სამყაროს ”შავი ორშაბათი” დაუდგა
ფონდელთა აზრით, სიტუაცია სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავდება. ”რიგ განვითარებად ქვეყნებში, ასევე ქვეყნებში, სადაც ბაზრის ფორმირება გრძელდება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას აქვს დიდი მნიშვენლობა ინფლაციური ზეწოლის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით სადაც ინფლაცია უკვე მაღალია სხვა მიზეზთა გამო”, - ნათქვამია ანგარიშში და წესით საქართველოს მსგავსი ქვეყნებისა და მსგავსი მთავრობების გასაგონადაა ხაზგასმული.
მაღალი ინფლაცია რიგ ქვეყნებში, ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის გადახურებას ან ეკონომიკური პოლიტიკისადმი დაბალ ნდობას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც უკვე საყოველთოდ ცნობილია, რომ ორიოდ წელიწადში მოშიმშილეთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდს მიაღწევს, ანუ ყოველ მეექვსე ადამიანს ლუკმაპური სანატრელი გაუხდება.
სავალუტო ფონდის ანგარიში ხეირიანად წაკითხულიც და გაანალიზებული არ იყო, რომ პირველივე საბირჟო ვაჭრობებმა თვალნათლივ აჩვენა მსოფლიოს კრიზისული სახე. აქციების კურსის ვარდნით დაიწყეს ვაჭრობა აშშ-ის, აზიისა და ევროპის ბაზრებმა.
კომპანია ”ბარკლაი შტოკბროკერსის” ანალიტიკოსის ჰენკ პოტსის თქმით, ვითარება სავალალოა. ”არსებობს აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, და ეს ცუდი ამბავი არაა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება კითხვები ფასებთან დაკავშირებით, რომლებითაც აქტივები იქნება გამოსყიდული. რეალობა ისაა, რომ დაგვჭირდება დრო, რათა გავიგოთ, იქნება თუ არა ამ გეგმიდან რამე სარგებელი”, - აღნიშნა პოტსმა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ ფინანსური კრიზისის გადარჩენისკენ მიმართული ღონისძიებები გულგატეხილობის ატმოსფეროზე დადებით გავლენას ვერ ახდენს.
რყევებია ევროპის და აზიის საფონდო ბირჟებზეც. ყოველივე ამან მოვაჭრეები ”შავ ორშაბათზე” აალაპარაკა. მათი თქმით, ინვესტორები შიშობენ, რომ კრიზისმა ნეგატიური გავლენის მოხდენა არა მხოლოდ ფინანსურ სექტორზე, არამედ მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე შეძლო.
ვარდნა-გადავარდნის ზენიტი, რა თქმა უნდა, რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთის საფონდო ბაზარმა ვარდნის საკუთარი რეკორდი მოხსნა ქვეყნის ორ მთავარ ”ემემვებესა” და ”ერტეესის” ბირჟებზე ვაჭრობა ორი საათით შეჩერდა ტექნიკური ინდექსების 5 პროცენტზე მეტით ვარდნის გამო. საერთოდ კი საფონდო ”ერტეესის” ინდექსი 15%-ით ით, ”ემემვებეს” მაჩვენებელი და კი თითქმის 17%-ით დაეცა.
ერთადერთი დადებითი (ისიც ამერიკისათვის), რაც ”შავ ორშაბათს” მოხდა, დოლარის კურსის შესაშური გამყარება გახლდათ. ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 13 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა: დღეს ევროს ღირებულება 2007 წლის სექტემბრის მონაცემს გაუტოლდა და 1,3606 დოლარი შეადგინა.
ევროს კურსის ასეთ მკვეთრ დაცემას ექსპერტები ევროპულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებას უკავშირებენ. გერმანიის მთავრობამა და კერძო ბანკების კონსორციუმმა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის - ”იპო რეალ ისთეთი ჰოლდგინგის” გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს.
ბანკის ლიკვიდურობის მხარდასაჭერად გამოყოფილ იქნება 50 მილიარდი ევრო. სწორედ ამან გააჩინა იმის შიში, რომ ევროპული ეკონომიკა იმაზე ძლიერად მოექცევა საერთაშორისო კრიზისის გავლენის ქვეშ, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდევი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4259