დაზარალებულ გორელ მოვაჭრეებს ჯარიმების გადახდას აიძულებენ
მართალია, ომბუდსმენმა დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა მხოლოდ ზოგადი ხასიათისა. სინამდვილე კი სხვაგვარია. ბანკები აცხადებენ, რომ მათ დაზარალებული მოსახლეობისთვის შეღავათების უკვე დაწესებული აქვთ, თუმცა რიგითი მოქალაქეები სხვაგვარ წინაღმდეგობას აწყდებიან.
ის ადამიანები, რომლებთაც მცირე ბიზნესის წარმოებისთვის საფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტები ჰქონდა აღებული, ამბობენ, რომ მათ მდგომარეობას ორგანიზაცია არ ითვალისწინებს და ჯარიმასთან ერთად გადახდას დაუყონებლივ სთხოვენ.
გორელების ჭირ-ვარამი
საბანკო კრედიტები ბოლო წლების საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. მოსახლეობა დახმარებისთვის ბანკსა თუ საფინანსო ორგანიზაციებს არა მარტო მცირე ბიზნესის დაწყებისთვის, არამედ საოჯახო ტექნიკის შეძენისთვისაც ხშირად მიმართავს. შესაბამისად, საკრედიტო ორგანიზაციებს საკუთარი ფილიალები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აქვთ გახსნილი, მათ შორის, ომგამომლილ გორში.
კლიენტების ნაკლებობას კი არცერთი მათგანი არ უჩივის, რამდენადაც მცირე სესხით მცირე ბიზნესის წამოწყება და განვადებით რაიმე ტექნიკის შეძენა მათთვის უფრო ხელსაყრელია.
ბანკებთან ანგარიშვალდებულები არიან გორელებიცა და ზოგადად შიდა ქართლის მოსახლეობაც, რომლებიც, არსებული მიზეზების გამო, საბანკო კრედიტებისა და დაკისრებული ჯარიმების გადახდას ვერ ახერხებენ.
”რეზონანსს” თხოვნით მიმართეს გორის ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეებმა. ისინი ამტკიცებენ, რომ ომის შემდეგ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. მოვაჭრეებს პრეტენზია საფინანსო ორგანიზაცია ”კონსტანტასთან” აქვთ, რომელიც, მათი მტკიცებით, შეღავათებს არ აწესებს და თანხის გადახდას კატეგორიულად ითხოვს.
სერგო დოლიშვილი რიგითი გორელია და რომლის ოჯახსაც გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე აქვს მაღაზია. საომარი მოქმედებების დროს მან რამდენიმე ათასი ლარის ზარალი ნახა.
- ”8 აგვისტოს, როდესაც გორის დაბომბვა დაიწყო, ისეთი პანიკა ატყდა, რომ გორის ბაზრობა ყველამ მივატოვეთ. მართალია, მაღაზიები დავკეტეთ, რომ შიგნით არავინ შესულიყო, მაგრამ ვიზარალეთ. თითქმის ყველა მოვაჭრემ დაზარალდა - ზოგი 5 ათასით, ზოგიც 10 ათასი დოლარით. დღეს კი ბანკი ამ თანხის გადახდა ითხოვს. რა თქმა უნდა, მათ პოზიციას ვეთანხმები და ეს ასეცაა, მაგრამ მათაც ხომ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა”.
- ”25 აგვისტოს, როდესაც გორში ხალხი არც იყო ჩასული ”კონსტანტადან”, საიდანაც სესხი მაქვს აღებული, დამირეკეს და შემატყობინეს, რომ სასწრაფოდ უნდა გადავიხადო თვის პროცენტიც და ჯარიმაც”.
- ”სხვებზე იყო ასეთი შეთავაზებაც, რომ 6 ათასს მოგცემთო და შენი 5-ათასიანი კრედიტი დაფარეო. ეს კი, ჩემი აზრით, კაბალური ხელშეკრულებაა და მოვაჭრისთვის ძალიან ცუდია. საინტერესოა, როდესაც ხელში 1000 დოლარი გიჭირავს, რამის დაწყება შესაძლებელია? თუ ასე გაგრძელდა და არ მოხდა თანხის გადავადება, დამერწმუნეთ, რომ ჩვენც მალე დევნილები გავხდებით. ერთი სახლი მაქვს, იმასაც გაყიდიან და მეც დევნილი ვიქნები”.
- ”ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით. ჩემი ერთი ნაცნობი გორის სატანკო ბაზაზე მსახურობს. ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან იყო, ამ დროს ერთი-ერთი ბანკიდან ურეკავენ და ეუბნებიან, მოდით და კრედიტის თანხა გადაიხადეთო. ამ კაცმა უპასუხა, რომ ფული ხელში მიჭირავს თუ მოხვალთ იქ სადაც ვარ, მოგცემთო. ნუთუ არ შეიძლებოდა რაიმე იმ პერიოდში მაინც შეჩერებულიყო კრედიტებზე საუბარი?” - კითხულობს სერგო დოლიშვილი.
ანალოგიურ მდგომარეობაშია გორელი ამირან სისაურიც: ”გორში ვმუშაობდი. 9 გვისტოს დაბომბვები რომ დაიწყო მივატოვეთ სქონელი, რომლებიც შემდგომ დაიკარგა და დავრჩით ასეთ მდგომარეობაში. 25 აგვისტოს დილით ”კონსტანტადან” მირეკავენ და მეუბნებიან, მოდით ჯარიმაც შემოიტანეთ და გადასახადიც გადაიხადეთო”.
- ”მაინტერესებს, ამ ომის პერიოდში ვინ უნდა შემოსულიყო ბაზარში და რა უნდა ეყიდა? თანაც მაშინ, როდესაც რუსების ტანკები მთელი ის პერიოდი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგნენ. ნუთუ ჩვენ დაზარალებულები არ ვართ?”
