აჭარაში არნახული წყალდიდობაა
ვასილ თავართქილაძის ინფორმაციით, წყლის დონემ ერთ მეტრამდე მიაღწია. მისივე თქმით. დილიდანვე მობილიზებულია ქობულეთისა და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები და წყლის ამოტუმბვა მუდმივად მიმდინარეობს.
ქობულეთი ხოცუვანის გზაზე ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად მოგლეჯილმა ევკალიპტის ხემ, ერთი სატვირთო მანქანა დააზიანა. ქობულეთის შემდეგ ბათუმშიც წყალდიდობაა. ნალექმა 20-25 სანტიმეტრს მიაღწია. საგზაო მაგისტრალის გარდა წყალმა ტროტუარიც დაფარა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია.
ბათუმში ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელია, თითქმის ყველა ქუჩაზე საცობებია შექმნილი. როგორც ვაჟა-ფშაველას ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, მსგავსი წყალდიდობა არ ახსოვთ, ვინაიდან აღნიშნული ქუჩა ბათუმში შედარებით მაღლა მდებარეობს.
ბათუმელების თქმით, ისინი მიმართავენ მერიას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს მიწისქვეშა წყალგამტარი კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ მოსულმა ნალექმა მსგავსი პრობლემები აღარ შექმნას.
ძლიერმა წვიმამ ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირი დააზარალა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ციხისძირის ბაქნის დასახლებაში დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე საავტომობილო გზა და სარკინიგზო ხაზი.
- “მეწყერმა ჩვენი სახლის მარცხენა კედელი გააფუჭა და სახლი აღდგენას საჭიროებს. ინვალიდი შვილი მყავს და სახლის შესაკეთებლად საჭირო თანხა ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ”, - განაცხადა ციხისძირის მცხოვრებმა გოგიტა მურცხვალაძემ.
დაზიანდა საავტომობილო გზისა და სარკინიგზო ხაზის მონაკვეთიც, რომელიც საცხოვრებელი სახლებიდან 40 მეტრში მდებარეობს. “ამ დროისთვის რკინიგზის ხაზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე იწყება, მაგრამ თუ გასამაგრებელი სამუშაოები არ ჩატარდა, მეწყერის განმეორების საშიშროება რეალურია”, - აცხადებს ციხისძირის მოსახლეობა.
გადაუღებელმა წვიმამ ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. ადიდებულმა წყალმა დააზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა ქვესადგურები და ტრანსფორმატორები, რამაც გამოიწვია 81’500 აბონენტის გათიშვა. გათიშული აბონენტების ნაწილის ენერგომომარაგება მოგვიანებით განახლდა. ძლიერი წვიმის გამო ფერხდება აღდგენითი სამუშაოების წარმოებაც, თუმცა კომპანიის ტექნიკური პერსონალი განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
აჭარის გარდა, სტიქიის შემოტევა გურიის რეგიონზეც აისახა. ოზუგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის მე-12 კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ დროებითი სახიდე გადასასვლელი წაიღო, ხოლო საავტომობილო გზის 21-ე კმ-ში დაანგრია რკინა-ბეტონის მილი, რის გამოც გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
სტიქიამ პოლიტიკური ბარიერიც გადალახა და პარლამენტშიც “შეაღწია”. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ახვლედიანის შეფასებით, თავმოყვარე სახელმწიფო სტიქიის წინაშე უძლური არ უნდა იყოს. სტიქიასთან ბრძოლისა და პრევენციის შესახებ განცხადება ახვლედიანმა სხდომაზე გააკეთა და ხელისუფლებას მდინარეების აუზების ინტეგრირებული მართვის გეგმის დაუყოვნებლივ შემუშავება სთხოვა.
მისი თქმით, მდინარეების აუზების ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომლის შემუშავებაც რეკომენდირებულია რიგი სახელმწიფოების მხრიდან, ითვალისწინებს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, მდინარეთა კალაპოტების გაწმენდას, ზვავის შეკავებისთვის საჭირო ღონისძიების გატარებას. “ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში ძლიერი წვიმების მოსვლას, ტრაგიკული შედეგები აღარ მოყვება”, - დასძინა დეპუტატმა.
დეპუტატის აზრით, მოსაგვარებელია სტიქიის შემთხვევებში განსახლების პრობლემებიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახვლედიანმა პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრის მოწვევის საკითხიც დააყენა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატს შეახსენა, რომ მინისტრის მოწვევა უმცირესობასაც შეუძლია. თუკი მინისტრი პარლამენტში მოსვლას თავს აარიდებს, ბაქრაძის თქმით, პარლამენტი მის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4080