”დაბრუნების იმედის გარეშე ცხოვრება აზრს დაკარგავდა”
ომის შემდეგ, ხეობაში გადასვლა თუ გიცდიათ?
- იქ შესვლა ახლა ძალიან სახიფათოა. ჩემი თანასოფლელი შევიდა სამი დღის წინ. მდინარეს გაჰყვა და ჩუმად გადაიპარა. ძალიან გარისკა, მაგრამ გაუმართლა და რუსებმა ვერ დაინახეს. ლიახვის ხეობის ოკუპირებულ ცხრა ქართულ სოფელში რუსეთის უშიშროების ხალხი დგება ხოლმე და იქ არავის არ უშვებენ. ახლა იქ შესვლას აზრი არცა აქვს. ერთი სახლიც კი არ არის გადარჩენილი.
ოჯახების სამშვიდობოს გამოყვანა ხეობაში ყველამ მოასწარით?
- თითქმის ყველამ... მამაკაცები გამოსვლას არც ვაპირებდით, მაგრამ ქართველმა ჯარისკაცებმა დაგვარწმუნეს, რომ თუ დავრჩებოდით, სიკვდილი არ აგვცდებოდა. როგორც ნახეთ, მართალიც უთქვამთ. სეპარატისტებმა და რუსებმა ქართულ სოფლებში დარჩენილი მოხუცებიც კი დახოცეს და ახალგაზრდებს ალბათ ცოცხლად დაგვწვავდნენ. კოკოითი ჩვენს სოფლებზე განსაკუთრებულად იყო დაბოღმილი. წლების მანძილზე ყველაფერს შვრებოდნენ, რომ სახლები დაგვეტოვებინა და იძულებული გავმხდარიყავით, სხვაგან წავსულიყავით, მაგრამ არავის ფეხი არ მოგვიცვლია. ეს ომი და გარდაუვალი სიკვდილის საფრთხე რომ არა, დარწმუნებული ვარ, ახლაც ჩვენს სახლებში ვიქნებოდით და რუსებს იქ არ გავაპარპაშებდით...
როგორც ამბობენ, რუსებმა ხეობის სოფლებში ქართველების სახლების დანგრევა დაიწყეს და აქ აეროპორტი უნდა ააშენონ. მართალია ეს ამბავი?
- თავიდან მართლა დაიწყეს ყველა სახლის ნგრევა და მიწასთან გასწორება. მერე კი, რატომღაც გაჩერდნენ. როგორც გავიგე, მოსკოვიდან მოუვიდათ ბრძანება, რომ გაჩერებულიყვნენ. არ ვიცი პუტინმა და მედვედევმა რა ჩაიფიქრეს და სახლების ნგრევა რატომ შეაჩერეს, მაგრამ კარგი რამე რომ არ ექნებათ გუნებაში, დარწმუნებული ვარ.
აქაურებმა მითხრეს, რომ ომის დროს ქართველებთან ერთად, ოსებიც აქეთკენ, ანუ სქართველოს მიერ კონტროლირებად ზონაში გამოიქცნენ. ეს რატომ მოხდა? ოსებს ვლადიკავკაზში გადასვლა ხომ უპრობლემოდ შეეძლოთ?
- საქმე იმაშია, რომ კოკიოთის ხალხი იმ ოსებს, რომლებიც ქართველებთან კარგად იყვნენ და ვინც ოსურ ”ომონში” გაწევრიანებაზე უარი უთხრა, ყველას მოღალატედ თვლიან. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, კოკოითის სპეცრაზმელები ოსის ბიჭს იმის გამო, რომ სეპარატისტების ჯარის ნაცვლად, ქართულ ჯარში წავიდა, როგორ სასტიკად სცემდნენ. ბუნებრივია, რომ ეს ოსები აქეთ მხარეს წამოვიდნენ. მაგათმა ყველაზე კარგად იციან კოკოითი და მისი ხალხი ვინც არიან.
ამ კითხვას ალბათ არ უნდა გისვამდე, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, იმედი გაქვს, რომ ლიახვის ხეობის მოსახლეობას საკუთარ სახლებში დააბრუნებენ?
- მაგის იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ ცხოვრებას რაღა აზრი ექნება? ხეობელებს ოდნავაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენს სოფლებში დავბრუნდებით. მერე რა რომ დანგრეული და მომსპარია იქაურობა? ისე როგორ დავრჩებოთ, რომ ამდენმა ხალხმა ერთმანეთს ხელი არ შევაშველოთ და უსახლკაროდ დავრჩეთ... ჩვენმა მთავრობამ თითიც რომ არ გაანძრიოს ხეობისდან რუსების გასაყრელად, ჩვენს მიწას ადგილობრივები დავიცავთ. რუსებს და სეპარატისტებს თუ ჰგონიათ, რომ ჩვენს სოფლებში ცხოვრებას შეძლებენ, ძალიან შემცდარან...