- ”ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება ასეულობით ადამიანი იყოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ კრედიტების გადავადება მოხდეს, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ფულს არ გადავიხდით”.
ასეთ ვითარებაში, როგორც ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, გორში ძალიან ბევრი ადამიანია და ისინიც ანალოგიურად კრედიტების გადავადებას ითხოვენ.
შეღავათები დაწესებული გვაქვს
რაც შეეხება სხვა ბანკებს, როგორც გაირკვა, მათ დევნილებისთვის და ზოგადად ომის პერიოდში დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეღავათები უკვე რამდენიმე კვირაა დაწესებული აქვთ. საბანკო სექტორში აცხადებენ, რომ თითოეული კლიენტის საკითხი ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიიღება.
კერძოდ, ”პროკრედიტბანკმა” ომის დროს დაზარალებულ მსესხებელს მთლიანად ჩამოაჭრა ჯარიმები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. გარდა ამისა, ბანკმა მოახდინა გადახდის გრაფიკში ცვლილებების შეტანაც, რომელიც პირდაპირ მორგებულია კლიენტის ბიზნესზე.
როგორც ”პროკრედიტბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ”გადავადებები ხორციელდება ისე, როგორც კლიენტს შეუძლია გადაიხადოს. ვცდილობთ, რომ მოვარგოთ გადახდის გრაფიკი კლიენტის შემოსავლებს.
გარდა ამისა, გავცემთ სესხებს იმ კლიენტებზე, რომელთაც ამ მოვლენების შედეგად მიადგათ ზარალი და არ აქვთ ბიზნესის წარმოების საშუალება (მაშინ, როდესაც არსებული ბიზნესის გარეშე სესხების გაცემა საერთოდ არ მიმდინარეობს).
რაც შეეხება ვადებს, ის დამოკიდებულია შემოსავალზე დაარსებულ სიტუაციაზე. ამ შემთხვევაში გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, არის შემთხვევები, როდესაც 36-თვიან სესხებს ვზრდით 60თვემდე, 60-თვიანს 120 თვემდე, ეს ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება”, -განუცხადეს ”რეზონანსს” ”პროკრედიტბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეღავათები აქვთ დაწესებული ”საქართველოს ბანკსაც”. ჯარიმები არ ერიცხებათ ”საქართველოს ბანკის” იმ კლიენტებს, რომლებსაც ომის პერიოდში გარკვეული სახის ზიანი მიადგათ. ამ შემთხვევაშიც, ჯარიმების გაუქმება და სესხების გადავადება კლიენტის ისტორიის ინდივიდუალური განხილვის შესაბამისად ხდება.
- ”კლიენტები მოდიან ბანკის სერვის-ცენტრებში, წერენ განცხადებებს და შემდეგ თითოეულ მათგანზე ხდება რეაგირება. სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ მომხმარებლების ინტერესები უნდა დავიცვათ”, - აცხადებენ ”საქართველოს ბანკში”.
შეღავათების დაწესებაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტების მიერ დასახელებული ”კონსტანტაც”, სადაც აცხადებენ, რომ შეღავათები ყველა იმ პირს დაუწესდა, რომელიც ამ ომის დროს დაზარალდა.
- ”საქმე ისაა, რომ ჩვენს მიერ კრედიტების რესტრუქტურიზაციაც მიმდინარეობს და ჯარიმებიც შეჩერებულია. უბრალოდ, ეს საკითხი განიხილება და არ ეხება ყველა კლიენტს გორის რაიონში. ყველას რომ ჯარიმები გავუჩეროთ, მაშინ გორის ფილიალის დახურვა მოგვიწევს”.
- ”ჩვენ ინდივიდუალურად ვხვდებით ყველა ადამიანს, ვინც განიცადა ზარალი და ჯარიმების ჩამოწერაც შემდგომ ხდება. ვინც რაღაც დაკარგა, შეღავათები თითქმის ყველა მათგანზე გავრცელდა”, - განაცხადა ”რეზონანსთან” საუბარში ”კონსტანტას” მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა თამარ რაზმაძემ.
გამოდის, რომ გორიდან სპეციალურად თბილისში, გაზეთ ”რეზონანსში” მოსულ ადამიანებს საწუხარი არ აქვთ რა. არადა, ინდმეწარმეების გულისტკივილის მოსმენის შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ მათი ბიზნესი, საქმე, პერსპექტივა და მომავალი სასწორზეა. კარგი იქნება თუკი ”კონსტანტა” და სხვა ორგანიზაციებიც მაქსიმალური გულისხმიერებით მოეკიდებიან ძნელბედობაში ჩავარდნილი ადამიანების საწუხარს და მედიაში რიხიანად წარმოთქმულ სიტყვებს საქმედ აქცევენ.
შეღავათებს ომბუდსმენიც ითხოვს
საბანკო კრედიტების დაფარვისას დევნილებისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივით სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც გამოვიდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, შესაბამისი განცხადებით მათ პრემიერ-მინისტრს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. სუბარის ოფისში ამბობენ, რომ ასეთი მიმართვის საფუძველი შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობის მასობრივი მიმართვა გახდა.
ამასთან, ომბუდსმენმა სთხოვა პრემიერ-მინისტრს, აცნობონ, თანხმობის შემთხვევაში რა შეღავათებით ისარგებლებენ დევნილები და დროის რა მონაკვეთში. სხვა შემთხვევაში, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, სახალხო დამცველმა სთხოვა საქართველოს მთავრობას დაინტერესდეს და იმსჯელოს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან ამ პრობლემის წინაშე დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქე დგას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4014