ბორჯომის ტყეებში მიწისქვეშა ხანძრების კერები გაჩნდა
აქციაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსული აგრესიის შედეგად გადამწვარი ტყეების აღსადგენად, გარემოს დაცვის სამინისტროს სართიჭალის სანერგე მეურნეობაში წიწვოვანი ჯიშის ნერგებსაც გამოიყვანენ. დაჩქარებული მეთოდით სპეციალურ კონტეინერებში გაზრდილი ფიჭვები ბორჯომისა და ატენის ხეობაში გაზაფხულიდან მასიურად დაირგვება.
არადა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს მართლაც რომ წარმოუდგნელი ზარალი მიადგა. იმის გარდა, რაც ერთი შეხედვით ჩანს, უამრავი პრობლემა მომავალში გამოჩნდება.
ნინო ჩხობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “გარემოსდაცვითი ლიგის” წარმომადგენელი: “ბორჯომის ხეობაში მხოლოდ ტყეები არ იწვოდა, იქ მთელი ეკოსისტემა განადგურდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მარტო ტყე არ არის, ეს ბიოლოგიურად უნიკალური მნიშვნელობის ეკოსისტემაა, რომლის ასეთ ექსტრემალურ მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ საქართველოსი კი არა, მთელი კაცობრიობის დანაკარგია.
მცირე კავკასიონზე მდებარე 70’000 ჰექტარამდე ფართობზე თავმოყრილია ევრაზიის კონტინენტისათვის დამახასიათებელი მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ისტორიული და უნიკალური ჰაბიტატები, ლანდშაფტები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბდა”.
ჩხობაძის თქმით, ზარალი მხოლოდ ის არ არის, რაც აქამდე მოგვადგა, არამედ, ის, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება. ეს რეგიონი, ისედაც მეწყერსაშიში ზონა იყო ყოველთვის და ახლა საფრთხე გაიზარდა. გარდა იმისა, რაც თვალით ჩანს და ვხედავთ, რომ განადგურებულია, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, არანაკლებ საზიანო და სერიოზული - დაზარალებულ ტერიტორიებზე ფიქსირდება მიწისქვეშა ხანძრის კერები, იწვის ნეშომპალა, რომლის სისქე საუკუნოვან წიწვოვან ტყეებში საკმაოდ მაღალია.
ნინო ჩხობაძე: ”წვა ხანგრძლივია და რომ გვგონია, ხე გადარჩა და არ დამწვარა, ფესვთა მთელი სისტემა ისე შეიძლება განადგურდეს, ვერც კი გავიგოთ. ამგვარი მიწისქვეშა ცეცხლის კერების ჩაქრობა ბევრად ძნელია და მხოლოდ სპეციალური თხრილებისა და გადაუღებელი წვიმების საშუალებით ხდება. მეორეს მხრივ, ასეთი წვიმებისაგან მთელი მასა შეიძლება დაიძრას და რა მოხდება, კაცმა არ იცის...”
ასე რომ, ამ შემოდგომაზე სერიოზული მეწყერსაშიში რისკის ქვეშ ვართ.
- ”არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახლა იმ დამწვარი და გამხმარი ხეების მოჭრა, რადგან ისინი, ასეთ მდგომარეობაშიც კი, მეწყერდამცავები არიან და ასე თუ ისე, თავის წილ საქმეს მაინც გააკეთებენ. ეს ერთადერთია, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია გავაკეთოთ”, - მიაჩნია ჩხობაძეს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4226