კეზერაშვილსა და მერაბიშვილს 600 მილიონს ჩამოათლიან
რაღა ესაქმება ბენდუქიძეს ბიუჯეტთან, ძნელი სათქმელია. არავის ახსოვს, კანცელარისს ექსუფროსი პეტრე მამრაძე საბიუჯეტო განხილვებს დასწრებოდეს და თავისი სეფესიტყვა ეთქვას.
როგორც ლადო გურგენიძემ აღნიშნა, საბიუჯეტო პრიორიტეტები უცვლელი რჩება, რადგან უმთავრესი ამოცანა ქვეყანაში ეკონომიკიური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკის წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.
პრემიერის პროგნოზით, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით, 2009 წელს ვერ მოხდება ეკონომიკის ისეთი ზრდა, რომელიც მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანია დონორებთან ურთიერთობა და ხელისუფლება ყველა ნაბიჯს გადადგამს ამ მიმართულებით.
რაც ყველაზე მთავარია, მომავალი წლიდან ძალოვანი უწყებების დაფინანსება მცირდება. თავდაცვის სამინისტროსთან შედარებით, მერაბიშვილის უწყებას უფრო მცირედი ჩამოაჭრეს:
2009 წელს შსს დაფინანსება ნახევარი მილიარდი ლარი იქნება, მაშინ, როცა წლეულს მერაბიშვილის უწყება 640 მილიონი ლარით იყო განებივრებული.
თუმცა მერაბიშვილს რა აქვს საწუწუნო, როცა მის კოლეგა კეზერაშვილის ლამის შსს-ს ბიუჯეტისხელა თანხა ჩამოათალეს. მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება ოდენ 950 მლნ ლარი იქნება მაშინ, როცა წლეულს თავდაცვის უწყება უწყებამ 1 მლრდ 395 მილიონი ლარი მიიღო და მიითვისა.
ასე რომ, ჯამში თავდაცვასა და შსს-ს ლამის 600 მილიონი აკლდებათ. რამდენად მტკივნეულად გადაიტანენ ამ “დანაკლისს” სულ მალე გამოჩნდება.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება. მანამდე კი ზოგად კომენტარს არ იშურებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. მისი აზრით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირებაში საგანგაშო არაფერია და ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად არ აისახება.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2009 წლის ბოუჯეტის დაგეგმვისას მთავრობის მხრიდან ერთიანი პრიორიტეტების შემუშავება და მათი დაბალანსებულად წარდგენა მოხდა.
- “თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხხები ხმარდება ქვეყნის ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს, მაგრამ ეს არ კეთდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემცირების ხარჯზე. ეს არის ის ოპტიმალური ბალანსი, რომელიც მოიძებნა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის”, - აღნიშნა მან.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სამხედრო ბიუჯეტის “განულების” ინიციატივით გამოდის.
- “ძალიან მალე სამხედრო ბიუჯეტის განულების საკითხს დავაყენებ, რადგან ბავშვების ხელში იარაღი სახიფათო ინსტრუმენტია. საერთოდ თუ არ გვექნება შეიარაღება, უფრო წარმატებულები ვიქნებით, რადგან გამოჩნდა, რომ საქართველოს ძალა არა შეიარაღებაში, არამედ მის სისუსტეშია. ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ნულის ტოლი უნდა იყოს, აგვისტოს მოვლენებმაც თვალნათლივ აჩვენა”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4290