სერგეი ლავროვი: სოხუმსა და ცხინვალში სამშვიდობო მისიაზე უარს ვამბობთ
საუბარში, ასევე, იკვეთება, რომ გარკვეული დიპლომატიური ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება რუსები მართლაც დაბრუნდნენ 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაზე და სარკოზის გეგმა სრულად იქნას შესრულებული.
როგორ მიმდინარეობს რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან?
- როგორც კი ევროკავშირის დამკვირვებელთა პირველი კონტიგენტი ჩავიდა, გაყვანა ძალიან მალე დაიწყო და დამთავრდება 10 ოქტომბრისათვის, როგორც ამაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები სარკოზი და მედვევდევი. ჩვენ, ასევე, მივანიშნებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ამასწინდელი პროვოკაციები ორივე რესპუბლიკაში ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ სერიოზულად გავაფრთხილეთ ისინი, რომ ეს ტერიტორიები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, თავისუფალი იყოს ყოველგვარი ოფიციალური თუ არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებისაგან, გარდა - საქართველოს პოლიციისა.
ჩვენ ვიცით, რომ დამკვირვებლები მცირე დროით შეაჩერა ”სამხრეთი ოსეთის სახალხო ლაშქარმა”, თქვენი მხრიდან შეგიძლიათ მათი მოქმედებების კონტროლი?
- ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებს მთლიანად გააკონტროლებს საერთაშორისო დამკვირვებლები. როდესაც ამ სქემაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ევროკავშირს მხოლოდ დამკვირვებლები კი არა, არამედ იქ საერთაშორისო პოლიციაც განეთავსებინა, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ამ ბუფერულ ზონაში, მას ასე ეძახიან, მონიტორინგი ძალიან დიდი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელდეს და წესრიგი და კანონი ამ რაიონებში განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყოს. ევროკავშირი მაშინ მზად არ იყო პოლიცია განეთავსებინა, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ დამკვირვებლების რაოდენობით, რომლებიც იქ ჩავიდნენ.
თქვენი ნათქვამი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი ადექვატურად ვერ შეასრულებენ დავალებას და თქვენ იტოვებთ უფლებას, ამ ზონებში უკან დაბრუნდეთ?
- არა, არა. მათ, საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს, მოგვცეს გარანტია ”სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში ძალის არგამოყენების შესახებ. ეს საკითხი ევროკავშირის კომპეტენციას მიეკუთვნება, შეგვიძლია ვთქვათ – ეს, ევროკავშირის სიმაყის საგანია.
და თქვენ მათი გჯერათ?
- ჩვენ მათი გვჯერა, დიახ, დიახ!
თქვენ ბუფერული ზონებიდან გადიხართ, მაგრამ არ გადიხართ, ყოველ შემთხვევაში, მთლიანად არ აპირებთ გასვლას აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთიდან”. თითოეულ რესპუბლიკაში 3 800 ჯარისკაცი გყავთ. ეს ხომ არაა შეთანხმების დარღვევა ჯარების გაყვანის შესახებ იმ პოზიციაზე, რომელიც მათ 7 აგვისტომდე ეკავათ?
- ის კონტიგენტები, რომელიც თქვენ ახსენეთ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანილი იქნენ ამ ორი კვლავ აღიარებული რესპუბლიკის, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ასე ფიქრობს – პირდაპირი მოთხოვნის პასუხად - კანონიერად და დემოკრატიულად არჩეული მთავრობების და პარლამენტების თხოვნის პასუხად. ეს სულ სხვაგვარი ყოფნაა. ეს ისეთი ყოფნაა, რომელიც შეიძლება, მუდმივად გაგრძელდეს; იგი დაფუძნებულია შეთანხმებაზე რუსეთის პრეზიდენტისა და ”სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის პრეზიდენტების შორის და ხელმოწერილია მათ მიერ. ამ შეთანხმებას საერთო არაფერი აქვს მშვიდობისმყოფელობასთან. ეს არის ამ ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის საკითხი, რომლებმაც საქართველოს მხრიდან არაერთგზის განიცადეს თავდასხმა ამ 16 წლის განმავლობაში.
ეს არ ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის პრინციპებს? მასში ნათქვამია, ამ ორი ტერიტორიის მომავალი უსაფრთხოებასა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების გამართვის თაობაზე.
- არა, აბსოლუტურად, არა. ამას შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო დისკუსიებში, რადგან მას აძლევს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან შინაარსს. კერძოდ, რუსულ გარანტიას, რომ ნებისმიერი განმეორებითი თავდასხმა ამ რესპუბლიკებზე, მიუხედავად ევროსაბჭოს გარანტიებისა, ამის გამორიცხვა ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მათ წინააღმდეგ ძალა არ იქნება გამოყენებული – ჩვენ გექნება ამ რესპუბლიკების შიგნით დამატებითი გარანტია, რომ ნებისმიერი თავდასხმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე მოგერიებული იქნება.
