სოსო ცისკარიშვილი - ახლად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი აგვისტოს მოვლენების ანალიზს სა
_ ნამდვილად გიდასტურებთ ასეთი ჯგუფის არსებობას. საკითხის ინიცირება აუცილებლად ჩავთვალე, როცა დროში ძალიან გაიჭიმა ანტიკრიზისული კომისიის შექმნის საკითხი და მან ბოლოს და ბოლოს სრულიად სხვა, იმისგან განსხვავებული სახე მიიღო, რა შეთავაზებაც ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტისთვის ამ იდეის ინიციატორს - ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს.
შემდეგ, დროის კარგვა მიზანშეუწონლად ჩავთვალე და გადავწყვიტე ძალები მეცადა იქ, სადაც თავს უფრო კომპეტენტურად ვთვლი და შევთავაზე დაახლოებით 25 ჩემს კოლეგა-პოლიტოლოგს ანალიტიკური ჯგუფის შექმნა. ცხადია, ამ ანალიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ჩვენ "კრიზისული პროცესების კვლევის ანალიტიკური ჯგუფი" დავარქვით, ხელმძღვანელი არ ჰყავს. მასში გაერთიანებულ ადამიანებს საკუთარი მეუღლეებიც არ ეგულებათ უფროსებად და შესაბამისად, თავიანთ ქმედებებში დამოუკიდებელნი არიან. ყველა მათგანი თავისუფალია ყოველგვარი პარტიული თუ ინტერესთა ჯგუფის გავლენისგან.
გთავაზობთ იმათ ვინაობას – პრაქტიკულად, ანბანის მიხედვით - ვინც შეთავაზებისთანავე დათანხმდა ამ წინადადებას. ჯგუფში გაერთიანებული არიან: ზურაბ აბაშიძე, მამუკა არეშიძე, დავით ბაზღაძე, არჩილ გეგეშიძე, გიორგი გოგსაძე, კოტე ზალდასტანიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, მერაბ კაკულია, გუგული მაღრაძე, ნიკო მელიქაძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ალექსანდრე რონდელი, ალექსანდრე რუსეცკი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი სესიაშვილი, ლაშა ტუღუში, შალვა ფიჩხაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, გიორგი ხუციშვილი და გია ხუხაშვილი.
ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე ანდრეი პიონტკოვსკი, რომელიც ვაშინგტონის ჰადსონის უნივერსიტეტში საქმიანობს. ვფიქრობ, რომ ჯგუფი თავისი მუშაობის შედეგს - განვითარებულ მოვლენებზე ანალიზს - საზოგადოებას პრეზენტაციაზე ოქტომბრის ბოლოსათვის გააცნობს. ანალიტიკური ჯგუფის წევრები თემატურ ჯგუფებად დავიყავით, განხილულია კრიზისული სიტუაციის მიზეზები, არა მხოლოდ აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყების თარიღი, არამედ მთლიანად როგორ ვითარდებოდა კრიზისი თავდაცვის სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, როგორი იყო წინასაკრიზისო ვითარება, სად იყო დაშვებული შეცდომები. ცხადია, ჰუმანიტარულ და ეკოლოგოურ კატასტროფაზე ცალკე იქნება ინფორმაცია, ასევე ზოგადად საუბარი იქნება გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზე ახალ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი შედგება, ვფიქრობთ, გავიაროთ კონსულტაციები ექსპერტთა უფრო ფართო წრესთან. ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ მხოლოდ მარტო ჩვენი შეფასებები იყოს გაჟღერებული. ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ თვალყურს მედიას - როგორც ქართულს, ისე საზღვარგარეთულს და იმ კოლეგების ნაშრომებს, რომელიც ქვეყნდება. ცხადია, ავტორებთან შეთანხმებით, ვფიქრობთ მათ გამოყენებას და საზოგადოებისთვის წარდგენას.
მნიშვნელოვანია, რომ ანალიზი აგვისტოს მოვლენებით არ დასრულება, ვინაიდან სექტემბერი და ალბათ ოქტომბერიც, პროცესების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტ საფუძველს მოგვცემს ამა თუ იმ ვარაუდის გაკეთებისათვის. სექტემბერში უკვე იკვეთება ისეთი ფაქტები, რომელთა პროგნოზირება აგვისტოში გაჭირდებოდა.
