ჯარი არ გვყავს, სტრატეგია არ გვაქვს, კადრები წყვეტენ ყველაფერს
როგორ შეაფასებდით ქართული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს და რამდენად მომზადებული იყო ჯარი?
გიორგი თავდგირიძე: იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალების მოქმედება შეაფასო, უნდა იცოდე ის ბრძანება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუსახა ჩვენს შეიარარებულ ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ბრძანება არ გვაქვს, მიღებული შედეგების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ანუ, ამჯერად ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედება შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ უარყოფითად, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გმირობის გამოვლინებებს, რომელიც არანაირად არ შეიძლება იყოს შეიარაღებული ძალების შეფასების კრიტერიუმი. შესაბამისად, ის, რაც ჩვენ ვნახეთ აგვისტოს დღეებში, ერთმნიშვნელოვნად არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ შეიარაღებული ძალები არა გვყავს.
რამდენად სწორად იყო გათვლილი სამხედრო სტრატეგია?
- სამხედრო სტრატეგია არის შემადგენელი ნაწილი დიდი სრტატეგიისა, რომელიც ჩვენ ვერ დავინახეთ. საერთო სტრატეგიული ხედვა და მიზანი ჩვენი ხელისუფლებისა, თუ რისთვის სურდა, რომ იმ მოკლე საბრძოლო მონაკვეთში მიეღწია, ჩვენ ვერ დავინახეთ. ასევე, კონტექსტიდან მთლიანად იყო ამოგდებული საქართველოს დეკლარირებული კურსის, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, ნატოში ინტეგრაციით. ამ შემთხვევაშიც ეს საბრძოლო ქმედება ვერანაირად შეუწყობდა ხელს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში.
რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა განადგურდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს, როგორია დანაკარგები?
- სამწუხაროდ, ციფრებით ვერ ვისაუბრებ, რადგან მხოლოდ ის მონაცემები გამაჩნია, რომელსაც რუსული საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ. ბუნებრივია, ამ მონაცემებს ვერ დავეყრდნობი. ხოლო ქართული მხარის, შესაბამისი უწყებების განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. მხოლოდ უმაღლესმა
მთავარსარდლმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ხუთი პროცენტის დანაკარგი გვქონდა. სამწუხაროდ, ეს ტყუილია.
ადრე თუ გვიან, ჩვენ ზუსტად დავადგენთ იმ დანაკარგებს, რაც გვქონდა ბრძოლის დროს. ომის დღეებში განხორციელებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები აღმოჩნდნენ უმართავი ყველა დონეზე.
ჩემთვის სრულიად გასაგები შეიძლება იყოს ის ფაქტი,რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო პანიკაში და მას ქვეყნის პატრონობაზე მეტად ქვეყნიდან გაქცევა სურდა, მაგრამ არსებობენ ბრიგადის და ბატალიონის მეთაურები,რომლებსაც პირდაპირ უწერიათ თავის მოვალეობაში, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კრიზისული ვითარების დროს. ამ სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა ყოველთვის შეუძლებელია, მაგრამ შესაბამისი ზომების მიღება შეიძლება. იმ მომენტში მათ შეეძლოთ გაენადგურებინათ ასაფეთქებელი მასალები, ტექნიკა და არ დაეტოვებინათ მოწინააღმდეგისათვის. მითუმეტეს, რომ ეს მოწინააღმდეგე მოულოდნელად არ შემოჭრილა ჩვენს ტერიტორიაზე. ამდენად, გაუგებარია ჩემთვის ის, თუ როგორ დაუტოვეს ჩვენმა მაღალჩინოსანმა ოფიცრებმა საბრძოლო ტექნიკა რუსებს.
ამ დღეებში, ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით თქვენ გამოხვედით ინიციატივით, რომ დაიწყოს ხელისუფლების შეცდომების შესწავლა და სათანადოდ იქნას გაანალიზებული აგვისტოს მოვლენები...
