მშენებლები ჩიხში ექცევიან
- ”ამ ეტაპზე მხოლოდ სასტუმროს წინა ფასადია აშენებული. სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და არ ვიცით როდის გაგრძელდება, რადგან ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული სირთულეები შეიქმნა. იაფი კრედიტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ისედაც არ ყოფნიდა სასტუროს მშენებლობას, დანარჩნი სხვა საშუალებებით უნდა მოგვეძებნა, თუმცა ახლა პრობლემებს წავაწყდით სახელმწიფოს მხრიდანაც. ვითხოვ, რომ მოხდეს მთლიანი შენობის აშენება და არა მხოლოდ წინა ფასადისა”, - განაცხადა ხორგუანმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური პრობლემები აგვისტოს მოვლენები შემდეგ შეიქმნა.
კომპანია ”არტ+2007”-ის პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში დაფინანსდა. მას სესხის სახით 800 ათასი ლარი უნდა მიეღო. ქალაქ ქუთაისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, რომელიც 35-40 სტუმარს მოემსახურებოდა.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშენებლობის სექტორს სერიოზული პრობლემა ექმნება. უკვე ყოველდღიურდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშენებლო კომპანიების ირგვლივ სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება.
- ”ჩვენ მიბმულები ვართ საბანკო სექტორს და ვინაიდან ბანკში საკრედიტო პოლიტიკა შეიცვალა, ობიექტების 70% გაგვიჩერდა”, - აცხადებს კომპანია ”არსის” ხელმძღვანელი გია აბულაძე.
იგი შექმნილ ვითარებას მხოლოდ ზოგადად შეფასებას აძლევს და კონკრეტიკას თავს არიდებს:
- ”საშუალოდ თბილისში 40-50 ათასი მუშა ხელი, რომელიც, პირდაპირ არის დაკავშირებული სამშენებლო პროცესებთან, არქიტექტორი, მძღოლი, კალატოზი, მუშა, ამწე, არის გაჩერებული. საერთო ჯამში, ამ თანამშრომელთა ოჯახის წევრების ჩათვლით შემოსავლების გარეშე დარჩა, დაახლოებით, 180 ათასი ადამიანი”, - შეფიქრინებულია აბულაძე.
”არსისგან” განსხვავებით თავის მყარ პოზიციებს ხაზს უსმევს ”ცენტრ პოინტი”. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ 2% არიან საბანკო სექტორზე დამოკიდებულნი.
- ”ამიტომაც თუ ”არსის” პროფილი ომამდე იყო 300 ათასი კვადრატული მეტრი, ამჟამად მხოლოდ 60 ათასს კვადრატულ მეტრზე მუშაობენ. ”ცენტრ პოინტი” კი მილიონ კვადრატულ მეტრზე მუშაობას აგრძელებს”, - ირწმუნება რუხაძე.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ რამდენიმე ფირმა შესაძლოა, მართლაც გაკოტრდეს. არ არის გამორიცხული პატარა ფირმები, რომლებიც ადრე ბანკებიდან საზრდოობდნენ, სხვა უფრო დიდმა ფირმებმა ”შეჭამონ”.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, რადგან საომარი მოქმედებების გამო საინვესტიციო მიმზიდველობა დაეცა. ეს კი პირდაპირ აისახა ჯერ საბანკო სფეროზე, ხოლო შემდეგ უკვე სამშენებლო სექტორზე.
- ”უცხოური ინვესტიციები, რომელთა განხორციელებაც საქართველოში იგეგმებოდა, გადადიდო, ან საერთოდ ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვეყნის პოლიტიკური არამდგრადობაა. ინვესტორი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რისკები არსებობს, ინვესტიციას არ განახორციელებს. რომ არაფერი ვთქვათ უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო შექმნილ ფინანსურ ზარალზე, ბიზნესგარემოსა და ინვესტიციათა თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი”, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ციმინტიამ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4275