_ ვინ აფინანსებს ჯგუფში გაერთიანებულ რეიტინგულ ექსპერტთა მუშაობას?
_ ჩვენი საქმიანობა არავისგან არ ფინანსდება. შეიძლება დასკვნით ეტაპზე, როცა დღის წესრიგში გამოცემისა და თარგმნის საკითხები დადგება, ვინმემ ხელი გაგვიმართოს. ცხადია, ის, რომ ჩვენი საქმიანობა ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იქნება, ეს ჩემი კოლეგების მოქალაქეობრივი ვალის გამოხატულებაა. მათი მხრიდან ეს საკითხი არც დამდგარა. მართალია, ყველა ექსპერტის ჩართულობის ხარისხი არაერთგვაროვანია, მაგარამ თავისი მოსაზრებების გამოხატვაში ყველა თავისუფალია.
_ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ იმ კითხვებისაგან, რომელიც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას პარლამენტის ექს-სპიკერმა, ქალბატონმა ბურჯანაძემ დაუსვა. თქვენი აზრით, გასცემს თუ არა მათზე პასუხს ხელისუფლება?
_ კითხვების ხასიათი ორგვარია. კითხვათა ერთი ნაწილი თავად შეიცავს პასუხს, კითხვათა მეორე ნაწილი ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს კითხვის ადრესატს და მასზე პასუხის მიღება ნაკლებად სავარაუდოა. მთლიანობაში, არა მგონია ხელისუფლება დაკავდეს ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემით. ალბათ, შემოიფარგლებიან საკითხის ასე დაყენების მიუღებლობით. ველოდები დასმული კითხვების ხელისუფლების მხრიდან უფრო განქიქებას, ვიდრე მცდელობას რამე საგნობრივი დისკუსიისა. ისე, როგორც ეს სოზარ სუბარის განცხადებასთან დაკავშირებით მოხდა.
_ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პირველი პირების განცხადებებისა და ამ რეგიონების მიმართ კრემლის აქტიური მოქმედებების ფონზე შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ჩვენდა სასიკეთოდ რაიმე შეიცვლება?
_ ყველა წინმსწრები ღონისძიება გამოხატული სხვადასხვა რეზოლუციაში, რომელიც ხდება 15 ნოემბრამდე, ანუ იმ თარიღამდე, როცა ევროკავშირის სამიტი უნდა გაიმართოს რუსეთის საკითხთან დაკავშირებით, მიმართულია მომავალი სამიტის მომზადებისათვის. თავისთავად 10 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ კონფლიქტური რეგიონის გარეთ არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ უნდა იყოს. აქვე საინტერესო იქნება ევროკავშირის დამკვირებელთა მისიის კონფლიქტის რეგიონში შეღწევადობის ხარისხი.
ამდენად, მკაცრ რეზოლუციებს დასავლეთი თავს აარიდებს, თუმცა სიტუაციის დაფიქსირება მოხდება. ჩემი აზრით, რუსეთის მოქმედებების ფაქტის დაგმობა და მიუღებლობა იქნება ევროსაბჭოს მხრიდანაც. ეს შეეხება ტერიტორიების ოკუპაციას და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ მოთხოვნა იმისა, რომ გინდა თუ არა ევროსაბჭომ ულტიმატუმის სახით მოსთხოვოს რუსეთს გადათქვას მის მიერ გაკეთებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და წავიდეს, არა მგონია, რომ ასეთ ფორმულირებებს დოკუმენტის სახე მიეცეს.
სამომავლოდ, როგორც კი ამერიკა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დამშვიდდება, ევროკავშირი უფრო მკაფიო იქნება თავის შეხედულებებში. ამავე დროს დიდი დროც არ დაგვრჩენია ევროკავშირის აქტიურობის ლოდინის, რადგან ახალი წლიდან ევროკავშირს საფრანგეთი აღარ უხელმძღვანელებს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ქვეყანას, ჩეხეთს, უფრო გაუჭირდება თავისი თავმჯდომარეობის პერიოდი ისეთი აქტიურ ფაზაში გაატაროს, როგორც ეს საფრანგეთმა გააკეთა.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
