სეპარატისტები ჟენევაში - ახდენილი ოცნება, თუ დიალოგის განახლების მცდელობა
ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა, რომელიც ბოლო დროს არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, კარალეთსა და ტყვიავში დამკვირვებლის სტატუსით ყოფნის დროს, ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა: ”ეს ძალიან ცუდი ისტორიებია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მთელი ევროპა თქვენს გვერდით არის”.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, არც გავისენებდით, რომ არა მისი ახალი განაცხადება იმის თაობაზე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ ჟენევის მოლაპარაკებებში. ეს მოსაზრება კუშნერმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა კუშნერს არ დაუკონკრეტებია, რა სტასტუსით მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სეპარატისტული რეგიონები მონაწილეობას. ამ და სხვა საკითხებზე ”პრესა გე” პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს გაესაუბრა.
რას უნდა მიანიშნებდეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციის ცვლილება ჟენევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მონაწილეობის შესახებ და როგორ შეიძლება დამთავრდეს მოლაპარაკება?
- საფრანგეთის მხარეს ცალსახა პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. მე ვფიქრობ ამაში არ არის პრობლემა. 7 აგვისტომდე ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაგვეჭრა. თუმცა, სამწუხაროდ, სააკაშვილისთვის არც აფხაზეთი და არც ოსეთი მხარეები არ იყვნენ, მას მიაჩნდა ,რომ მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც, გააუქმა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები და რუსულ-ქართულ კონფლიქტებად აქცია. სინამდვილეში კი რუსეთ ამერიკის კონფლიქტად, სადაც შუამავალი არის ევროკავშირი. ამ ეტაპზე ძალიან ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს მოლაპარაკება.
წინასწარ თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სტატუსით იქნებიან წარმოდგენილი აფხაზეთი და ოსეთი?
- მთელი 15 წლის მანზილზე ოსებიც და აფხაზებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც კონფლიქტის მხარეები. ხოლო როგორ იქნებიან წარმოდგენილი ჟენევაში ძნელი სათქმელია. თუმცა, არა მგონია, რომ რომელიმე მათგანი წარმოდგენილი იყოს, როგორც დამოუკიდებელი მხარე, რადგან რუსეთისა და ნიკარაგუას გარდა მათი დამოუკიდებლობა არავის უღიარებია. მე მაინც მგონია, რომ ისინი წარმოდგენილი იქნებიან,როგორც ექსპერტები, ან როგორც კონფლიქტის მხარეები.
რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, როგორია თქვენი პროგნოზი?
- ყველაზე დიდი საშინელება რაც კი შეიძლება მომხდარიყო, 7აგვისტოს სამწუხაროდ უკვე მოხდა. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ამას უახლოეს თვეში გავარკვევთ. ანუ, დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იქნება: კონფლიქტების დასახელება, მხარეების სტატუსი, რუსეთის როლი, რუსეთის ადგილი, ევროკავშირის როლი, სამშვიდობოების ფუნქცია და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ვითარებაში ქართული მხარე ვერ ფლობს სიტუაციას. სამაგიეროდ ამ სიტუაციას ძალიან კარგად ფლობს რუსეთი და ევროკავშირი იძულებულია ანგარიში გაუწიოს რუსეთის მხარეს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
