რუსებს როკის უღელტეხილზე კიდევ 4 გვირაბის გაჭრა სურთ
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს ქართული მხარის პოზიციას, თუმცა, აცხადებს, რომ ამაზე ქართულ მხარეს მაშინ უნდა ეზრუნა, როდესაც ”ქართულ ეკონომიკას რუსეთს გადასცემდა”.
- ”კარგია რომ უნდა გაასაჩივრონ, მაგრამ სანამ გასაჩივრებას დაიწყებდნენ, სჯობდა საქართველოს ეკონომიკა მთლიანად რუსეთისათვის არ ჩაებარებინათ. ალბათ გახსოვთ, საუბარი იყო, რომ რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მიყიდვა უნდოდათ.
- ”რა პერსპექტივა ექნება გასაჩივრებას - ამ რეგიონების ოკუპირებულად გამოცხადების შემდეგ ეს ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, ეს ის გზაა, რომლითაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა იაროს. მეორეს მხრივ, რუსეთმა უკვე სცნო ეს ტერიტორიები დამოუკიდებლებად და რა პერსპექტივა ექნება ამ სარჩელს, უცნობია. მე მაინტერებსებს იმას თუ აპროტესტებენ, რომ თბილისის ენერგოდისტრიბუცია რუსეთის ხელშია?” - აცხადებს ხუხაშვილი.
მისი თქმით, რუსეთი უკან არ დაიხევს, თუმცა, ქართულმა მხარემ უნდა ეცადოს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას მას საერთაშორისო ასპარზზე.
- ”იგივე სამხრეთ ოსეთში გაზსადენის გაყვანასთან დაკავშირებით პროტესტი არ ყოფილა. ეს ძალიან უცნაურია. საქართველოს ოკუპაცია10 წლის წინ დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს და არა მარტო იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსებს ოკუპირებული აქვთ, არამედ მთელს საქართველოში ეკონომიკის კუთხით.
- ”ასევე პროტესტი არ ყოფილა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გაყვანაზე და ამ პროექტში საქართველოს რკინიგზაც კი იღებდამონაწილეობას. დღეს პოლიტიკურად მწვავე განცხადებები მოდაშია და ამიტომაც კეთდება. ქართული ეკონომიკა დიდი ხანი ჩვენ რუსეთს ჩავაბარეთ”, - აცხადებს ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, სარკინიგზო ხაზის გაყვანა რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიის ინტეგრაციას რუსულ სივრცეში.
ეკონომიკის საკითხში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ ეს პერსპექტივა ვადების თვალსაზრისით საკმაოდ გრძელვადიანია და უფრო ქართული მხარის რეაქციაზეა გათვლილი.
სოსო ცისკარიშვილი: ”თუ ეს პროექტი გულისხმობს ახალი გვირაბის გაყვანას, ვადის განსაზღვრის თვალსაზრისით საკმაოდ გრძელვდიანი პერსპექტივაა. ამ განცხადების ავტორს უფრო ქართული მხარის რეაქცია აინტერესებს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, როდესაც საქართველოს საზღვარში შეიჭრება სხვა ქვეყნის სატრანსპორტო არტერია, მით უმეტეს რუსეთის, ეს საფრთხეა, რაც პუტინის მიერ აფხაზეთში განხორციელებული პროექტითაც დასტურდება. ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მივმართოთ და კიდევ ერთი მტკიცებულება წარვუდგინოთ რუსეთის წინააღმდეგ”.
მისი თქმით, სანამ პროექტი რეალური არ გახდება, ჩანაფიქრზე ჩივილი არარეალურია. ხოლო გაზსადენთან დაკავშირებით კი ცისკარიშვილი აცხადებს, რომ იგი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს არ შეიცავს.
- ”რაც შეეხება გაზსადენს, ეს საკუთარი ტერიტორიისთვის სიკეთოს მომტანად უნდა შეფასდეს და ამიტომ სარჩელი ნაკლებსავარაუდოა. ხოლო რკინიგზა და კავკასიონის კიდევ ერთხელ გაჭრამ რა პრობლემაც მოგვიტანა, ვნახეთ”, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
საერთაშორიოს სამართლის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია სარჩელით მიმართოს როგორც საერთაშორისო სასამართლოს, ასევე საერთაშორიოს ორგანიზაციებს, თუმცა, მისი თქმით, საეჭვოა ამან სასურველი შედეგი გამოიღოს.
- ”ეს შეიძლება გასაჩივრდეს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ - ევროსაბჭოში, გაეროში და ა.შ შეგვიძლია საერთაშორისო სასამართლოშიც ჩივილი, მაგრამ რა შედეგი ექნება აღსრულების კუთხით, უცნობია, რადგან როდესაც საკითხი ეხება დიდ სახელმწიფოს და მის მიერ დარღვეულ საერთაშორისო ნორმებს, ჭირს გამოტანილი განაჩენის აღსრულება”, -აცხადებს გოგოლაშვილი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4220