ეს სვანეთია - სასწაულებით, შეუფასებელი საგანძურით, ენით აუწერელი ბუნებით
კრიმინალური მდგომარეობის დარეგულირებას ადგილობრივები სვანეთში საპატრულო პოლიციის გამოჩენას უკავშირებენ. მართალია, მცირე კრიმინალური ექსცესები ზოგჯერ კვლავ ხდება, მაგრამ ბოლო წლებში მესტია ყველა რჯულისა და შეფერილობის ტურისტით გაივსო.
მესტიელები იხსენებენ, რომ კომუნისტების დროს, ტურისტთა რიცხვი იქაური მაცხოვრებლების რაოდენობას უტოლდებოდა. მესტიაში სასტუმროც იყო და ტურბაზაც. ადგილობრივ გიდებს კი მსურველები სხვადასხვა მარშრუტებზე დაჰყავდათ.
სასტუმროსი და ტურბაზის რა მოგახსენოთ, სამაგიეროდ, მთელ სვანეთში საოჯახო სასტუმროები მომრავლდა, სადაც ღამის გათევა, ორჯერადი კვებით, 20-25 ლარი ღირს. უცხოელი ტურისტებისთვის ამ რიცხვებს გვერდით დოლარის აღმნიშვნელი ნიშანი ეწერება.
უნივერსალური შესაძლებლობების მხარე
რუსეთ-საქართველოს საომარმა კონფლიქტმა სვანეთში შემოდგომისთვის დაგეგმილი ტურები შეაფერხა. აბა, რა იქნებოდა?! რუსმა სამხედროებმა ბლოკ-პოსტი სვანეთის მთავარ გზაზე, სოფელ ხაიშთან მოაწყვეს და ასაფეთქებლად ხიდიც დანაღმეს. მართალია, მოსახლეობასთან კონფლიქტში არ შესულან და ხაიშის ხიდიც აფეთქებას გადაურჩა (წასვლისას თვითონვე განაღმეს), მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, სვანეთისკენ წასვლის მსურველი ტურისტი წელს ნაკლებად გამოჩნდება. მომავალ წელს კი - ვნახოთ.
ზოგადად, სვანეთი ის მხარეა, სადაც სხვადასხვა ინტერესის გამო ჩადიან. ზოგისთვის ეს მხარე ალპინისტური გატაცებების გამოა საინტერესო, ზოგი, უბრალოდ, სალაშქროდ მიდის, ზოგი კულტურულ ტურს ირჩევს და ზოგიც მცენარეებზე დასაკვირვებლად ჩადის.
მოკლედ, სვანეთში ჩამსვლელი ტურისტები გემოვნებაზე არ დავობენ. ქართველებისთვის კი სვანეთი, ზოგადად, ზღაპრული მხარეა, სადაც დრო გაჩერებულა და ისეთი სასწაულები ხდება, ღრმად უნდა ჩაისუნთქო, რომ გული არ გაგისკდეს! მაგრამ მაინც, დებო და ძმებო, სვენეთში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, ერთი სვანი, ან სვანურსისხლიანი ადამიანი მაინც იახლეთ თან, უფრო გემრიელად ივლით, სანახავსაც მრავალს ნახავთ და დასალევსაც კარგს დალევთ.
ერთ დროს, მესტიაში პატარა თვითმფრინავი დაფრინავდა - ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც. ის დრო გაფრინდა! ამას უნდა შევეგუოთ და მინიბუსით დამღლელი მგზავრობისთვის მოვემზადოთ, რომელიც 456 კილომეტრის გავლას, 10-დან 15 საათამდე ანდომებს. თბილისში მძღოლს რომ ჰკითხო, რამდენ ხანში ჩახვალო - 9 საათშიო, გიპასუხებს და თვალსაც არ დაახამხამებს. თვალი არც ჩვენს მძღოლს დაუხამხამებია, რომელმაც წამსვლელები დილის 5 საათზე შეგვკრიბა და 15 საათს გვატარა. ორჯერ საბურავი გაგვისკდა, მესამედ, სხვებს მივეხმარეთ, მეოთხედ, იმ საბურავების აღსადგენად გავჩერდით, მეხუთედ - რიკოთზე სასადილოდ, მეექვსედ - ზუგდიდის ბაზარში (თუმცა, ეს უკვე ჩვენი ბრალი იყო), მეშვიდედ - ხაიშთან, კარგი კუბდარის საჭმელად და მესტიაში რომ შევედით, მოსაღამოვდა კიდეც.