- მუდმივად ვხედავთ როგორ გვატყუებენ თანამდებობის პირები, მაღალჩინოსნები, რომლებსაც გზა ხსნილი აქვთ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ. ისინი მუდმივად იტყუებიან და ფაქტობრივად, ყველა ფაქტი დაამახინჯეს. ასე ვთქვათ, წაგება მოგებად აქციეს და დანაკარგთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
ჩვენ გვინდა, რომ კარგად შევისწავლოთ ეს მოვლენები, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს. რაც აფხაზეთში მოხდა არათუ არ უნდა გავიაზრეთ, არც კი შევისწავლეთ. 15 წელი აფხაზეთზე მითებს ვუსმენდით და ამ მითოლოგიით ვიკვებებოდით. ახლაც ახალ მითებს უყრიან საფუძველს, სადაც მერაბიშვილი მუდმივად ბრძოლის ველზე იბრძოდა და ასე შემდეგ. ანუ, არასწორი აქცენტები კეთდება ყველაფერზე. ფაქტობრივად, რეკლამირდებიან ის ადამიანები, ვინც ეს ომი გამოიწვია და ამდენად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ ამ მოვლენების სწორი შეფასება და ანალიზი. ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ, ხალხი ისედაც ხედავს მთავარ დამნაშავეს, რომელსაც სააკაშვილის სისტემა ჰქვია.
”პრესა გე” ირაკლი ალადაშვილსაც ესაუბრა:
ირაკლი ალადაშვილი: რეალობამ გვიჩვენა, რომ ჩვენ მხარეს ბევრი პრობლემა ქონდა. მთავარი მაინც იყო ის, რომ ქყეყანა ამ პროვოკაციაში არ უნდა ჩათრეულიყო. ჩვენ ომი უნდა აგვეცილებინა თავიდან. მე ყოველთვის ვამბობდი: ჩვენ ან უნდა დავასწროთ რუსეთს და შევიდეთ ნატოში, ან რუსეთი დაგვასწრებს და ჩაგვითრევს ომში მეთქი. სამწუხაროდ, მეორე ვარიანტი გათამაშდა.
რამდენად იყო მზად ქართული მხარე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის გასაწევად და როგორ შეაფასებთ რუსეთის მხრიდან ავიაციის გამოყენების საკითხს?
- ომი ნიშნავს ომს და არ მესმის, რატომ იყო იმის ილუზია, რომ რუსეთი ავიაციას არ გამოიყენებდა? როდესაც რუსეთის ტერიტორიიდან ოპერატიული ტაქტიკური ტიპის რაკეტები გვესროლეს, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთი ავიაციას აუცილებლად გამოიყენებდა. რუსეთი ადრეც გვბომბავდა და ახლა რატომ არ გააკეთებდა ამას? 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, ერთ-ერთ დაბომბვაში მეც მოვყევი და მაშინ მივხვდი, რომ მართლა სერიოზული ომი დაიწყო.
რამდენად მომზადებული იყო ჩვენი ჯარი?
- ჯარის მზადება მუდმივად მიმდინარეობდა და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ აუგი არ გვეთქმის. საქმე საფრთხის სიმძიმეშია. როდესაც რუსეთის ჯარის კოლონები ერთმანეთის მიყოლებით შემოდიოდა, იქ ქართული ჯარი კი არა, მთლიანად კავკასია რომ გაერთიანებულიყო, შეიძლება მასაც გაჭირვებოდა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ამ ომის თავიდან აცილება, ისევ და ისევ პოლიტიკური გზებით.
რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა დარჩა ქართული შეიარაღებული ძალების არსენალში?
- საკმაო შეიარაღება დაგვრჩა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სერიოზული დანაკარგები ქართულ მხარეს, რუსეთთან შედარებით, მაიმცდამაინც არ განუცდია. მაგრამ ჩემთვის მთავარი, ამ შემთხვევაში, ის კი არ არის, რა რაოდენობის ტყვია წამალი დაგვრჩა არსენალში, არამედ მთავარი არის კადრები საკითხი, რომელიც ქვეყანაში ავტომატურად მუშაობს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით დაიწყოს ხელისუფლების შეცდომების შესწავლა
- ანალიზი აუცილებლად არის საჭირო. მე თუ მკითხავთ, არა მარტო 7 აგვისტოდან კონფლიქტის ბოლო დღემდე უნდა იქნას შესწავლილი ომის მთელი ქრონიკა, არამედ უნდა მოხდეს ამ პროცესის წინამდებარე მოვლენებიდან დაწყებული ბოლო დღემდე ყველაფრის კარგად გამოკვლევა და გაანალიზება. თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალში წარმატებას მივაღწიოთ, აქ არ არის მარტო არმიაზე საუბარი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა და რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა მიღწევები გვქონდა და ასე შემდეგ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ.
