სოსო ცინცაძე - ჟენევაში ძალიან რთული კონფერენციაა დაგეგმილი და ძნელი სათქმელია, იქიდან ჩვენი დელეგაც
შეიძლება ევროპელებმა იჩქარეს, როდესაც განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან ევროკავშირის დამკვირებლებმა მოიცვან არა მხოლოდ ე.წ. ბუფერული ზონები, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. ბევრი რამ გაუგებარია, სხეფერმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი და რომ სარკოზიმ შეცდომა დაუშვა. ბევრი გაუგებრობაა არა მარტო მე-6 პუნქტთან, არამედ სხვა პუნქტებთანაც დაკავშირებითაც და ბევრი რამ დასაზუსტებელია. რუსეთი კონფლიქტის მხარეა თუ შუამავალი?
6 პუნქტიდან ლოგიკურად გამოდის, რომ რუსეთი არის შუამავალი, რაც კატეგორიულად არ აწყობს არც საქართველოს და არც ვაშინგტონს. ბევრი საკითხის გაუგებრობის გამო ახლა ამ საკითხების დასაზუსტებლად ე.წ. მოთელვა მიმდინარეობს. ნაკლებადსავარაუდოა, რომ ამ საკითხების განსახილველად 2-3 დღე საკმარისი აღმოჩნდეს.
რუსეთი ევროპელი დამკვირვებლების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშვების კატეგორიული წინააღმდეგია. არ მგონია, რომ ევროპამ ვაშინგტონის დახმარებით შეძლოს დღეს დაიყოლიოს რუსეთი ევროკავშირის დამკვირებლების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებაზე. ეს რუსეთს სულაც არ აწყობს, რადგანაც მან უკვე დაიწყო აფხაზეთში ორი ბაზის მშენებლობა და ახლა საუბარია 5 სამხედრო ბაზაზე. ოჩამჩირეში უკვე ჩავიდნენ საზღვაო ინფრასტრუქტურის სპეციალისტები, რომლებიც ოჩამჩირის საზღვაო პოტენციალს შეისწავლიან იმის დასადგენად, თუ რამდენად შესაძლებელია ოჩამჩირის საზღვაო პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თუნდაც მნიშვნელოვანი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში როცა მათ ყირიმიდან უკრაინა გამოუყვეს.
- თქვენი ინფორმაციით, ჟენევის შეხვედრაში რომელი ქვეყნის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას და იქნებიან თუ არა ჟენევაში მიწვეული ქართველი ექსპერტები?. თუ იქნებიან, სავრაუდოდ ვინ?
_ ქართველებიდან თუ ვინმე იქნება, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, რომ ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ლევან ალექსიძემ და არა სალომე ზურაბაშვილმა, რომელსაც დიპლომატიაში არაფერი გაეგება. როცა გყავს ლევან ალექსიძე, რომელიც 6 წელი ნიუ-იორკში და 5 წელი ჟენევაში მუშაობდა, საძებარი არავინ გვყავს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჟენევაში ქართველ ექსპერტებს ბევრს არაფერს შეკითხებიან.
ჩემი აზრით, ამ შეხვედრაზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან რუსი და ევროპელი ექსპერტები. თუმცა ამ საკითხებში ექსპერტების ხვედრითი წონა დაბალი იქნება. ჩემი აზრით, ჟენევის შეხვედრა ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება. ვის დონეზეც არ უნდა იყოს ჟენევის შეხვედრა, ერთ მხარეს ტალეირანი იჯდეს, მეორე მხარეს ბისმარკი, შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავისი სამხედრო ჯარების გაყვანაზე თანხმობა განაცხადოს. რუსეთს ახლა იურიდიული საბაბი აქვს იმისა, რომ მან მის მიერვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამიტომ ეს საკითხები არა ექსპერტების, არამედ საბოლოო ჯამში უმაღლეს დონეზე უნდა გადაწყდეს.
ჟენევაში ბევრი უძილო ღამე ელის სოლანას, ბაროზოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც.
- თქვენი აზრით, ჟენევის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რა საკითხები უნდა დააყენოს?
_ ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია - რუსეთი მხარეა თუ შუამავალი. რუსეთი ისევ სამშვიდობო მანტიაში არ უნდა დარჩეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ბუფერული ზონების გაუქმება, ვინაიდან მათი აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენთვის ძალზე სადაოა შეთანხმების მე-6 პუნქტი, რომელშიც ნათლად წერია, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
უნდა დაიდოს ხელშეკრულება თბილისსა და სოხუმს შორის და თბილისსა და ცხინვალს შორის, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი, რომ სამომავლოდ სამხედრო ძალის გამოყენება დასაშვები არ არის. სარკოზი-მედვედევის შეთანხმება ფორს-მაჟორის ვითარებაში დაიდო. მაშინ მთავარი იყო რუსული ტანკების შეჩერება, რათა მათ მთელი საქართველოს ოკუპაცია არ მოეხდინათ. სარკოზის მთავარი ამოცანა იყო რუსების გაჩერება, ამიტომ ამ შეთანხმებას ბევრი ნაკლი აღმოაჩნდა.
სხვათა შორის რუსეთი ე.წ. ბუფერულ ზონებში პოლიციური ძალების განლაგებას ითხოვს. რა ევალებათ მათ და საერთოდ რას ნიშნავს საქართველოს დემილიტარიზაცია. რუსეთი ახლა აქტიურად საუბრობს საქართველოს ახალი ძალით მილიტარიზაციაზე და სვამს კითხვას, თუ რად უნდა ეს საქართველოს. ძალიან ბევრი საკითხია დაგროვილი და ჟენევაში ყველა ერთბაშად ვერ გადაწყდება.
სულ თავიდან განსაზღვრული იყო, რომ ჟენევაში საუბარი უნდა ყოფილიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე, ეს კარგი იყო იმის გამო, რომ ევროპა არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. რატომღაც ჩვენ ტლინკები ვყარეთ და სტატუსზე საუბრის საკითხი დღის წესრიგიდან ამოვაღებინეთ. ძაღლის თავი კი იმაშია დამარხული, რომ დროთა განმავლობაში ამ რეგიონების დამოუკიდებლობას რამოდენიმე ქვეყანა კიდევ აღიარებს.
ჩვენთვის აქტუალური რჩება დევნილთა საკითხი. ჟენევაში ძალიან რთული კონფერენციაა დაგეგმილი და ძნელი სათქმელია იქიდან ჩვენი დელეგაცია რას ჩამოიტანს.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