მესტია - უძვირფასესი საგანძურით
თუკი მესტიაში პირველად ჩადიხართ, ბარგი იქვე, ცენტრში უნდა დაყაროთ და პირდაპირ მუზეუმისკენ გაიქცეთ ისე, რომ არსად გაიხედოთ. მუზეუმისკენ იმიტომ კი არ უნდა გაიქცეთ, რომ მაინცდამაინც იქ გინდათ შესვლა (თუმცა, ეს კიდევ სხვა სასწაულია!), უბრალოდ, მუზეუმის ეზოდან ყველაზე ლამაზი ხედი იშლება და მესტია თუ გინდათ ნახოთ, სწორედ მუზეუმის ეზოდან უნდა გადაიხედოთ.
მერე, დიდხანს იჯდებით მუზეუმის გალავანზე და კოშკებს დაითვლით, რომელთა რიცხვი 46-ია, მათი უმრავლესობა მე-11 მე-12 საუკუნეებშია აგებული და ყველაზე ლამაზი, რატიანების კოშკია - თეთრი და წელში გამოყვანილი. ამ ყველაფერს, როცა ღრუბლები გაფანტულია, თავზე თეთნულდი დაჰქათქათებს და ბანგურიანის მწვერვალები გადმოჰყურებენ.
შუასაუკუნეების ერთი მოგზაური წერდა: ვისაც უნახავს საფრანგეთი, მისი სამეფო კარი და არ უნახავს მარგარიტა ვალუა, მას არც საფრანგეთი უნახავს და არც მისი სამეფო კარიო.
ჰოდა, ვინც მესტიის მუზეუმში არ ყოფილა, ჩათვალოს, რომ საკუთარი ქვეყნის კულტურას არ იცნობს. აქ ფოტოს გადაღება მხოლოდ დერეფნებშია ნებადართული, დარბაზებში კი, სადაც განძია გამოფენილი, სასტიკად გიკრძალავენ.
განძი კი... მაკედონელისდროინდელი მონეტებიდან თუ დავიწყებთ, და კოლხური თეთრის პაწაწინა ვერცხლის მონეტებსაც თუ თვალს გადავავლებთ, მერე ანტიკური ხანის სამკაულებს მოვინახულებთ და იმ დარბაზში გადავალთ, სადაც სვანური მაჩუბის ავეჯია და სვანური საბრძოლო იარაღი, ექსკურსიამძღოლი ერთი ხის შუბის წვერს დაადებს ხელს და გეტყვით, რომ ეს წმინდა გიორგის შუბის წვერია.
და თქვენ გაიღიმებთ. და ასე გაღიმებული დარჩებით დიდხანს, რადგანაც ხელნაწერთა დარბაზში ადიშის სახარების ხელნაწერის ნახვა გელით - მე-9 საუკუნეში რომ გადაწერეს შატბერდში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა, მერე ოპიზრების მიერ მოჭედილი სახარების ყდაზე მიგითითებენ, მერე იმდენი ოთხთავი ჩაგიმწკრივდებათ თვალწინ, X-XI-XII საუკუნეების, შემდეგ დარბაზში კი მე-10 საუკუნის ხატები და ოქროცურვილი ჯვრები, აღარ იცი, ეჭვი შეგეპაროს თუ არა, რომ იმ ხის შუბის წვერი მართლა წმინდა გიორგის ეკუთვნოდა...
