდა. თუმცა, მის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებას კომისია ვერასდროს ბედავდა.
ერთადერთი შემთხვევა იყო 2008 წლის 4 ივნისს, როდესაც კომისია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ”ტელეკომს” დაკისრებული მოვალეობის არშესრულების გამო სანქციის ფორმად უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რამაც საბოლოო ჯამში 2000 ლარი შეადგინა.
კომისიის გადაწყვეტილება იმდენად შემაშფოთებელი აღმოჩნდა ”ტელეკომისთვის”, რომ მან ატეესებში ”კავკასუს”-ის აბონენტების გათიშვა დაიწყო. კერძოდ, გათიშეს ასს-95, სადაც ”კავკასუს”-ს სამი ათასი აბონენტი ჰყავს და მათ შორის არის სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ამ სადგურზე ”კავკასუსის” თანამშრომლების შეშვება და აპარატურის გადატვირთვა, რათა ინტერნეტის მიწოდება აღდგენილიყო, მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის უშუალო ჩარევით მოხერხდა.
არადა, ”ტელეკომმა” იმდენჯერ დაარღვია დაკისრებული მოვალეობა, რომ სულ მცირე 10-ჯერ მაინც უნდა ყოფილიყო დაჯარიმებული. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. გამოდის, რომ ”ტელეკომის” არდაჯარიმების გამო ბიუჯეტმა სოლიდური თანხები იზარალა.
- ”კომისიამ სანქცია რომ არ გამოიყენა, შეიძლება ამით ”კავკასუს”-ს უშუალო ზიანი არ მიდგომია, რადგან ეს ფული ბიუჯეტში უნდა წასულიყო, მაგრამ ამით ”ტელეკომს” დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა. ქურდი რომ იპარავს, თუ არ დასჯი მეორედ ისევ მოიპარავს. ასე ხდება ელექტროკავშირის შემთხვევაში”, - აღნიშნავენ ”კავკასუს”-ში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4019