ახალი ”ბობოლები“ გორში და ინფორმაციის თავისუფლების კამპანია მათ წინააღმდეგ
სტუმართა მოსაწვევ სიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეწერნენ, თუმცა არავინ მივიდა. მათ საკმაოდ მწვავე კითხვები ელოდათ და სწორედ ამიტომაც აარიდეს თავი შეხვედრას, ივარაუდეს შეხვედრის მონაწილეებმა.
”საიას” (”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”) გორის ოფისის წარმომადგენლების თქმით, მათ არაერთი წერილი ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით გაგზავნეს ადგილობრივი ორგანოებში, თუმცა გაცემული პასუხები იმდენად ბუნდოვანია, რომ ხელმეორედ დასჭირდათ იურისტების წერილების გაგზავნა.
გორის სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელი რეზო ოქრუაშვილი ყურადღებას ამახვილებს სწორედ დევნილთა დასახმარებლად ჩამოტანილი საკვებისა და ტანსაცმლის შეუსაბამო განაწილების პრობლემას. რეზო ოქრუაშვილს ხელთ ჩაუვარდა ჰუმანიტარული ჩასაცმელი ინდები, რომელიც დაახლოებით 30-35 წლის წინაა დამზადებული ერთ-ერთ კომუნისტურ ქარხანაში.
რეზო ოქრუაშვილი: ”მიმაჩნია, რომ ასეთ ე.წ. ფორსმაჟორულ სიტუაციას ადგილობრივი ჩინოვნიკები მაქსიმალურად გამოიყენებენ. ასეთ დროს რათქმა უნდა აზრი არა აქვს განცხადებით მიმართვას, შემდეგ იმის დალოდებას, ან მოგცემენ ან არ მოგცემენ პასუხს. შემდეგ სასამართლო პროცესები და ეს დროში ძალიან გაიწელება. ამით კი დევნილებს იმ წუთას არაფერი ეშველებათ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ჟურნალისტმა სასამართლო პროცესები მოიგოს. საჭიროა მაქსიმალური ერთობლივი კონტროლი და გამჭვირვალობა იმ პროცესებისა, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს”.
ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა ისაუბრა ჩვეულებრივი მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის პრობლემაზე. იმ დროს როდესაც ადგილზე დევნილს ელემენტარული ინფორმაცია არ გააჩნია იმისა, თუ სად რა ხდება რეგიონში, ამის შესაძლებლობას მოკლებულია. ”რეგიონში არც ერთი მედია საშუალება არ მუშაობს. იმ ინფორმაციას რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჭირდება, ცენტრალური მედია არ გააშუქებს. მე მგონი ეს ძალიან დიდი პრობლემაა რეგიონში. ადგილობრივ მედიას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს” - თქვა გოგა აფციაურმა.
საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ჩაერია, რომელმაც აღნიშნული თემის დაკონკრეტება მოითხოვა.
- ”მარტო ეს პრობლემა აქვს ადგილობრივ მედიას?” - იკითხა სოსო ცისკარიშვილმა, რაზედაც გოგა აფციაურმა მიუგო, რომ მართლაც ბევრ ჟურნალისტს პროფესიული გამოცდილება და ეთიკა აკლია, თუმცა ვის გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.
სოსო ცისკარიშვილმა ცენტრალურისა და ადგილობრივი მედიის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ხელისუფლებისგან არსებული მკაცრი ცენზურა დაასახელა. მართლაც, ადგილობრივი ტელევიზიიის ”თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა. ამით რაც უნდა ქვეყანა იქცეოდეს ”კარვების ქალაქში” და საბავშვო ბაღებში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული მედია არც ცენტრში და არც რეგიონში ამას არ იტყვის.
”მრავალეროვანი საქართველოს” შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა არინა თავაქარაშვილმა ”კარვების ქალაქში” განთავსებული დევნილების პრობლემებზე ისაუბრა. ”ხალხს შია, სწყურია, სცივა, კუჭ-ნაწლავი სტკივათ... არავინ მათი მიმხედავი არ არის. შეუძლებელია ერთი პატარა ქალაქი ამდენ დევნილს აუდიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლები ძალიან ბევრს ცდილობენ, რომ კარვების ქალაქში განთავსებულ მოსახლეობას დაეხმარნონ. ელემენტარულად არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც ამ კუთხით იმუშავებს. ქალაქში ახალი ბობოლები გაჩნდნენ, ახალი ფინანსური საშუალებები გაჩნდა მოსახვეჭად. საუბედუროდ ეს ასე ხდება” - თქვა არინა თავაქარაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს გორის ოფისის წარმომადგენელმა ვერიკო ბიწაძე დასახელებულ პრობლემებს დაეთანხმა. მას საკმაოდ საინტერესო ინციდენტიც შეემთხვა, როდესაც დევნილებისთვის ჩამოტანილი ჰუმანიტარულ ტანსაცმელში - კიტელი, ზღვის პლაჟზე ჩასაცმელი მოსასხამი და სხვა უცნაური საგნები ნახა.
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის წარმომადგენელმა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის უფლებამოსილების აღრევის ფაქტებზე ისაუბრა. ელემენტარულად ერთ ოჯახს ვერ გაუგია ჩამსხვრეული მინის შესაკეთებლად ვის მიმართოს შს სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას, გუბერნიას თუ გამგეობას.
- ”მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რამდენი მაკონტროლებელი ჰყავს ასეთ ჰუმანიტარულ და არაჰუმანიტარულ დახმარებას, იმდენი ავის მოსურნე აზის თავზე. წარმოიდგინეთ მოსახლეობას მოლაპარაკება მინების ჩასმაზე უსევს ხან ფინანსურ პოლიციასთან, ხან შს სამინისტროსთან ხან კიდევ ადგილობრივ გამგეობასთან. ამის გასარკვევად დევნილს და დაზარალებულს დიდი დრო სჭირდება. ხშირ შემთხვევაში ასეთ მათხოვარივით სიარულს მოქალაქე ამჯობინებს თავისი ხელით იყიდოს მინა და ჩაისვას ფაბჯარა” - აღნიშნა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის წარმომადგენელმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი მედია-საშუალებების ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საკმადო ნათელი წარმოდგენა შეიქმნეს იმისა, თუ რა დღეშია დღეს მოსახლეობა გორში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4217