სვანური ხატწერის სკოლა გამორჩეულია და თვითმყოფადი. ამ წმინდანებს სახეებიც კი სვანური აქვთ. მე-10 საუკუნის ხატზე ღვთისმშობელი და წმინდა ბარბარეა ერთად გამოსახული, რაც იშვიათად გვხვდება იკონოგრაფიაში. აღარაფერს ვიტყვი 40 მოწამის ხატზე, რომელიც სულ სამია მსოფლიოში, მათ შორის, ერთი ბიზანტიურია და უიშვიათეს ქმნილებად მიიჩნევა. მესტიის მუზეუმის ხატი, მხატვრული გააზრებით, უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს ხელოვნებთმცოდნეთა მხრიდან. აქ ინახება ბაგრატ მეოთხის მეუღლის, ბორენა დედოფლისეული ღვთისმშობლის ხატი, რომლის უკანა მხარეს დედოფლისავე ხელით მიწერილია ლექსი:
“რომელმან ეგე, ევას მიუზღე ვალი,
ჰრქვი რაი გაბრიელს: “ვარ უფლისა მხევალი”.
მაშინ ისტუმრე ქვეყნად მოუვალი, -
დაემხო ძალი, პირველვე სისხლდამთვრალი,
ქალწულო, მიხსენ, ბორენა ჭირმრავალი”.
გინახავთ სადმე მართლმადიდებლური ფრესკა, სადაც ღვთისმშობელი ძუძუს აწოვებს ყრმა იესოს? აი, სვანებმა დაწერეს და თანაც მანამდე, ვიდრე ევროპაში რენესანსი დაიწყებოდა!
სვანურ იკონოგრაფიაში წმინდა მხედრების თემა განსაკუთრებით აქტუალურია, წმ. გიორგის გვერდით, ხშირად გვხვდება წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი. აქ ბევრია ფეხოსანი წმინდა გიორგის ვერცხლით ნაჭედი ხატები - ადგილობრივი ავტორების ნამუშევრები. მთავარანგელოზთა ხატები, ნათლისმცემელი, და კიდევ ჯვრები, ჯვრები, ჯვრები...
და კიდევ, დროშა - ლემი, ოქროსფერი აბრეშუმის დროშა, რომელიც ქარში იბერება და ლომის ფიზიკურ ფორმას იღებს. თავის დროზე, ასეთი დროშა თამარმა შეუკერა სვანებს და გამოუგზავნა.
ვერცხლის სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სატევრები, თოფები... სვანები საკუთარ განძს არავის ანდობენ. მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი სვანეთში უნდა ინახებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ არათუ მესტიაში, თბილისის მუზეუმებშიც კი არ არის ექსპონატების შენახვის ოპტიმალური პირობები. სახელმწიფომ კი ჯერ ვერ მოიცალა, მსოფლიო კულტურის საგანძურს, სვანეთში სათანადო პირობები შეუქმნას.
სანამ ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიაში მე-11 საუკუნის ხეში ნაკვეთ კარს ნახავდეთ, მესტიის მუზეუმიდან გაგაცილებთ მისი ასლი - მხატვარ ბატკა ნავერიანის მიერ ასევე ხეში გამოკვეთილი. მესტიაში ჩასულმა, მიხეილ ხერგიანის მუზეუმი რომ არ ნახოს, აბა, როგორ იქნება.
თუ გინდათ, ქართული ალპინიზმის ისტორია მოისმინოთ, ნუგზარ ნიგურიანი უნდა გაიყოლოთ ექსკურსიამძღოლად. ისიც ალპინისტია და მაშველი. მისი გაცნობის შემდეგ დაფიქრდებით: სვანი და, ასეთი მშვიდი?.. და ნუგზარი სულ წვრილად მოგიყვებათ, როგორ დადიოდნენ სვანი მონადირეები მთებში და როგორ დაიწყო პირველი ალპინისტური ასვლები, როგორ იქცა მიხეილი კლდის ვეფხვად და რა მოხდა იტალიაში, სუ-ალტოზე. კოშკშიც ახვალთ და იმ გადაჭრილ თოკსაც ნახავთ, მიხეილ ხერგიანს რომ გაუწყდა.
სვანები სვანეთზე
ნუგზარ ნიგურიანი იმასაც გეტყვით, რომ სვანეთში, სადაც საქართველოს მასშტაბით ძირითადი ალპინისტური ასვლები ხორციელდება, ოფიციალური სამაშველო სამსახური არ არსებობს. კომუნისტების დროს სამაშველო რაზმი ფუნქციონირებდა, როგორც ალპინიზმში, ისე ტურიზმში, მაგრამ 1988 წლიდან გაუქმდა და მართალია, უბედური შემთხვევის დროს სვანი მაშველები პირველები გადიან დასახმარებლად, ეს ერთგვარი ალპინისტური მორალია, მაგრამ მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ, როგორც ინფორმაციის, ისე საჭურველის უქონლობის გამო. 1971 წლიდან დღემდე, მათ 327 ცხედარი და 40 დასახიჩრებული ადამიანი ჩამოიყვანეს სვანეთის სხვადასხვა მწვერვალებიდან.
- “თუ გვინდა, საქართველოში ალპინიზმი, ტურიზმი და სამთო-სათხილამურო სპორტი განვითარდეს, ოფიციალური სამაშველო სამსახური საჩქაროდ უნდა შეიქმნას ისე, როგორც ეს ევროპაშია. სვანი მაშველები მარტო ალპინისტებს კი არა, ხალხსაც ეხმარებიან ზვავების, ხანძრებისა და საგზაო ავარიების დროს. მოგეხსენებათ, ეს როგორი სპეციფიკური რაიონია”, - გვიხსნიდა ნუგზარ ნიგურიანი.
სვანებს რომ ჰკითხოთ, თქვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არისო, მიგრაციას დაგისახელებენ. ერთ დროს, მესტიის მეორე საშუალო სკოლაში 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, ახლა 170-ია. ახალგაზრდა ოჯახები წავიდნენ. ადგილზე არაფერი ფუნქციონირებს. ალპიანიადებზეც კი მესტიიდან ყაზბეგში მიდიან.
მეორე დიდი პრობლემა სამხარეო მოწყობაა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საგადასახადო სამსახური ფოთშია და ჯერ ზუგდიდამდე 140 კილომეტრია, მერე, ფოთში უნდა წახვიდე, იქ ვიღაც არ დაგხვდება და ზიხარ და ყურყუტებ. ეს ყველაფერი ახლა ზამთრის პირობებში წარმოიდგინეთ! “ერთი პატარა ცნობის ასაღებად ზუგდიდში ჩასვლაა საჭირო მაშინ, როცა ადგილზე იოლად შეიძლებოდა ეს საკითხი მოგვარებულიყო”, – შემოგვჩიოდა მერაბ ხერგიანი.
იმისთვის რომ სვანეთი არ დაიცალოს, გზები უნდა შეკეთდეს, ფერმერული მეურნეობა განვითარდეს, კულტურული ცხოვრება აღორძინდეს. სვანების თქმით, აქ ახალგაზრდები ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ. აღარც მეცხოველეობა არსებობს, სათიბი მიწები ცოტაა, ამიტომ სვანები იმდენ საქონელს ინახავენ, რაც მხოლოდ ოჯახს სჭირდება. ეს კი დოვლათის დაგროვების საშუალებას არ იძლევა და შემოსავლის წყაროც არაფერია. ერთადერთი, რაც აქვთ, ელექტროენერგიაა, მაგრამ ახლა გამრიცხველიანებას აპირებენ და ხალხი წუხს, რომ საფასურს ვერ გადაიხდის. პრაქტიკულად, სვანეთში ფული არ არსებობს, დღესაც ნატურალური მეურნეობაა. ბანკებს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ფულის გაცემის ეშინიათ, რადგან აქ ბანკთან ურთიერთობის ტრადიცია არ არსებობს. ერთადერთი ტურიზმია, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს, მაგრამ გზები ძალიან ცუდია და მიმოსვლა ჭირს. საოჯახო სასტუმროები კი გაკეთდა, მაგრამ იმისთვის, რომ ტურისტი მიიღო, “გესტჰაუსიც” კეთილმოწყობილი უნდა გქონდეს.
კოშკები? კოშკებს ისევე უჭირს სვანეთში, როგორც ყოველ სვანს და სვანეთზე ზრუნვა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს!
http://presa.ge/index.php?text=news&i=4010